2021-09-07

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, დღეისთვის კორონავირუსით ინფიცირებული ორსულების რიცხვი გაზრდილია, ხოლო მათი ვაქცინაციის ტემპი მაღალი არ არის. ამის შესახებ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვების საპასუხოდ განაცხადა.

მინისტრის მოადგილემ ორსულებს ვაქცინაციისკენ მოუწოდა.

„ორსულებში „დელტა“ შტამის გავრცელება განსაკუთრებით სწრაფი იყო. გასულ 2020 წელს ორსულებში ინფიცირების 1 300 შემთხვევა გვქონდა და აქედან გარდაცვალების შემთხვევა მხოლოდ ერთი იყო. წელს ინფიცირებული ორსულების რაოდენობამ 5 000-ს მიაღწია. ერთდროულად 40-დან 50-მდე ორსულია ინფიცირებული. მდგომაროება სხვადასხვა სიმძიმისაა, მაგრამ გარდაცვალების მაჩვენებელი 0.3% იყო, რაც საერთო სიკვდილიანობასთან შედარებით დაბალია, მაგრამ მოგეხსენებათ, რამდენად მძიმეა ორსულის და ბავშვის გარდაცვალება, რისი შემთხვევებიც გვქონდა.

ორსულების ვაქცინაცია მიმდინარეობს, აქტივობა არის. ვერ ვიტყვი, რომ მაღალია ორსულებში ვაქცინაციით მოცვა. ვმუშაობთ ანტინატალური სერვისის მიმწოდებლებთან იმისთვის, რომ მათ ორსულებს ვაქცინაციის შესახებ სწორი განმარტება მისცენ. ჯერჯერობით, ვაქცინაცია მხოლოდ „ფაიზერით“ არის დასაშვები, თუმცა იყო შემთხვევები, როდესაც ქალბატონები „სინოფარმით“ ან „სინოვაკით“ აიცრნენ, შემდეგ დადგა ორსულობა და უკვე მეორე დოზაზე ვაქცინის შეცვლის მოთხოვნით მოგვმართეს და ექსპერტების ჯგუფის დასკვნით მათ მიეცათ საშუალება, რომ „ფაიზერის“ ვაქცინით აცრილიყვნენ. ორსულების მხრიდან მეტი აქტივობა სასურველია“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ჯანდაცვა