2019-04-10

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უახლოეს მომავალში, თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში, ბინას 800 დევნილ ოჯახს გადასცემს.

თბილისში ბინის მიღების მოთხოვნით განაცხადი 11 000-მდე იძულებით გადაადგილებულმა ოჯახმა შეავსო. საცხოვრებელი ფართის მიღების მსურველი დევნილი ოჯახებისთვის მინიჭებული წინასწარი ქულების სია მიმდინარე წლის 10 აპრილს უნდა გამოქვეყნებულიყო, თუმცა, განაცხადების რაოდენობის გამო ეს პროცესი შეფერხდა.

წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე თითოეული ოჯახისთვის ქულის მინიჭების პროცედურა გარკვეულ დროს საჭიროებს. ეს პროცესი მაქსიმალურად მოკლე ვადაში დასრულდება და წინასწარი ქულების, სია სამინისტროს ვებ-გვერდზე, მიმდინარე წლის 15 აპრილს გამოქვეყნდება.

სიის გამოქვეყნებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში დევნილ ოჯახებს შესაძლებლობა ექნებათ, დამატებითი დოკუმენტაცია წარმოადგინონ, რამაც შესაძლოა გავლენა იქონიოს მათთვის მინიჭებულ წინასწარ ქულებზე. შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, დევნილი ოჯახებისთვის მინიჭებული წინასწარი ქულების კორექტირება მოხდება.

ბინების რაოდენობისა და კორექტირებული ქულების გათვალისწინებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია განსაზღვრავს განაცხადების იმ რაოდენობას, რომლებსაც მონიტორინგის განყოფილება გადაამოწმებს.

მონიტორინგის განყოფილება მინიჭებულ ქულებს გადაამოწმებს და ამასთან, დევნილი ოჯახების საცხოვრებელ პირობებსა და საჭიროებებს ადგილზე შეისწავლის. გადამოწმებული განაცხადები, გადაწყვეტილების მისაღებად, დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას წარედგინება.

კომისია განიხილავს იმ დევნილი ოჯახების კრიტერიუმების გარეშე საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხს, რომლებიც შესაბამისი საექსპერტო დასკვნის მიხედვით, ნგრევად და სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ, ყოფილ კომპაქტურად განსახლების ობიექტებში ცხოვრობენ. ასევე, იმ დევნილი ოჯახების, რომელთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის საფუძველი ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს ან სასამართლოს გადაწყვეტილებაა.

ბინების განაწილების პროცესი გამჭვირვალეა და მასში ჩართულები არიან სახალხო დამცველის აპარატის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა წარმომადგენლები.

საზოგადოება