2019-12-17

15 წლის მოზარდი, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა, იაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.

მოზარდი მე-9 სართულიდან მას შემდეგ გადმოხტა, რაც „მწვანე სკოლაში" მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხეს. კერძოდ, მოზარდმა სკოლის შენობაზე წარწერა - "ამ ცხოვრების დედაც" - დატოვა, რის გამოც სკოლის ადმინისტრაციამ პოლიცია გამოიძახა.

ადვოკატის ინფორმაციით, მოზარდზე პოლიციაში ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებში, სადაც მოზარდი სხვადასხვა დროს სწავლობდა, მუშაობას ფსიქოლოგები გააგრძელებენ.

„განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ლუკა სირაძის ტრაგიკული გარდაცვალების გამო. შეძრწუნებულები ვართ მომხდარით და ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და თანასკოლელებს. სამინისტროს მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის ფსიქოლოგები გააგრძელებენ მე-100 და 169-ე საჯარო სკოლებსა და “მწვანე სკოლაში” მოსწავლეებთან მუშაობას, რათა დაეხმარონ მათ ამ უდიდესი სტრესის გადალახვაში“, - ნათქვამია განცხადებაში.

მოზარდის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება „მწვანე სკოლაც“, სადაც ის რამდენიმე თვე სწავლობდა.

„უდიდეს მწუხარებას და სევდას ვგრძნობთ ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო. შეუძლებელია ამ უმძიმეს წუთებში ნუგეშის სიტყვების გამოძებნა. ვუსამძიმრებთ ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს ამ ენითაღუწერელი ტრაგედიის გამო. მიუხედავად იმისა, რომ ლუკა მხოლოდ რამდენიმე თვე სწავლობდა ჩვენს სკოლაში, მასთან მეგობრობა და ემოციური ბმა აკავშირებს მის ყოფილ თანაკლასელებს და მასწავლებლებს და ყველას, ვინც მას იცნობდა. ამ ამბავმა შეგვძრა. ჩვენი სკოლა გლოვობს ლუკას გარდაცვალებას“, - ნათქვამია სკოლის ოფიციალურ გვერდზე.

 

 

განათლება