„სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ ადმინისტრაცია ეხმაურება სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებასა და ფოტო მასალას, სადაც პაციენტის კიდურების დაზიანებებია აღბეჭდილი.
მიუხედავად იმისა, რომ პაციენტის ძირითადი დაავადების მართვისას გართულებებს ადგილი არ ქონია, ჩვენი მხრივ, სრულად ვიზიარებთ აღნიშნული პაციენტის ოჯახის წევრებისა და საზოგადოების აღშფოთებას და ვაცხადებთ, რომ აღნიშნულ ფაქტზე პასუხისმგებელი ყველა პირის (მათ შორის, შესაბამისი განყოფილების ყველა ექიმისა და ექთნის, რომელთაც პაციენტზე ზრუნვა და ზედამხედველობა ევალებოდა) მიმართ ტარდება ძალიან მკაცრი დისციპლინური ზომები.
აღსანიშნავია, რომ პაციენტის რიგი ფსიქო-მოტორული მდგომარეობისას, თვითდაზიანებების რისკის შესამცირებლად საერთაშორისო პრაქტიკით მიღებულია კიდურების იმობილიზაცია (კიდურების დაფიქსირება), თუმცა, ამ პროცესში საჭირო იყო მედპერსონალის მხრიდან მეტი სიფრთხილისა და პასუხისმგებლობის გამოჩენა. ასევე, აღვნიშნავთ, რომ ქრონიკული კარდიოლოგიური პაციენტების მართვისას გამოიყენება რიგი მედიკამენტები, რომელთა ინფუზიისას ხდება სისხლძარღვოვანი ანთებები, რაც ვიზუალურად მძიმე შესახედია.
„სამედიცინო კორპორაცია ევექსისთვის“ უმნიშვნელოვანესია პაციენტის უსაფრთხოება და კმაყოფილება. წუხილს გამოვთქვამთ აღნიშნული ფაქტის გამო და მზად ვართ, სრული პასუხისმგებლობა ავიღოთ პაციენტის ყველა სამედიცინო საჭიროების დაკმაყოფილებაზე.
რაც შეეხება სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტს, მას მოქალაქე ნატა წერეთელი ავრცელებს.
"ჩემი მამამთილი სამი დღეა გვყავდა ევექსში, საიდანაც დღეს ხელების დაზიანებით და სისხლის ჩაქცევებით წამოვიყვანეთ. ეს არის არაპროფესიონალიზმის და გულგრილობის სამწუხარო რეალობა. ვინ იცის რამდენი პაციენტია იქ ასეთ დღეში. დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო თქვენ რას აკეთებთ მდგომარეობის გამოსასწორებლად? კლინიკაში არ უვლიან პაციენტებს, არც ახლობელს უშვებენ რომ მოუარონ, დღეს ძლივს მოვახერხეთ შესვლა და ასეთ მდგომარეობაში დაგვხვდა. ან სად იყო ექიმი, ან ექთანი? რატომ არავინ მიაქცია ყურადღება, დააბეს ცხოველივით და მიატოვეს. ადგილზევე გაირკვა რომ არც პირველი ვართ და არც უკანასკნელი. ხმა უნდა ამოიღოს ყველამ! ჯანდაცვის სფერო რომ ყველაზე ჩავარდნილი დარგია ეს დღეს კიდევ ერთხელ საკუთარ მშობელზე ვიწვნიეთ!", - წერს წერეთელი.