2020-12-11

სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, სადაც ბოშა გოგონას, მასწავლებელი ქუჩაში ამეცადინებს. „მშობელი“ დაინტერესდა თუ რა ხდებოდა ფოტოზე და რატომ ხდებოდა ეს ქუჩაში.

როგორც აღმოჩნდა, ბოშა გოგო, ბათუმში ყველასთვის ცნობილი 12 წლის ლეილაა, მასწავლებელი კი აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, ასმათ დიასამიძე.

გოგონა დიდ დროს ატარებს აქციებზე, ოპოზიციის ახალგაზრდებთან ერთად, მათ კი თავის მხრივ გადაწყვიტეს, რომ ლეილას წერა-კითხვა ასწავლონ.

როგორც ქალბატონი ასთმათი „მშობელს“ უყვება, ლეილა ძალიან გონიერი ბავშვია და მის შეთავაზებას მეცადინეობაზე, დათანხმდა. გოგონა ვერ ცნობს ციფრებს, თუმცა მისი პატარა პროფესიიდან გამომდინარე, ცნობს ფულს და შეუძლია ანგარიში.

„ცოტა ძნელია ასეთ თავისუფლებას მიჩვეული ბავშვის დამორჩილება, თუმცა თამაშ-თამაშით შევიჩვიე. აქციაზე სისტემატიურად მოდიოდა. მე დაწყებით კლასის მასწავლებელი ვარ და მალევე მივხვდი, რომ 12 წლის გოგონამ ელემენტარულიც არ იცოდა. ამიტომ გამოვიჩინე ინიციატივა, დრო არ დაგვეკარგა, მოვიძიე პირველი კლასის სახელმძღვანელოები და დავიწყეთ სწავლა. ახლა ფიგურებს ვსწავლობთ. ცოტა ძნელია, მაგრამ გონიერი ბავშვია და სურვილი მისგანაც წამოვიდა. თავიდან სპონტანურად დავიწყეთ, ჯერ ვითვლიდით სკამებს, მერე ხის ტოტებს. საათნახევარი მეჯდა ინტერესით, მერე დაიღალა. ძალიან გონიერი ბავშვია, მოგვენდო, კეთილია, ვნახოთ რა გამოგვივა“.

ასმათ დიასამიძე მიიჩნევს, რომ ბათუმში და ზოგადად საქართველოში ბევრი ლეილაა და სახელმწიფომ, მსგავსი მოზარდებისთვის, პროგრამა უნდა შეიმუშაოს.

„მე არ დავიზარებ მისთვის დღეში ერთ საათს, თუმცა ეს ერთი ლეილას პრობლემა არ არის. ეს პრობლემა უფრო გლობალურია. ლეილა ერთი არ არის, ამ ქალაქში ბევრი ლეილაა. ვერცერთ გზაჯვარედინზე ვერ გაივლით ისე, რომ არ შემოგხვდნენ. 12 წლის ბავშვმა არ იცი წერა-კითხვა. აუცილებელია სახელმწიფოს ჩარევა. ეს მნიშნელოვანია“.

ფოტოები სოციალურ ქსელში, მოძრაობა იმოქმედეს წევრმა გიორგი სოლომონიძემ გამოაქვეყნა.

როგორც ის „მშობელს“ უყვება, ლეილა პირველივე დღიდან მათთანაა და მეგობრებთან ერთად, ხშირედ უერთდება საპროტესტო აქციას.

„აქციებზე გავიცანით, მას მერე სულ ჩვენთანაა, ერთად ვჭამთ, ერთად ვთბებით და ერთ-ერთ ინციდენტს აპროტესტებდა კიდეც მის მეგობრებთან ერთად. როგორც გვიყვება, სკოლაში დადიოდა, მაგრამ გამოვიდა, ახლა კი დაბრუნების სურვილი არ აქვს, თუმცა უარი არ უთქვამს ქალბატონი ასმათის ინიციატივაზე“.

როგორც აღმოჩნდა, ლეილას არა მარტო აქციებზე, ზოგადად ბათუმშიც ბევრი მეგობარი ჰყავს, რომლებსაც თავიდან აწუხებდა, მაგრამ შემდგომში მასთან დამეგობრება სცადეს.

ერთ-ერთი მათგანი, მონიკა მოლაშხია „მშობელს“ ერთ საინტერესო დღეზე უყვება.

„თავიდან ეს ბავშვები ძალიან გვაწუხებდნენ, მაგრამ ერთ დღეს გადავწყვიტეთ, ხომ არ ჯობდა პოლიციის გამოძახებას, პირადად შევსულიყავით მათთან კომუნიკაციაში. ლეილა ძალიან ბევრს ლაპარაკობდა. ძალიან ბუნებრივად დაიწყო ყველაფერი, ყველაფერი აინტერესებდა, ძალიან უხაროდა, როცა ვეუბნებოდით რომ ლამაზია და ის მართლაც ძალიან ლამაზია. ერთხელ ხელები ძალიან ჭუჭყიანი ჰქონდა, ავუხსენი რომ ვირუსია და ხშირად უნდა დაიბანოს, მეორე დღეს მოვიდა და მითხრა, ნახე ხელები დავიბანე, ახლა ხომ არ დამემართება ვირუსიო. დავმეგობრდით, მერე კი ყოველ დღე მოდიოდა და გვეკითხებოდა, ვინმე ხომ არ გაწუხებთ ჩვენებიო. ლეილასთან დამეგობრების შემდეგ, ეს პრობლემა მართლა მოგვარდა. ერთხელ კოსმეტიკა ვაჩუქეთ და გაგიჟდა, გვკოცნა გვეხუტა, მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ერთხელ გოგოებს ტორტი მოუტანა, ჩემი დაბადების დღეა და ჩამოიჭერითო. ამ დროს მე არ ვიყავი და თურმე საგანგებოდ შეუნახავს. საღამოს მომიტანა ერთი ნაჭერი და მთხოვა აუცილებლად მეჭამა“.

როგორც ფოტოებიდან ჩანს, ლეილა მართლაც ულამაზესია და იმედია, მისი ცხოვრება, მალე უკეთესობისკენ შეიცვლება.

საზოგადოება