2020-02-18

"სკოლაში თუ არ ვხატავდი, გაკვეთილს ვერ ვუსმენდი, მასწავლებლები მიჩვეულები იყვნენ რომ ეს ნორმა იყო", - ციცი ხუციშვილი დღეს 36 წლისაა და ორ შვილს ზრდის. 

ციცი იმ ნიჭიერი ადამიანის რიგებშია, ვისაც "მშობელი" მუდმივად ეძებს. როგორც თავად გვიყვება, ხატვა მისთვის ცხოვრების მამოძრავებელი ძალაა.

"ან გონებით უნდა დავიხარჯო, ან ხელებით" - გვიყვება ის, თუმცა ამ ეტაპზე მას არ აქვს იმის რესურსი, ხატვისთვის აუცილებელი ინვენტარი შეიძინოს.  

"მთელი ცხოვრებაა ვხატავ. სკოლაში თუ არ ვხატავდი ვერ ვუსმენდი გაკვეთილს და მასწავლებლები მიჩვეულები იყვნენ რომ ეს ნორმა იყო, რა წამსაც არ უნდა ეკითხათ, ვუპასუხებდი ნებისმიერ კითხვაზე, ოღონდ მეხატა. ანუ სულის სიღრმეში მხატვარი ვარ, რომელმაც ხატვა არ იცის, უბრალოდ ენერგიის დასახარჯად მჭირდება. დაახლოებით, ხუთი წლის ვიყავი, სიცხე მქონდა და ღამე დედა მოვიკითხე. სამზარეულოში რომ გავედი ჩემს ნახატებს აწებებდა დიდ დაფაზე, ეს იყო ჩემი პირველი გამოფენა. მას მერე დედაჩემს ჩემი ხატვის მასწავლებელი სკოლაში სულ ეხვეწებოდა მიიყვანეთ ხატვაზეო, მაგრამ ხელმოკლე ოჯახიდან ვარ და ვერ მიმიყვანეს. რატომღაც ჩათვალეს რომ მუსიკალური ნიჭი უფრო მნიშვნელოვანი იყო და ფორტეპიანოზე ვაკაკუნე 7წელი, სხვათაშორის ესეც ძალიან მიყვარს".   

ციცი ხატავს ყველაფერზე და ერთ-ერთი განსხვავებული სტილი, რაც აღმოჩინა, სამართლებლით ფირზე ხატვაა. 

"ეს მიმდინარეობა, რომელიც არც ვიცი რა არის საერთოდ, სრულიად შემთხვევით აღმივაჩინე... სტუდენტობაში, ჩემმა ჯგუფელმა მითხრა რომ თურმე გაფუჭებულ ფოტოფირზე სველ ნემსს თუ გაუსვამ, იხატებაო და ცადე აბა იქნებ გამოგივიდესო. მომდევნო დღეს მომიტანა ნემსი და ფოტოფირი, ვცადე, მომეწონა პროცესი, მერე მითხრა ამას მშრალზე სამართებლითაც შეძლებო და სახლში ეგეც ვცადე. იმ ღამეს ლამპის შუქზე 5 ნახატი დავხატე. იმდენად გამიტაცა ამ საქმიანობამ, გიჟივით დავიწყე ახალ-ახალი ნამუშევრების შექმნა, რომელსაც ჯგუფელებს ვაცნობდი. მერე ლექტორებმაც ნახეს და სტუდენტების ნამუშევრებთან ერთად ჩემი 40-მდე ნახატიც გამოფინეს... ბევრი გავაჩუქე იმ დღეს, ბევრიც დაიკარგა, არ მიდარდია, პირიქით, მიხაროდა, რომ მოსწონდათ. თენგიზ ნათაძე მიკითხავდა ლექციებს. ერთ დღეს საკმაოდ მძიმე ორი დიდი პარკი მომიტანა, სავსე იყო ამ გაფუჭებული ფირებით. ყველა არ გამოდგებოდა სახატავად, მაგრამ კარგად ვისიამოვნე. რატომღაც რამოდენიმე ნახატი შემომრჩა და ახლა ვეხვეწები ჩემს მეგობრებს, თუ ვინმეს გაქვთ ფოტო მაინც გადმომიგზავნეთ, ონლაინ არქივს მაინც გავაკეთებ-თქო".

ის ისეთ ადამიანს ეძებს, ვინც ანალოგიური სტილით ხატავს და გამოცდილებას გაუზიარებს.

"ერთი ნაკლი აქვთ ჩემს ნახატებს(ყველას არა), დროთა განმავლობაში ადგილ-ადგილ ფერს იცვლის, ახლა ვეძებ ისეთ ვინმეს, ვინც იცის ამ მიმდინარეობაზე და მასწავლის როგორ შევინახო ისე რო არ გაფუჭდეს". 

დღეს ორი შვილის დედაა და ვერ აკეთებს იმას, რაც მისი არსებობისთვის ასე მნიშნელოვანია. 

"ოცნებად მაქვს ფერებში ხატვა, მაგრამ იმისთვის რომ ვცადო, ფულია საჭირო, რაც მე ამ ეტაპზე არ მაქვს. ოჯახის შექმნის შემდეგ, ხატვისთვის დიდი დრო არ გამიმეტებია, თუმცა აღმოვაჩნე, რომ მე ან გონებრივად უნდა დავიხარჯო, ან ხელებით, ამიტომ სანამ სხვა რესურსი არ მაქვს, გადავწყვიტე ბნელ კადრებს და სამართებელს დავუბრუნდე".

 

 

საზოგადოება