2021-09-20

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ორსულებში ვაქცინაციის ტემპი დაბალია.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ორსულებისთვის გამოყოფილად ცალკე ვაქცინაციის წამახალისებელი ღონისძიება არ იგეგმება.

„რა თქმა უნდა, იცრებიან ორსული ქალბატონები, მაგრამ ეს არ არის მაღალი მაჩვენებელი, ერთეული შემთხვევებია მხოლოდ ჯერ. კონკრეტულად ორსულებთან დაკავშირებით ცალკე ინდივიდუალური წამახალისებელი ღონისძიება რთულია გამოვყოთ, თუმცა საგანმანათლებლო მუშაობა დაწყებულია. ორსულების ანუ ანტენატალური სერვისის მიმწოდებლების ტრენინგი დაწყებულია. გაეროს მოსახლეობის ფონდი გვეხმარება, როგორც რეგიონებში, ასევე თბილისში. ასევე, ვაქცინაციის სიკეთეებთან დაკავშირებით პროტოკოლი გადაიხედა, საინფორმაციო კამპანია გაძლიერდა, მაგრამ განსაკუთრებული სტიმულები მხოლოდ ორსულებისთვის არაა დაგეგმილი“, - განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, ბოლო 24 საათში 7 ათასი აცრა ჩატარდა, რაც ძალიან საგანგაშოა და მიუთითებს, რომ საჭიროა ვაქცინაციის პროგრამის სტიმულირება.

„ვაქცინაციის ტემპი ბოლო დღეებში შემცირდა. გუშინ, 24 საათის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ კვირა დღე იყო და შესაძლოა, მეტ მოქალაქეს ჰქონოდა იმის დრო, რომ ვაქცინაციისთვის კლინიკაში წასულიყო, ასე არ მოხდა. 7 ათასზე ოდნავ მეტი აცრა ჩატარდა, რაც ძალიან საგანგაშოა და მიუთითებს იმას, რომ სერიოზულად არის საჭირო ვაქცინაციის პროგრამის კიდევ უფრ მეტად სტიმულირება, იქნება ეს საინფორმაციო კამპანიის გაფართოებით, ოჯახის ექიმების მეტად აქტიური ჩართულობით, თუ რაიმე სხვა გზით იმისთვის, რომ მაქსიმალურად გააქტიურდეს ვაქცინაციის პროგრამის მოცვა. ზოგიერთ რეგიონში საკმაოდ კარგია ვაქცინაციის მაჩვენებელი. თბილისი ლიდერობს, მოზრდილი მოსახლეობის 60%-ზე მეტია უკვე მოცვა, თუმცა იგივეს ვერ ვიტყვით სხვა რეგიონებზეც. განსაკუთრებით საყურადღებოა მაღალ ასაკობრივ ჯგუფებში მოცვის მაჩვენებელი. ამ მიმართულებით ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მომდევნო დღეებში კიდევ უფრო მეტად გააქტიურებს მუშაობას“, - განაცხადა გაბუნიამ.

რაც შეეხება ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარიის ეფექტს, თამარ გაბუნიას თქმით, მისი შედეგების შესაფასებლად ერთთვიანი დაკვირვება მაინცაა საჭირო.

„ჯერ სულ რამდენიმე დღეა, რაც წამახალისებელი ლატარია მოქმედებს. სხვა ქვეყნების გამოცდილებას თუ მოვიშველიებთ, ლატარიას ჰქონდა გარკვეული მოკლევადიანი შედეგი, იყო მოქალაქეების გარკვეული ჯგუფები, ვისთვისაც საინტერესო იყო წამახალისებელ ლატარიაში მონაწილეობა. ბუნებრივია, ეს არ არის მთავარი მიზეზი, რის გამოც მოქალაქე აცრისთვის მიდის, მაგრამ ეს არის კიდევ ერთი დამატებითი სტიმული, რამაც შესაძლოა, წაახალისოს ვაქცინაციაში ჩართვის თაობაზე მოქალაქის გადაწყვეტილება. შედეგების შეფასებისთვის ერთი თვე მაინც უნდა დავაკვირდეთ იმისთვის, რომ ვნახოთ, რა შედეგები გვექნება“, - განაცხადა გაბუნიამ.

მისი განმარტებით, ჯერჯერობით არ განიხილება საკითხი, რომ ვაქცინაციის პროცესი სავალდებულო გახდეს.

„აცრა ქვეყანაში არის ნებაყოფლობითი და ჯერჯერობით, ეს აცრა ჩვენთვის იქნება ნებაყოფლობითი მოქალაქის გადაწყვეტილებით. ჯერჯერობით სხვა მოდელი არ განიხილება“, - განაცხადა გაბუნიამ.

საზოგადოება