მომხმარებელი „ფრესკოს“ მისი კუთვნილი ნივთების დაკარგვაში ადანაშაულებს
18 თებერვალს, სოციალურ ქსელში, ჯგუფში - „სასოწარკვეთილი მომხმარებლების ჯგუფი“ მარიამ კალმახელიძის პუბლიკაცია გამოქვეყნდა, სადაც წერს, რომ 13 თებერვალს, ფრესკოს ერთ-ერთ ფილიალში (გლდანში), შემნახველ კარადაში დატოვებული ნივთები დაკარგა.
როგორც „მშობელს“ მარიამმა განუცხადა, ჩანთაში 550 ლარის ღირებულების ნივთები იყო.
„ვინც ხშირად დადიხართ, გეცოდინებათ, რომ ფრესკოს შემნახველი კარადები გასაღებით არ იკეტება - ამის მიუხედავად, გავალდებულებენ, რომ პარკით არ შეხვიდე და ნივთები ღია კარადაში დატოვო. ამ წესს, ცხადია, ვემორჩილები და დავტოვე. დედ-მამის დაბადების დღეზე მეჩქარებოდა, ამიტომ ვიყიდე რაღაცები და წავედი (გასაღები რომ მქონოდა ხელში, კარადაც გამახსენდებოდა, ან არ გამახსენდებოდა, მაგრამ ჩაკეტილი მაინც იქნებოდა ჩემი ნივთები). რამოდენიმე დღის შემდეგ, როცა ნივთები მოვითხოვე, ადგილზე არ დამხვდა. მიუხედავად იმისა, რომ დაცვის თანამშრომელს ახსოვდა რა იდო გაუმჭვირვალე პარკში, ნივთები პოლიციის დახმარებითაც კი, დღემდე ვერ მოიძიეს“, - ყვება მარიამი.
მისივე თქმით, მიუხედავად მრავალგზის მოთხოვნისა, კამერის ჩანაწერები არ ამოიღეს, უსაფრთხოების უფროსმა კი უთხრა, რომ 3 დღეში ერთხელ კამერების ჩანაწერები იშლება და ნახვა შეუძლებელი იქნებოდა.
„მე სხვა რამ მითხრეს, პოლიციას კი განუცხადეს, რომ სისტემაში ხარვეზი იყო და დარესტარტების დროს კადრები წაიშალა. აქვე გადაწყვიტა ხელის გაშვერა მორიგე დაცვისკენ და პატრულის თანამშრომელს უთხრა, რომ რადგან მას ქონდა ნანახი ჩემი ნივთები, ის წაყვებოდათ დაკითხვაზე. ძალიან მარტივად მოიშორა პასუხისმგებლობა. დაცვის თანამშრომელი გოგო აკანკალებული გაჰყვა პოლიციას დაკითხვაზე“, - ამბობს მარიამი.
მარიამი თვლის, რომ კომპანია პასუხისმგებლობის აღებას თავს არიდებს.
რაც შეეხება კომპანიის პოზიციას, ამ ეტაპზე შიდა მოკვლევა მიმდინარეობს, პასუხს კი მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
„მშობელი“ მარიამის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
„მეგობრებო, ძლივს ვუყრი ემოციებს თავს იმდენად გაუგონარ მდგომარეობაში ვარ, მაგრამ ვეცდები ყველაფერი დაწვრილებით მოვყვე! არც პირველი ვარ და არც უკანასკნელი, ვინც ფრესკოს მიერ დაზარალდა. ეს კომპანია კი ამის მიუხედავად დღემდე აგრძელებს მშვიდად ფუნქციონირებას. ჩემს ამბავზე ამ ეტაპზე გამოძიება მიმდინარეობს, ჯერჯერობით მაინც იმედი მაქვს, რომ ამჯერად მაინც გაიმარჯვებს სიმართლე. 13 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში შევედი ფრესკოში, გლდანის ფილიალში. ვინც ხშირად დადიხართ, გეცოდინებათ, რომ მათი შემნახველი კარადები გასაღებით არ იკეტება - ამის მიუხედავად, გავალდებულებენ, რომ პარკით არ შეხვიდე და დატოვო ნივთები ღია კარადაში. ამ წესს, ცხადია, ვემორჩილები და დავტოვე შესვლისას. დედას და მამას დაბადების დღეზე მეჩქარებოდა, ამიტომ ვიყიდე რაღაცები და წავედი (გასაღები რომ მქონოდა ხელში, კარადაც გამახსენდებოდა. ან არ გამახსენდებოდა, მაგრამ ჩაკეტილი მაინც იქნებოდა ჩემი ნივთები).
რამდენიმე დღეში, როდესაც დამჭირდა ის ნივთები (კოსმეტიკა), რომელიც ფრესკოში დამრჩენია, მაშინვე გავიქეცი და მოვიკითხე. მივედი დაცვის ცვლის უფოროსთან და ჩემი თქმის შემდეგ მან ძალიან მარტივად გაიხსენა ის ნივთები, რომლებიც დამრჩა - (პარკი შიგნით ორი ჩანთით) შემდეგი სიტყვებით: “აა ის პარკი შიგნით ორი ჩანთა რომ იდო?”(პარკი გაუმჭირვალე იყო და რომ არ გაგეხსნა ვერ ნახავდი შიგნით რა იყო) კი ბატონო, ახლავე გამოგიტანთო და წავიდა. 15-20 წუთის შემდეგ დაბრუნდა და მითხრა, რომ იქ არ არის ჩემი ჩანთები, ეს კარადები დაკეტილი იყო და გასაღებიც არ ჰქონდა.
მაშინ მე მოვითხოვე კამერების გადახვევა, რაზეც უარი მივიღე - ახლა ხალხია, გადახვევისას ჩაწერა ჩერდება და ვერ გავაჩერებთო. ღამის 4 საათზე შეგვიძლია ჩაწერის გაჩერებაო.
რა გაეწყობოდა, მაშინ მოვთხოვე, რომ ალტერნატიული გასაღებები მოეძიათ და დაეწყოთ კარადების გახსნა. მხოლოდ ერთი კარადა გახსნეს და სხვისი ნივთები იდო შიგნით. დაკეტა და სხვები ვეღარ გახსნა, რაზეც მოვითხოვე ტექნიკური სამსახურის გამოძახება. დამთანხმდა ცვლის უფროსი, დავრეკავო და 15-20 წუთის ლოდინის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ტექნიკური სამსახური სხვა ფილიალში უფრო მნიშვნელოვან საკითხზე მუშაობს და ვერ მოვლენ.
აქ კიდევ ერთხელ მოვითხოვე კამერების ნახვა და ვაცნობე, რომ პატრულს გამოვიძახებდი (ამასობაში ვიკითხე როდის ნახეს ჩემი პარკი შიგნით ორი ჩანთით (მათივე აღწერით). მიპასუხეს, რომ 14-ში საღამოს, როცა უკვე ხალხი აღარ იყო, გვიან ღამის საათებში და უკანვე დააბრუნეს კარადაში).
ვიმეორებ: 13-ში შუა დღეს დამრჩა, 14-ში საღამოს დაცვის თანამშრომელმა მისი თქმით ნახა!
მოკლედ, ამ ლოდინში ბოლოს დამითანხმეს, რომ მომდევნო დღის დილის 10 საათიდან გამოვიძახებდით ტექნიკურ სამსახურს, გახსნიდნენ კარადებს და თუ კიდევ ვერ იპოვიდნენ, გადაახვევდნენ კადრებს. მაშინვე დავადასტურებინე, რომ გადადების შემთხვევაში კამერის ჩანაწერი კვლავ იქნებოდა ხელმისაწვდომი და არ განადგურდებოდა ჩანაწერი - ორჯერ ვკითხე და ორივეჯერ მიპასუხა სამმა მათგანმა, რომ კამერები ერთი თვის ჩანაწერს იტოვებს და შესაძლებელი იქნებოდა გადახვევა.
18 თებერვალს დილითვე მივედი. არანაირი ტექნიკური სამსახური არ ჰყავდათ გამოძახებული. კვლავ ვილოდე 15 წუთი და გამოვიდა უსაფრთხოების უფროსი, რომელმაც მითხრა, რომ კამერა ინახავს მხოლოდ 3 დღეს და 13-14 თებერვლის ჩანაწერები აღარ იყო ხელმისაწვდომი. მისივე თქმით, 15-16-17 თებერვლის ჩანაწერები თავად ნახეს და იქ არ ჩანს თუ ვინმემ აიღო ჩემი ნივთები. რაც ფაქტიურად შეუძლებელია, რადგან 14-ში დღის ბოლოს ნახა მათმა თანამშრომელმა, თუ მან არ აიღო და არ წაიღო, შესაბამისად დატოვა კარადაში, უკვე დგებოდა 15 რიცხვი და 15-16-17 ჩანაწერებში უნდა გამოჩენილიყო ვინ აიღო.
მაშინვე ავუხსენი, რომ ჯერ ერთი თანამშრომელს ნანახი ჰქონდა ჩემი ნივთები თავისი შიგთავსითურთ, ამასთანავე გუშინ ინფორმაცია მივიღე, რომ კამერები 1 თვიან ჩანაწერს ინახავს. ამაზე მიპასუხეს, რომ ალბათ იმ თანამშრომელმა (დაცვის ცვლის უფროსმა) არ იცოდა რამდენ ხანს ინახება ჩანაწერი.
მოკლედ, აქ უკვე გადავწყვიტე პატრულის გამოძახება, რაზეც თავადაც ძალიან მშვიდად დამეთანხმა.
პატრული რომ მოვიდა, უთხრეს, რომ კამერებმა გაჭედა, გადაარესტარტეს და ჩანაწერები ამის შედეგად წაიშალა.
აქვე გადაწყვიტა ხელის გაშვერა მორიგე დაცვისკენ და პატრულს უთხრა, რომ ამ გოგოს რადგან ჰქონდა ნანახი ჩემი ნივთები, 14-ში, ის წაყვებოდათ დაკითხვაზე. ძალიან მარტივად მოიშორა პასუხისმგებლობა.
დაცვის თანამშრომელი გოგო აკანკალებული გაჰყვა პოლიციას დაკითხვაზე.
3 საათი გავატარე დაკითხვაზე. არც იმის იმედი მაქვს, რომ მოწმის არსებობის მიუხედავად რაიმეს მივაღწევ. ყველანაირად ცდილობს ეს კომპანია მოვალეობის თავიდან არიდებას.
ჩანთებში, რომელიც იქ დამრჩა, 550 ლარამდე ღირებულების კოსმეტიკა იყო.
უკვე არ დავეძებ არც კოსმეტიკას, არც მის ღირებულებას, თავს ვგრძნობ მოტყუებულად და ვეღარ ვხვდები რა შემიძლია გავაკეთო, გარდა იმისა, რომ ვიქონიო გამოძიების იმედი. თქვენ გიზიარებთ ამ ამბავს იმიტომ, რომ იცოდეთ ამ კომპანიასთან საქმე არ დაიჭიროთ, არასდროს შეხვიდეთ აქ რაიმეს შესაძენად. მე იმიტომ დავდიოდი, რომ სახლთან ახლოს არის და მოსახერხებელი იყო, არაერთი 500 ლარი გვაქვს გადახდილი მე და ჩემს ოჯახს იქ ნაყიდ პროდუქტებში, სამწუხაროდ.
გამოძიების პასუხი კაცმა არ იცის როდის იქნება, იქამდე რაც შემიძლია გავაკეთო - სხვების, თქვენი გაფრთხილებაა“.
მოამზადა მარიამ სოხაძემ