2021-03-31

ლაბორატორიული ანალიზების ხარისხის კონტროლის სისტემის ფარგლებში, ივ. ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალმა გერმანიის ბიოანალიტიკის რეფერენს-ინსტიტუტისგან (The Reference Institute for Bioanalytics) ხარისხის გარე კონტროლის უმაღლესი შეფასება მიიღო. კვლევის შედეგების შეფასების საფუძველზე ლაბორატორიას შესაბამისი სერტიფიკატები მიენიჭა, რაც ბოკერიას ჰოსპიტალში ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების სანდოობას უსვამს ხაზს.

კლინიკური, ბიოქიმიური, ჰემატოლოგიური, იმუნოსეროლოგიური და კოაგულაციური ტესტირებისთვის საკვლევი ნიმუშები გერმანიიდან ივ. ბოკერიას სახელობის ჰოსპიტლის ლაბორატორიაში ანალიზისათვის 3 თვის განმავლობაში რეგულარულად იგზავნებოდა.

კონტროლის გარე ხარისხის სისტემის საშუალებით შემოწმდა როგორც ლაბორატორიული სამედიცინო აპარატურა, ასევე - გამოყენებული რეაქტივების ხარისხი და სამედიცინო პერსონალის მომზადების დონე. 50 დასახელების ლაბორატორიულ პარამეტრებზე ჩატარებული კვლევების შედეგების ჯამური მაჩვენებელი გერმანიის ბიორეფერენს-ინსტიტუტის მიერ 100%-ად შეფასდა, რაც უმაღლეს ქულას წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ ივ. ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალში ხარისხის გარე კონტროლი რეგულარულად ხორციელდება. ლაბორატორიის სანდოობა სამედიცინო ცენტრისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.

ჯანდაცვა