ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ფიქრობს, რომ მოსახლეობა, პანდემიის გამო, ბინების მასობრივი დაკარგვის წინაშე არ დადგება.
ამის შესახებ მან პარლამენტის 5 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
“ბოლო პერიოდში საბანკო სექტორმა, პრაქტიკულად ყველასთვის, ორჯერ სრულად გადაავადა სესხები და მესამედ კიდევ - ინდივიდუალურად. რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, არის მზაობა, რომ ინდივიდუალურად განიხილონ ყველა შემთხვევა. მე არ ველოდები, რამე ტიპის მასობრივ პრობლემებს მაგ კუთხით, რომ ადამიანები დაკარგავენ ბინებს, ამის არანაირი წინაპირობა არ არსებობს. ერთი მხრივ იმიტომ, რომ საბანკო სექტორს მორალურადაც, მაგრამ პრაგმატულადაც ესმის, რომ ქონების წამოღების კასკადი არასწორია და რამდენადაც ვიცი, მაქსიმუმს აკეთებენ, რომ რესტრუქტურიზაცია და სხვადასხვა ტიპის შეღავათები გააკეთონ, ამიტომ არ მგონია, რომ აქ რამე დიდი საფრთხე გვაქვს“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
მოქალაქეები კი აცხადებენ, რომ იპოთეკით დატვირთული ბინების დაკარგვის წინაშე დგანან, რადგან სამსახურები დაკარგეს.