2019-12-13

„ერთხელ მოსწავლეს საჭმლის რეცეპტის დაწერა დავავალე, მეორე დღეს მშობელი მომადგა ჩახოხბილით“ .

მედეა კურტანიძე 63 წლისაა და 35 წელია ბავშვებს ინგლისურ ენას ასწავლის - თანამედროვე ენაზე რომ ვთქვათ რეპეტიტორია. ვისაც მასთან უსწავლია, შეუძლებელია არ ახსოვდეს მისი საგნისადმი დამოკიდებულება, სწავლების მეთოდი და არა მხოლოდ, რადგან ის არა მარტო მასწავლებელი, არამედ თითოეული მოსწავლის მეგობარია.

„იმდენი გეგმა მაქვს, მეორე სიცოცხლე მჭირდებაო“, - გვითხრა „მშობელს“ მედეა მასწავლებელმა თბილისის წიგნის დღეებზე, სადაც მისი კიდევ ერთი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა.

მედეა კურტანიძე დღეს 40-მდე მოსწავლეს ამზადებს, თუმცა ეს ხელს არ უშლის ახალ თარგმანებსა და ახალ პროექტებზე იმუშაოს. კითხვაზე, როგორ ახერხებს ან როდის სძინავს, პასუხი არ აქვს. ერთადერთი რაც ზუსტად იცის ისაა, რომ მოსწავლეებს, რაც შეიძლება ბევრი ღირებული ნაშრომი უნდა დაუტოვოს.

English For Everybody - ის მესამე გამოცემა, წინა ორი წიგნის განახლებული ვარიანტია, რომელსაც ხმოვანი დისკი და შესაბამისი ილუსტრაცია ახლავს.

„დღეს, ბავშვების უმეტესობა ძირითად დროს ინტერნეტს და ეკრანებს უთმობს. სწორედ აქედან წამოვიდა წიგნის ამ გამოცემის იდეა. თუ ბავშვი დიდ დროს ატარებს ეკრანთან, ეს საუკეთესო ვარიანტია ღირებული ინფორმაცია მიიღოს. მთავარი უპირატესობა, რაც წიგნს აქვს, ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, ერთ თემაზე დაჯგუფებული სიტყვების სწავლა გაცილებით იოლია, ვიდრე იგივე სიტყვების სხვადასხვა ადგილზე შესწავავლა. დისკზე სიტყვები თემების მიხედვითაა ჩაწერილი. 5 ინგლისურად და ქართულად, შემდეგ იგივე სიტყვები მარტო ინგლისურად და მსმენელმა უნდა უპასუხოს ქართულად. შემდეგ იგივე 5 სიტყვა ქართულად და მსმენელმა უნდა უპასუხოს ინგლისურად. პაუზის შემდეგ მოისმენთ სწორ პასუხს. ასევე ყველა თემაზეე მოცემულია სურათები და  სავარაუდო პასუხები. პასუხის სისწორეს პროგრამა აფიქსირებს. შემდეგ იგივე სურათები წარწერების გარეშეა და პასუხი უნდა მიუწეროთ. მცდარი პასუხის შემთხვევაში, პროგრამა გიწერთ სწორ პასუხს. დისკი ითვალისწინებს ადამიანის აღქმის ყველა მეთოდს“, - აცხადებს ის „მშობელთან“ საუბარში.

ყველაზე მეტად რითიც ამაყობს, ვაჟა-ფშაველას მოთხრობებისა და წერილების თარგმანია. გამოცემული აქვს English-Russian_Georgian Essential Medical Vocabulary და ამერიკელი მწერლის Judith McNaught-ის  Perfect. 

სულ რამდენი მოსწავლე ჰყოლია, არ დაუთვლია, თუმცა 2005 წლიდან დღემდე მონაცემებით, 500-მდე ითვლის.

საიდან დაიწყო თქვენი და წიგნების ისტორია?

გორში დავიბადე და გავიზარდე. სკოლა წარჩინებით დავამთავრე. ძალიან აქტიური მოსწავლე ვიყავი. თითქმის ყველაფერში ვიღებდი მონაწილეობას და უხერხული სათქმელია საკუთარ თავზე, მაგრამ ყველაფერში საკმაოდ წარმატებული ვიყავი. წლების შემდეგ გორში ჩავედი ჩემი დეიდაშვილის სანახავად, რომელიც განათლების განყოფილებაში მუშაობდა. განათლების განყოფილების გამგე ჩემ დროს კომკავშირის ქალაქკომის მდივანი იყო(კომკავშირის მდივანიც ვიყავი სკოლაში), უფროსი მეთოდისტი კი ჩემი სკოლის ყოფილი სასაწავლო ნაწილის გამგე. რომ დამინახეს, მომეფერნენ, თავისთან მიმიწვიეს და ყველას უყვებოდნენ როგორი აქტიური და წარმატებული ვიყავი სკოლაში. ვკითხე, რატომ საუბრობთ სულ წარსულში, ახლა არა ვარ კარგი გოგო-თქო? არა, ხარო, მითხრეს. შენგან უფრო მეტს ველოდითო, სულ ცოტა ქალაქკომის მდივანი, ან სკოლის დირექტორი გახდებოდი გვეგონაო. მინდა გითხრათ, რომ ძალიან უამბიციო ვარ. არც მიფიქრია, რომელიმე მათგანი გავმხდარიყავი. ბავშვებს რომ ინგლისურს ვასწავლი და ბევრს შევაყვარე ეს ენა, ცუდ საქმეს ვაკეთებ- მეთქი, ვუთხარი რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ შენ მეტი პოტენციალი გაქვს და არ დახარჯეო. ძალიან გულნატკენი წამოვედი. მათ ჩემი პატივმოყვარეობას უჩხვლიტეს. ალბათ კატალიზატორის როლი შეასრულეს. იმ წელს გამოვეცი პირველი წიგნი, რომელიც რვეულებში მქონდა და შეიძლება ითქვას ჩემი მეთოდია ახლაც. 24 წელი ვაგროვედი მასალას და მანამდე წიგნად გამოცემა არც მიფიქრია. მას შემდეგ აღარ გავჩერებულვარ. ალბათ, სიბერეში მაინც გავხარჯავ ჩემს  პოტენციალს, თუ დამცალდა.

რატომ აირჩიეთ ვაჟა?

ვაჟა-ფშაველა, ჩემი აზრით, თვითნაბადი ფილოსოფოსია. ფიქრშიც კი არ გამიბედია მისი თარგმნა. ვაჟას შთამომავალმა ლელა რაზიკაშვილმა გამაბედინა. მითხრა, სცადე რა გამოგივაო. მოთხრობები თარგმნილია, მაგრამ მისი წერილები არავის უთარგმნია. ამიტომ მე წერილებიც გადავთარგმნე.

რა არის თქვენი წარმატების ფორმულა?

ჩემი წარმატების საუდუმლო, ვფიქრობ, ისაა, რომ არასოდეს ვღალატობ ჩემს მოსწავლეებს. ყოველთვის ვცდილობ სიახლე შევიტანო ჩემს მეთოდებში და ამასთან ვცდილობ ისე დავუახლოვდე მათ, რომ ჩვენს შორის დაძაბული ურთიერთობა არ იყოს“, - გვითხრა მედეა მასწავლებელმა.

სახალისო ისტორიები

  1. ერთ ეზოში ორი თანატოლი გოგონა ავიყვანე. როცა თემა "საჭმელი" მივეცი, მინდოდა საჭმლის რეცეპტის დაწერა მესწავლებინა და დავავალე ნამცხვარი "მედოკი" და ქათმის ჩახოხბილი "გამიკეთეთ" ინგლისურად-მეთქი. მეორე გაკვეთილზე დედები ჩახოხბილით და "მედოკით" დამხვდნენ. ბავშვებმა გვითხრეს, მედეა მასწავლებელმა დაგვავალა გამიკეთეთო. 2. გიორგი 6 წლის ასაკში ავიყვანე. გაკვეთილის შემდეგ მეტირებოდა-ხოლმე, კარებში ჩადგებოდა და არ მიშვებდა. არ წახვიდე, ჩემი მეორე დედიკო იყავიო. ერთხელაც ვუთხარი, ასეთ საკითხებს უფროსები წყვეტენ-მეთქი. შემდეგ გაკვეთილზე ბედნიერი ღიმილით შემეგება: "მამიკომ თქვა დარჩეს, დიდი სიამოვნებით მივიღებთო."
  2. 5 წლის პატარა გოგონას ვასწავლიდი. th-ს ვერ გამოსთქვამდა. ვუთხარი, ენა გამოყავი და კარგად გამოგივა-მეთქი. მასწავლებელო, თქვენ არ იცით, რომ ენის გამოყოფა უზრდელობაა, მითხრა გაოცებულმა.
  3. ჩემი მოსწავლეებისთვის ყოველთვის ავტორიტეტი ვიყავი. ჰგონიათ, ყველაფერი ვიცი. თინიკოს დედას წნევამ აუწია და შვილი ეუბნება: მედეა მასწავლებლისთვის დაგერეკა, რამეს გირჩევდაო.
  4. და-ძმა ციხისელები მყავდა. რამდენიმე გაკვეთილის შემდეგ, დედამისმა შეამჩნია, რომ სუფრიდან რაღაცეებს იღებდა და ჯიბეებში ინახავდა. როცა დედამ ჰკითხა, რას აკეთებო, რამაზიკომ უპასუხა, მედეა მასწავლებელს ვუნახავო. ჯიბეში ედო დამდნარი შოკოლადები, ტკბილეული. რაც საუკეთესო იყო სუფრაზე, ჯიბეში ინახავდა, რომ ჩემთვის მოეცა.
  5. გვანცასთან ერთად ვოინიჩის "კრაზანას" ვკითხულობდი. ვუთხარი, უჩემოდ არ წაიკითხო, მნიშვნელოვანი პასაჟები ერთად მოვნიშნოთ-მეთქი. დედამისი მიყვება: ღამით გავიღვიძე და გვანცა საწოლში აღარ იყო. გული გადამიქანდა. დავძებნე, არსადაა. აბაზანიდან ტირილი შემომესმა. კარები ჩაკეტილი იყო. აღმოჩნდა, გვანცას არ უნდოდა ვინმეს გაეგო, რომ მედეა მასწავლებლის თხოვნა არ შეასრულა, მაგრამ იმდენად აინტერესებდა შემდეგ რა მოხდებოდა, რომ კარებჩაკეტილ აბაზანაში კითხულობდა, თან ცხარე ცრემლით ტიროდა.
  6. დიდი ტკივილიც მაქვს გულში. გალიდან ლტოლვილები მყავდა მოსწავლეები, ბექა ქეცბაია და თემური გელენავა. ბიძაშვილ-მამიდაშვილები იყვნენ. ზაფხულში ზუგდიდში წავიდნენ. ბექა მესამე კლასში იყო, თემური მეცხრეში. დედების თვალწინ ბექა წყალში ჩავიდა საბანაოდ, მორევმა ჩაითრია და ვეღარ დააღწია თავი. თემური მისაშველებლად გაიქცა, მაგრამ დააგვიანა. რაკი ვეღარ უშველა, გული გაუსკდა და იქვე გარდაიცვალა. ერთი ოჯახიდან ორი ბავშვი გაასვენეს ერთდროულად. როცა ეს ამბავი შევიტყვე, ისე განვიცადე, ლოგინად ჩავვარდი და კარგა ხანი დამჭირდა, რომ ისევ ფეხზე დავმდგარიყავი. არასოდეს მავიწყდება ისინი.

იმდენი რამ შემიძლია გავიხსენო, რომ დრო არ მეყოფა მოსაყოლად. თუ დამცალდა, მუშაობას რომ შევწყვეტ, მემუარები უნდა დავწერო ჩემი მოსწავლების შესახებ.

სამომავლო გეგმები

მედეა მასწავლებელი გაჩერებას არ აპირებს და მის გეგმებში ცნობილი ქართველებისა და საქართველოს შესახებ წიგნის გამოცემა, ასევე ძალიან უნდა ფრაზული ზმნებისა და იდიომების ინგლისურ-ქართული ლექსიკონი გამოსეც, რომელთა ბაზაც უკვე მზად აქვს. როგორც ამბობს, Judith McNaught-ის სხვა რომანებსაც თარგმნის.

 

სპეციალურად "მშობელისთვის"

 

განათლება