2021-09-04

ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე და ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, კახაბერ ლაბუჩიძე ამჯერად, ნავთლუღში, არტურ ლაისტის მე-3, მე-4, მე-5 კორპუსების მცხოვრებლებს შეხვდნენ.

კანდიდატებმა ისნის მოსახლეობას ისნის რაიონში და ზოგადად დედაქალაქში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები გააცნეს და სამომავლო გეგმებზე ესაუბრნენ.

„წლების განმავლობაში ბევრი კარგი პროექტი განვახორციელეთ, მათ შორისაა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება. წლის ბოლომდე დედაქალაქში არც ერთი ე.წ. ყვითელი ავტობუსი არ იმოძრავებს. ახალი სამარშუტო სისტემა მუშავდება იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება მეტად კომფორტული გახდეს. აღსანიშნავია, რომ თბილისში ბევრი მწვანე სივრცე გაჩნდა. გახსოვთ, წლების განმავლობაში სად აშენებდნენ კორპუსებს. მაგალითად, ვაკის პარკის ტერიტორიაზე 9-სართულიან კორპუსი უნდა აშენებულიყო. ეს მიდგომა დაუშვებელია. 2017 წელს ჩემი დაპირება იყო, რომ არც ერთ რეკრეაციულ სივრცეს, სპორტულ მოედანს კორპუსებისთვის არ დავთმობდით. ამ დაპირებას ზედმიწევნით ვასრულებთ და ეს ასეც გაგრძელდება. დღეს ჩვენ კოლოსალურ თანხებს ვიხდით, რომ წინა ხელისუფლების დროს გასხვისებული ტერიტორიები გამოვისყიდოთ, მაგრამ ეს ქალაქისთვის აუცილებელია. გარდა ამისა, ჩვენ დავიწყეთ ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. ვცდილობთ ქუჩებში მიწისქვეშა კომუნიკაციები სრულად შევცვალოთ, ზედაპირულად არაფერს ვაკეთებთ. ჩვენვე დავიწყეთ ძველი თბილისის განახლების პროექტი, თან ისე, რომ მაქსიმალურად შენარჩუნდეს ძველი იერსახე და გავუფრთხილდეთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს. რა თქმა უნდა, არსებობს გამოწვევები, ყველაფერს ერთად ვერ მოვაგვარებდით, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რაც ქალაქში ოთხი წლის განმავლობაში გავაკეთეთ, ერთდროულად ამდენი პროექტი არასდროს არ განხორციელებულა. 24-საათიანი შრომის შედეგი ეტყობა ქალაქს, თუმცა გპირდებით, მეტს გავაკეთებთ თბილისისთვის,“- განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერობის კანდიდატი ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, კახაბერ ლაბუჩიძის საარჩევნო შტაბში იმყოფებოდა. მან შტაბის წევრებს მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაციისთვის მადლობა გადაუხადა და არჩევნებში წარმატებები უსურვა.

„მინდა, კახაბერ ლაბუჩიძის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაგიხადოთ. მნიშვნელოვანია საკრებულოში უმრავლესობით შესვლა, რადგან ის სამომავლო პროექტები, რასაც ვგეგმავთ განხორციელდეს. წარმატებები კახაბერს და ყველა ჩვენს თანაგუნდელს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დასასრულს, ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, კახა ლაბუჩიძემ ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები შეაჯამა.

„წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ისნის რაიონში ადგილობრივ მოსახლეობას შევხვდით. მათ ვესაუბრეთ დედაქალაქში განხორციელებულ პროექტებზე, ვიმსჯელეთ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩემი არჩევის შემთხვევაში, მე ვიქნები ისანში თითოეული მცხოვრების ხმა საკრებულოში“, - განაცხადა კახაბერ ლაბუჩიძემ.

მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა არტურ ლაისტის მე-3, მე-4, მე-5 კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც 3 500 კვ. მ. ფართობზე მოსასვენებელი სივრცე ეწყობა. აქ გაკეთდება ბავშვთა გასართობი მოედანი, ფიტნეს ზონა, სტადიონი, ცხოველების სასეირნო სივრცე. უკვე დამონტაჟდა განათების ქსელი თავისი LED სანათებით ე.წ. bubble tower-ი. მოეწყო საფეხმავლო ბილიკები. ტერიტორია გამწვანდება დაირგვება სხვადასხვა ხე-მცენარე.

შეხვედრას ესწრებოდნენ კახა კალაძის საარჩევნო შტაბის უფროსი გიორგი ამილახვარი და ისნის მაჟორიტარი დეპუტატები პარლამენტსა და საკრებულოში.

საზოგადოება