2020-07-26

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სოფლად სახლს კიდევ 71 იძულებით გადაადგილებული ოჯახისთვის შეისყიდის.

„სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახები საკუთარი სურვილის შესაბამისად არჩევენ სახლს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ კი, სააგენტო მათთვის საცხოვრებელს შეისყიდის. თანხის ოდენობა ოჯახის სულადობის  მიხედვით განისაზღვრება. მნიშვნელოვანია, რომ სახლების უმეტესობას თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც დევნილებს შემოსავლის დამატებითი წყაროს გაჩენაში ეხმარება.

აღნიშნული პროექტი, მთელი საქართველოს მასშტაბით წარმატებით მუშაობს. სახელმწიფომ სოფლად სახლი,  ჯამში,  უკვე 4000-ზე მეტი დევნილი ოჯახისთვის შეისყიდა. მიმდინარე წლის ბოლომდე კი,  სოფლად სახლი, დამატებით, 500-მდე იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადაეცემა.

ინფორმაციისთის: პროექტის ფარგლებში, კომისია განიხილავს იმ დევნილი ოჯახების განსახლების საკითხს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 1 ან მეტი ქულა.

„სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში თანხის რაოდენობა ოჯახის სულადობიდან გამომდინარე განისაზღვრება:
ოჯახი, რომელიც შედგება 1 ან 2 წევრისგან - 17000 ლარი;
ოჯახი, რომელიც შედგება 3 წევრისგან - 21000 ლარი;
ოჯახი, რომელიც შედგება 4 წევრისგან - 23000 ლარი;
ოჯახი, რომელიც შედგება 5 წევრისგან - 26000 ლარი, ხოლო ოჯახის ყოველ შემდეგ წევრზე 26000 ლარს 3000 ლარი დაემატება.

საცხოვრებელი ფართის შესყიდვა შესაძლებელია დევნილი ოჯახის თანადაფინანსებითაც განხორციელდეს.

საცხოვრებელი ფართის შესყიდვის თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, დევნილ ოჯახებს სახლის შერჩევისთვის 3-თვიანი ვადა ეძლევათ.

დევნილი ოჯახის მიერ შერჩეულ საცხოვრებელს უნდა ჩაუტარდეს აუდიტორული შეფასება საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში კი შესაძლოა ჩატარდეს შესაბამისი ექსპერტიზა

 

 

საზოგადოება