2022-05-03

USAID/საქართველოს მისიის დირექტორმა, პიტერ ვიბლერმა მონაწილეობა მიიღო საგრანტო ხელშეკრულების ხელმოწერის ღონისძიებაში, რომელიც გაფორმდა USAID-ის პროგრამის - “დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის” და “ევექსის ჰოსპიტლების” თანამშრომლობის ფარგლებში.

კერძოდ, „ევექსი ჰოსპიტლები“ საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში არსებულ გამოწვევებზე იმუშავებს. საგრანტო აქტივობის მიზანი უნარების განვითარების სისტემაში ჩართულობის ახალი მოდელის დანერგვაა, რაც გააძლიერებს დასაქმების შესაძლებლობებს ევექსის ქსელში შემავალ ჰოსპიტლებში.

საექთნო საქმის მართვის საუკეთესო პრაქტიკის თანახმად, „ევექსი ჰოსპიტლები“ შეიმუშავებს სასწავლო პროგრამასა და სერტიფიცირების პროცედურას საექთნო საქმის მენეჯერებისათვის, რაც, საბოლოო ჯამში, ჯანდაცვის მომსახურების ხარისხის გაზრდას ემსახურება.

საგრანტო ხელშეკრულებას  ხელი მოაწერეს  USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ დირექტორმა, როსა კიაპემ  და „ევექსი ჰოსპიტლების“  დირექტორმა, გიორგი მინდიაშვილმა.

 

ჯანდაცვა