2019-03-19

2019-2020 წლების სამოქმედო გეგმაში დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, 328 მილიონია გამოყოფილი. 

ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა და აღნიშნა, რომ 2012 წლიდან ამ მიმართულებით, ბიუჯეტის ზრდა, ყოველწლიურად მიმდინარეობს -  2012 წელს ეს იყო 28 მილიონი ლარი, 2018 წელს კი, თანხამ 135 მილიონი ლარი შეადგინა. 

დავით სერგეენკოს თქმით, ბიუჯეტის მკვეთრი ზრდის ტენდენციის მიუხედავად, ამ ეტაპზე ყველა დევნილი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფას 1.9 მილიარდ ლარამდე ესაჭიროება.

მისივე თქმით, იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი ფართების გადაცემა გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად ხდება. თითოეულ დევნილ ოჯახს ენიჭება ქულა, რაც  საცხოვრებელი ფართის გადაცემის რიგითობას განსაზღვრავს.

„დევნილებს ქულები ენიჭებათ, თუ ოჯახი არის სოციალურად დაუცველი, ჰყავს ორი ან მეტი არასრულწლოვანი წევრი, იძულებით გადაადგილებული ოჯახის წევრი არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ან ონკოლოგიური ავადმყოფი და სხვა. ქულები ასევე ენიჭება,  დევნილ ოჯახს, რომლის  წევრიც გარდაიცვალა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში ან ითვლება უგზო-კვლოდ დაკარგულად.  განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად,  ქულა ენიჭება ოჯახს, რომლის წევრიც არის ომი ვეტერანი“, - განაცხადა მინისტრმა.

მანვე, არსებული მიდგომის გასაფართოებლად, დიალოგისა და კრიტერიუმების გადახედვისთვის მზადყოფნა გამოთქვა. 

შეგახსენებთ, რომ დევნილთა ბინებით დაკმაყოფილების ამჟამინდელი კრიტერიუმებით, გალში მცხოვრები ქართველები, ბინებს ვერ ღებულობენ.

საზოგადოება