2019-03-21

ალბათ ძალიან ცოტაა ისეთი მშობელი, რომელსაც ბავშვის საავადმყოფოში გადაყვანა ერთხელაც არ დასჭირვებია.

ყველას გვსმენია უამრავი უსაფუძვლო თუ საფუძვლიანი კრიტიკა/შენიშვნა, გაბრაზებული და დაზარალებული პაციენტების ამბავი.

გამონაკლისი არც მე აღმოვჩნდი.

8 მარტს, 3 დღიანი გულისრევის და სხვა სიმპტომების შემდეგ, ბავშვი რუსთავის ინფექციურში წავიყვანე.

მინდა აღვნიშნო, რომ საკმაოდ კარგი პროფესიონალთა გუნდი მუშაობს, მაგრამ სანიტარულ ნორმებით,  რუსთავის ბავშვთა ინფექციური ნამდვილად ვერ დაიკვეხნის.

დავიწყოთ იქიდან, რომ 9 პალატიდან მხოლოდ ორს ჰქონდა ხელსაბანი, არანაირი საპირფარეშო, იატაკი ძველია და სისუფთავეს, ისე როგორც საჭიროა, სანიტრები ვერ იცავენ.

ხელთათმანი მხოლოდ ერთ ექთანს ეკეთა და სანიტრებს, რომლებიც იატაკის ტილოს რეცხავენ. არც ანალიზის აღების დროს, არცერთი მანიპულაციისას ხელთათმანები არ ეკეთათ, მიუხედავად იმისა, რომ საპროცედურო ოთახში, ყუთში საკმაო რაოდენობით იდო. გავაპროტესტე, მაგრამ არავინ ყურადღება არ მომაქცია.

საპირფარეშოში არ იყო არანაირი ქაღალდი, არც საპონი.

შაბათ-კვირა დაემთხვა და სანიტარს ვკითხე სულ ასეა-თქო? მიპასუხა რომ დასვენების დღეები დაემთხვა და ორშაბათს მოიუტანდნენ, თუმცა ორშაბათს შუადღემდე იქ ვიყავი და იგივე მდგომარეობა იყო.

რაც შეეხება მნახველებს: არ იყო განსაზღვრული ნახვის საათები, ვისაც უნდოდა, როგორც უნდოდა ამოდიოდა, ბავშვებითაც კი და რჩებოდნენ განუსაზღვრელი დროით.

მოგვცეს ბავშვების ეზოში ჩაყვანის და სეირნობის უფლება. ეს ერთს მხრივ კარგია, ბავშვი არ ისტრესება, მაგრამ არ მესმის, რატომ არ არის განყოფილება იზოლირებული.

სულ გადავიხადე 73 ლარი 3დღე გაგვაჩერეს და ამ ფასში მხოლოდ გადასხმა და ანტიბიოტიკი შედის. არ ვიცი სხვა ინფექციურ განყოფილებებში როგორ ხდება და ფინანსდება თუ არა დამხმარე კუჭ-ნაწლავის მოსაწესრიგებელი წამლები, ამიტომ ვერაფერს ვერ ვიტყვი.

ის ცალკე თემაა, რომ განყოფილების შესაბამისი დიაგნოზით 3 ან 4 ბავშვი იყო, დანარჩენებს ფილტვების ანთება, ბრონხიტი და მსგავსი დიაგნოზი ქონდათ, თუმცა პაციენტების გადანაწილება კარგად ხდებოდა, ერთნაირი დიაგნოზის მქონე ბავშვები, ერთად ყავდათ. როგორც ამიხსნეს, შესაბამის განყოფილებაში ადგილის არქონის გამო მოხდა ასე.

თბილისისგან განსხვავებით, რუსთავის საავადმყოფოებში  ამ მხრივ ძალიან დაბალი დონეა.

იმედია ბევრ მშობელს მივაწვდენ ხმას, დარწმუნებული ვარ, რომ  ზემოთ აღნიშნულზე მხოლოდ მე არ მაქვს პრობლემა.

 

მარიამ სოხაძე

 

ჯანდაცვა