2019-11-06

ბავშვებისთვის წერა მაშინ დაიწყო, როცა შვილები პატარები ჰყავდა. სხვადასხვა სახუმარო ლექსებს უძღვნიდა-ხოლმე, მაგრამ ამისთვის სერიოზული სახე არასოდეს მიუცია. ვერც წარმოიდგენდა, რომ შეიძლება ოდესმე პოეტი ან მწერალი გახდებოდა, თანაც საბავშვო. მთლიანად შვილების აღზრდით იყო დაკავებული, კარიერაზეც უარი თქვა. როგორც კი ცოტა თავისუფალი დრო გაუჩნდა, ნელ-ნელა ჩანაწერების შექმნა დაიწყო.

სტიმული პატარა ზურიკო, საკუთარი დის შვილიშვილი, მხიარული და  ცელქი ბიჭუნა გახლდათ, რომელსაც რამდენიმე საბავშვო მოთხრობა მიუძღვნა.

იმისთვის რომ ნაწარმოებების გამოქვეყნება გაებედა, ჯერ ტესტირება გაიარა, კონკურსებზე გააგზავნა ისინი და კარგი შეფასების შემდეგ დაიწყო გამოქვეყნება.

დღეს უკვე პატარების საყვარელი საბავშვო მწერალია. მისი ლექსები, მოთხრობები და ესეები სხვადასხვა წიგნებშია შეტანილი. არის სამი წიგნის და ორი საბავშვო კრებულის ავტორი.

- ქალბატონო მაია, 30-მდე ზღაპრის ავტორი ხართ. საიდან დაიწყო ყველაფერი, რამ მიგაღებინათ გადაწყვეტილება?

- მწერლობა ჩემს ცხოვრებაში მისტიკასთან, ისევ ბავშვობასთან არის დაკავშირებული. არ დაიჯერებთ და წლის დასაწყისში, იანვრის შუა რიცხვებში, ხანდახან უცნაურ სიზმრებს ვნახულობ-ხოლმე, რომლებიც დროთა განმავლობაში მიხდება. 2012 წლის იანვარშიც საოცარი რამ მესიზმრა, თითქოს ქალიშვილთან ერთად ჯადოსნურ სარკეს ვეძებდი, რომელსაც, რასაც ჩაუთქვამდი, აგიხდებოდა. ბავშვობაში, არ ვიცი გითამაშიათ თუ არა, „სეკრეტობანას“ ვთამაშობდით ეზოს ბავშვები. ხის ქვეშ ვმარხავდით განძს, ეს იყო ფერადი შუშებით ამოვსებული ორმო, ზევიდან გამჭვირვალე შუშის ნატეხს ვაფარებდით მიწას რომ არ ჩაყრილიყო შიგნით. ერთმანეთისას ვეძებდით. თუ ვიპოვიდით, ჩვენი ხდებოდა. მე ვცდილობდი, რაც შეიძლება ლამაზი ფერადი შუშები ჩამეყარა, სხვადასხვა ფერის ბოთლის ნატეხები იყო. კალეიდოსკოპივით ცისარტყელას ფერებში თამაშობდა. მიწას გადავაცლიდი შუშას და შიგნით ვიჭყიტებოდი, ანათებდა, ძალიან ლამაზი იყო. სიზმარშიც იმ ბავშვობაში ჩემ მიერ შენახული განძიდან ამოიღო ჩემმა სოფიომ ჯადოსნური სარკე და მითხრა, მე ჩავუთქვი სურვილი, მაგრამ არ ამისრულა, შენ სცადეო. ხელში ავიღე თუ არა, ჩაფიქრებაც ვერ მოვასწარი, საოცარი ძალა დამეუფლა. თავიდან ფეხებამდე დამიარა, მაჯანჯღარა, მერე ზევით ამისროლა, ამწია ჰაერში. შიშისგან გამომეღვიძა, ასეთი საოცარი შეგრძნება არასოდეს მქონია. თითქოს რეალურად ხდებოდა ეს ყველაფერი. ცოტა ხანში წერაც დავიწყე. სწორედ ბავშვობაში ჩამარხული შესაძლებლობების პოვნას ვუკავშირებ ჩემს ნიჭს. მას მერე ვწერ და ვწერ ლექსებს, მათ შორის საბავშვოებსაც. ეს ვულკანის ამოფრქვევას ჰგავს, ლავა რომ დაიძვრება და მიედინება და მიედინება. მასალა რომ დამიგროვდა, გადავწყვიტე, რომელიმე ცნობილ პოეტთან მივსულიყავი რჩევისთვის. მზია ხეთაგურს ვეწვიე. მან ლექსები მომიწონა, განსაკუთრებით საბავშვოები. მითხრა, ზღაპრები დაწერე, კარგად გამოგივაო. მაშინ ამ სიტვებისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, მაგრამ მერე მივხვდი რომ ზღაპრების წერა უნდა გამეგრძელებია.  დღეისათვის ალბათ 40-50 ზღაპრის ავტორი ვარ, რომელთაგან, როგორც აღნიშნეთ, ალბათ, 30-ია გამოქვეყნებული.

- იყო მწერალი და მით უფრო საბავშვო მწერალი, არის თუარა ეს განსხვავებული პასუხისმგებლობა?

- იყო მწერალი, უდიდესი პასუხისმგებლობაა. მწერლის სიტყვა წინასწარმეტყველებასავით ახდება-ხოლმე. ამის არაერთი მაგალითი გვაქვს, მე ვიტყოდი, შეიძლება პირიქითაცაა? თქვა და შესრულდა?! მწერლის ყოველი სიტყვა აზომილ-აწონილი უნდა იყოს, რომ არავის ავნოს. საჭიროა გარკვეული ეთიკური ნორმების დაცვა, კრიტიკაც კი რბილი უნდა იყოს - არა შეურაცხმყოფელი. მწერლის ნაწარმოებში ჰარმონიულობას ვეძებთ, რომ დაგვიტკბოს თვალი და გული. თუ ჰარმონია, ბუნებრივი წესრიგი ირღვევა, არც ნაწარმოები ვარგა, ადამიანის ცხოვრებაც ჯოჯოხეთად იქცევა. მწერლობა ადამიანს უნდა ეხმარებოდეს სულიერი საყრდენის პოვნაში, რომ არ დავიშალოთ მარტივ ნაწილებად, რომ შევძლოთ ცხოვრებასთან გამკლავება. ამისთვის კი ზოგჯერ მწერალს თავისი ცხოვრებისეული მაგალითების სამზეოზე გამოტანა უხდება, რაც ზოგჯერ ძალიან მტკივნეულია. ასმაგად საპასუხისმგებლოა ბავშვებისთვის წერა, მათი სული ხომ ნაზი და სათუთია, როგორც საშრობი ქაღალდი ისრუტავს მელანს, ისე ისრუტავს ბავშვის გონება თითოეულ ფრაზას, წინადადებას, სიტყვას. ითვისებს გარშემომყოფთა ქცევებს, მაგრამ ისინი შეიძლება სულ სხვანაირად გადაიხარშოს, გადამუშავდეს მის გონებაში და ისეთი შედეგი მივიღოთ, რაც ჩვენ არ მოგვეწონება. მეტისმეტი ზრუნვაც კი ბავშვებისთვის საზიანოა. აქაც გარკვეული ზღვარია საჭირო. მშობლებმა ხშირად არ ვიცით და ჩვენი შვილებისთვის უარესს ვაკეთებთ. ხანდახან მშობლის ან ოჯახის წევრის რაიმე უწყინარი ჩვევა ბავშვისთვის უბედურების მომტანიც კი შეიძლება იყოს. ვფიქრობ, მშობლებისთვის ცალკე სკოლები უნდა არსებობდეს, სადაც გვასწავლიან, როგორ უნდა აღვზარდოთ ბავშვი. პედაგოგიკის საკითხებში იმდენი მასალაა დაგროვილი ამ კუთხით, რომ არავის გვაწყენდა ამ კურსების გავლა. საბავშვო მწერალი ხშირად ბავშვის და მშობლის აღზრდის ფუნქციას თავის თავზე იღებს. სათანადო მაგალითებით ადგენს ქცევის ნორმებს, ამიტომაცაა საბავშვო მწერლობა ძალიან რთული და ყველას არ შეუძლია ამ საქმეს ხელი მოკიდოს.

- რას ურჩევდით მშობლებს, როგორ შევაყვაროთ ბავშვებს კითხვა?

- ბავშვებს რომ კითხვა შევაყვაროთ, პირველ რიგში, მათი ინტერესების სფერო უნდა განვსაზღვროთ. რა უყვართ, რა მოსწონთ, რაზე ფიქრობენ და ოცნებობენ. ყველა ბავშვი ინდივიდია, მათი წარმოსახვის სფეროც განსხვავებულია.

ჩემს მეგობარს შვილიშვილი ჰყავდა, რომელსაც ფეხბურთის მეტი არაფერი აინტერესებდა, დახმარება მთხოვა, მე დავუწერე მოთხრობების სერია, რომელშიც ფეხბურთელი ბიჭუნა მთელ რიგ სათავგადასავლო ისტორიებში არის ჩაბმული, ბავშვს ძალიან მოეწონა და დიდი ყურადღებით უსმენდა ჯერ ბებიას და შემდგომში თვითონ კითხულობდა. კარგად შერჩეული ლიტერატურა ბავშვებს აუცილებლად შეაყვარებს კითხვას. მე თვითონ სამი შვილი გავზარდე და ვიცი, რა რთულია ამ საკითხთან გამკლავება. უფროსი პატარაობაში ყველანაირ საბავშვო ლიტერატურას სიამოვნებით ისმენდა, ორი წლისამ ოცამდე ლექსი იცოდა ზეპირად, ხუთი წლისა უკვე ოთხ ენაზე საუბრობდა, ენციკლოპედიიდან რომ წაგეკითხა თავები, იმასაც კი მოუსმენდა, შემდგომში სწავლაშიც ბეჯითი იყო და კითხვაშიც. მეორეს მხოლოდ ძილის წინ უყვარდა ზღაპრების მოსმენა, ისიც აუცილებლად სასაცილო ისტორია უნდა ყოფილიყო. მახსოვს, ერთხელ ვაჟა-ფშაველას „შვლის ნუკრის ნაამბობი“ წავუკითხე, საშინლად ატირდა, მას მერე სევდიან ისტორიებს აღარ ვუკითხავდი. თვითონ რომ შეძლო კითხვა, სწორედ ვაჟა-ფშაველათი დაინტერესდა, რატომ არ მომწონდაო, დღეს მისი საყვარელი მწერალია. ჩემს გოგონას პამელა ტრავერსის „მერი პოპინსი“ უყვარდა, ხშირად კითხულობდა, მიუხედავად იმისა, რომ წიგნი შავ-თეთრი ილუსტრაციებით იყო გაფორმებული, მერე თვითონ დაიწყო ამ ნაწარმოებისთვის ფერადი ილუსტრაციების ხატვა, აქედან მივხვდით, რომ ხატვის ნიჭი ჰქონდა და სამხატვრო სასწავლებელში მივიყვანეთ. დღეს ის შესანიშნავი ილუსტრატორია, მიუხედავად პატარა ასაკისა (18 წლისაა), სამი წიგნი გააფორმა უკვე, მეოთხეზე მუშაობს. ასე რომ, მშობლებს ვურჩევ, ბევრი უკითხონ ბავშვებს, მათი გემოვნების გათვალისწინებით, მერე ისინი თვითონაც დაინტერესდებიან წიგნებით. შეიძლება კითხვამ მომავალი პროფესიაც კი აარჩევინოს. კარგი იქნება, თუ მათ თავისი ბიბლიოთეკის შექმნაშიც დავეხმარებით, რომელსაც სტუმრად მოსულ სხვა ბავშვებს აჩვენებენ. მოვაყოლოთ წაკითხული წიგნების შინაარსი, ჩავერთოთ სჯა-ბაასში, ეს ყველაფერი სტიმული იქნება თქვენი პატარებისთვის, იკითხონ რაც შეიძლება ბევრი.

- თქვენი მწელობით თუ გიპასუხიათ აქამდე დამახსოვრებული პატარა მაიას შიშებისთვის?

- შიშები, როგორც ვიცით, მარტო ბავშვებისთვის არ არის დამახასიათებელი, დიდებსაც გვეშინია ბევრი რამის. პატარას კი - მითუმეტეს, ფსიქიკაც რომ არ აქვს ჯერ მდგრადი. ჭირვეულობს, ხშირად ეცვლება ხასიათი. ჩემი აზრით, შიშები სწორედ პატარაობაში იღებს სათავეს და თუ მათ ვერ გავუმკლავდით, დიდობაში პრობლემად იქცევა-ხოლმე. მე პირადად, მახსოვს, სიბნელის, ღამის მეშინოდა, სოფელში ჩასული ვისმენდი ისტორიებს არაბუნებრივ არსებებზე: ჭინკებზე, ეშმაკუნებზე. შავი ხელი კარგად გვახსოვს ალბათ ყველას. ერთმანეთს ვაშინებდით-ხოლმე თანატოლები. როცა იზრდები, ხვდები, რომ ეს ყველაფერი ტყუილია, მაგრამ პატარას, ლოგინში ჩაწოლილს, ოთახში მელანდებოდა ათასი მოჩვენება. წავიფარებდი თავზე საბანს და ვკანკალებდი, ან ტყეში შესულს მეგონა, რომ ხეები მოძრაობდნენ, მთვარე კი უკან მომყვებოდა და ავი სულებისგან მიცავდა. რამდენიმე წლის წინ ზღაპარი დავწერე, „ნოემბერი“ ჰქვია, სადაც კაკალა ბიჭი და მისი ძაღლი მურა ამარცხებენ ჭინკებს, რომლებიც ნოემბერში ამოიყრებიან- ხოლმე ქვესკნელიდან, ტყუილად როდი ეძახდნენ ნოემბერს ჭინკობისთვეს ჩვენი წინაპრები. დაბრკოლების გადასლახავად პატარებმა ცოდნა უნდა მოიშველიონ, ასე ზღაპარ „პაპაში“, რომელიც საბავშვო ჟურნალ „დილაში“ დაიბეჭდა, ჭადრაკის მცოდნე პაპა-შვილიშვილი ტყის მეფესაც კი უმკლავდებიან, ძალა ცოდნაშია - ვეუბნები პატარებს ამ ზღაპრით, ამით შეგვიძლია ყველა დაბრკოლება გადავლახოთ ცხოვრებაში. პატარაობისას ასევე ძალიან მეშინოდა, არ ეკამათათ ჩემს მშობლებს, გაფაციცებული ვიყავი, ოდნავ შეხლა-შემოხლასაც, რომლის გარეშეც შეუძლებელია იარსებოს ოჯახმა, ძალიან განვიცდიდი. ამიტომ ჩემს ზღაპრებსა და მოთხრობებში მყარი ოჯახების, ერთმანეთის და შვილების მოყვარული დედ-მამა და ბებია-ბაბუები, ვიცი, რა მძაფრად განიცდიან ბავშვები ოჯახურ კონფლიქტებს, ამიტომ ვურჩევდი მშობლებს, ერთმანეთს რომც დაშორდნენ, ყველაფერი ხდება ცხოვრებაში, დაიტოვონ მეგობრული დამოკიდებულება, რომ შვილები სტაბილურ, თბილ გარემოში გაიზარდონ. ნაწარმოებებში პროტესტს გამოვხატავ, ოღონდ შეფარულად, შენიღბულად, მინდა, დედებმა თვითონ გაზარდონ თავიანთი შვილები. ძალიან მიჭირდა დედასთან განშორება ბავშვობაში, მაღაზიაშიც კი რომ მიდიოდა, საოცრად მტკივნეულად განვიცდიდი. ალბათ ამ თემაზე დავწერ ნაწარმოებს, პროტესტს გამოვუცხადებ ბედუკუღმართ ცხოვრებას, რომელიც ცდილობს ოჯახის წევრები ერთმანეთს დააცილოს ნებსით თუ უნებლიედ.

- როგორია სამყარო რომელშიც ცხოვრობთ წერის დროს?

- სამყარო, რომელშიც საბავშვო მწერლები ცხოვრობენ, ცოტათი განსხვავდება ჩვეულებრივისგან, იქ ნაკლებად ფიქრობენ მატერიალურზე, ეს ოცნებების, სიზმრების სამყაროა, სადაც კეთილი ყოველთვის იმარჯვებს ბოროტზე და ეს ბოროტებაც პირობითია. ჩვენ ის უარყოფითი გმირებიც გვიყვარს, ზღაპრებში რომ გვხვდება. დააკვირდით, როგორი საყვარელია დევი, რომელსაც ქართველი მხატვარი-ილუსტრატორები ხატავენ, ნახევარქათამაც, რომელმაც ლამისაა ყველა და ყველაფერი გადაყლაპოს. ისინი უფრო სასაცილოები არიან, ვიდრე საშინელები და საშიშები, იმიტომ რომ ბავშვს არავინ არ უნდა სძულდეთ. ის არ უნდა იმარხავდეს წყენას გულში. თუ დავაკვირდებით, ბავშვებიც ასეთები არიან, დიდხანს არ ინახავენ ბრაზს, ცუდს არ იმახსოვრებენ, სიმდიდრის გამო არ უყვართ. მე მგონი, საბავშვო მწერლებიც ასეთები არიან, დიდი ბავშვები. თუ სიკეთის ველში არ იცხოვრა მწერალმა, ფანტაზიის და ოცნებების სამყაროში, ის ვერასოდეს გახდება დიდი მწერალი, მსოფლიო მასშტაბით პატარა ქვეყნების მწერლებიც ქმნიან ბევრ ღირებულს, მაგრამ ისინი ვერ აწვდენენ თავიანთ ხმას ბავშვებს მთელ დედამიწაზე. საჭიროა მათი ნაწარმოებების თარგმნა, რაც ფინანსებთან არის დაკავშირებული, აქ კი ისევ დიდების საქმეში გადავიჭერით, დიდ ბავშვებს, საბავშვო მწერლებს კი ეს აკლიათ სწორედ, საჭიროა მათი დახმარება ამ საქმეში.

- როგორია საბავშვო მწერლის ბედი საქართველოში. ხშირად გულისტკივილით  ამბობენ, რომ საბავშვო მწერლობას მეტი ხელშეწყობა ჭირდება, რა იგულისხმება ამაში და თქვენ რას ფიქრობთ, ვინ უნდა იზრუნოს ამაზე?

- საქართველოში მძიმეა საერთოდ მწერლის, მათ შორის, საბავშვო მწერლის ხვედრიც. რთული ეკონომიკური თუ საერთაშორისო პოლიტიკური პრობლემების მქონე ქვეყანაში უჭირს მოსახლეობას, შესაბამისად, წიგნის მყიდველიც ცოტაა. მწერლების უმეტესობას იმის საშუალებაც კი არა აქვს, რომ გამოსცეს წიგნი და თუ კი მაინც გამოსცა, ჭირს მათი რეალიზაცია. რატომღაც ისედაც მწირ მკითხველს, ნაკლებად აინტერესებს ქართველი ავტორები. არა და თუ გვინდა მივიღოთ კარგი პროდუქტი ანუ კარგი წიგნი, მწერალს სტიმული უნდა ჰქონდეს, იმუშაოს. ვითომ გვრცხვენია, რომ გაჭირვებაში იყვნენ ვაჟა-ფშაველა, ნიკო ფიროსმანი, მაგრამ არაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მომავალი გენიოსების წინაშე ისევ არ შევრცხვეთ. მეზობელ პოსტსაბჭოურ ქვეყნებში, სომხეთში, აზერბაიჯანში, მწერალთა კავშირის წევრებს ყოველთვიური ხელფასი ერიცხებათ, რატომ არ შეიძლება, ჩვენს ქვეყანაშიც გაკეთდეს ესეთი რამ? საბავშვო მწერლებს დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ მომავალი თაობის აღზრდაში. ახალი საბავშვო ნაწარმოებები უნდა შევიდეს სასკოლო პროგრამებში, უნდა გადახალისდეს საბავშვო ლიტერატურა, დაემატოს მრავალი ახალი თანამედროვეობას მორგებული ლექსი, მოთხრობა, ზღაპარი თუ პიესა. უნდა ცხადდებოდეს კონკურსები ამასთან დაკავშირებით, ეს ყველაფერი უნდა ხდებოდეს გამჭვირვალედ, რომ ყველა საბავშვო მწერალმა მიიღოს ამ საქმეში მონაწილეობა. ამისთვის ზრუნვა სახელმწიფოს, პირველ რიგში, კულტურის და განათლების სამინისტროების ვალია. აქედან გამომდინარე, საბავშვო მწერლებს, როგორც მომავალი თაობის გზამკვლევთ, განსაკუთრებული მოპყრობა და ხელშეწყობა სჭირდებათ. ამ დროს საბავშვო ჟურნალ „დილას“, რომელიც ქვეყნის ეროვნული საგანძურია, სახელმწიფო დაფინანსება გაუნახევრდა წელს, რის გამოც გამომცემლობას თანამშრომლებიც შემოეფანტნენ, ხოლო საბავშვო მწერლები, პოეტები და ილუსტრატორები უჰონორაროდ მუშაობენ. ძალიან მნიშვნელოვანია, დიდ ეროვნულ საქმეში მდიდარი ადამიანებიც იღებდნენ მონაწილეობას, ეს იქნება, წიგნების, ჟურნალების გამოცემა თუ მწერლებისთვის ჰონორარის დანიშვნა, რაც ზოგიერთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ბევრი ბიზნესმენი ამას აკეთებს კიდეც, მათ დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ ერის წინაშე. ადამიანები უნდა ხვდებოდნენ, რომ ისინიც ზრუნავენ თავიანთ ქვეყანაზე, მათაც ეწვით სული და გული, მათაც უყვართ სამშობლო და ერი ერთიანია ეროვნულ საკითხებში. ჩემი აზრით, საჭიროა ჩატარდეს სამართლიანი ლიტერატურული კონკურსები, გამოვლინდნენ საუკეთესოები და დაფინანსდეს მათი წიგნები და არა ნაცნობ-მეგობრების. კარგი იქნება, თანამედროვე საბავშვო პროზაული ნაწარმოებების კრებული გამოვიდეს, გაიცნოს ქვეყანამ ახალი ავტორები. გულდასაწყვეტია ის, რომ საქართველოში ერთი და იმავე ავტორების ნაწარმოებებს ბეჭდავენ, არ ხდება ახალი ავტორების წარმოჩენა და გაცნობა საზოგადოებისათვის. ასევე, მივესალმები, გამომცემლობებმა, ექსპერიმენტის სახით, სხვადასხვა საბავშვო ავტორების თითო ნაწარმოები მაინც დაბეჭდონ ფერადი ილუსტრაციებით. ხალხს უნდა მიეცეს საშუალება, შეარჩიოს საუკეთესო ავტორი მათ შორის, ამ ინფორმაციის გაჟღერება უნდა მოხდეს ტელევიზიებსა და სოციალურ ქსელებში. შეიძლება, მოსახლეობას, მათ შორის, ბავშვებს, მოეწონოთ კიდეც და სიამოვნებით ჩაერთონ ამ ექსპერიმენტში. ასევე აუცილებელია ქართველი საბავშვო ავტორების ნაწარმოებების თარგმნა. ადრე, საბჭოთა დროს, ეს წარმატებით ხორციელდებოდა, მრავალ ენაზე ითარგნებოდა, დღეს ეს ისევ ფინანსებთანაა დაკავშირებული. აქაც ვინც „ყოჩაღია“, იმას უმართლებს, ბევრი ავტორი მივიწყებულია, თავს არ ვიქებ, მაგრამ არა მგონია ჩემი „ფანქრის მთლელი“, რომელიმე ევროპულ ზღაპარზე ნაკლები იყოს, კიდევ მრავალი ჩემი ზღაპარი ძალიან ეროვნულია, კარგი იქნებოდა, გაგვეცნო უცხოელებისთვის.

- რას თვლით თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?

- ჩემს ყველაზე დიდ მიღწევად შემოქმედებით ასპარეზზე მიმაჩნია ის, რომ ბავშვებისთვის ვწერ. არაფერი ჯობია ბავშვის გახარებული და ბედნიერი სახის დანახვას. როცა საბავშვო ბაღში ან სკოლაში მიწვევენ, ვხედავ, რომ ბავშვებს ყველაზე მეტად გამოცანების გამოცნობა ამხიარულებთ. ამიტომ ხშირად ვწერ გამოცანებს. ჩემი აზრით, ცოცხალ საბავშვო მწერლებთან შეხვედრა ბავშვებისთვის დაუვიწყარი ემოციაა, მით უმეტეს ჟურნალ „დილის“ ავტორებთან, ამიტომ პედაგოგებს ვურჩევ, ხშირად მოიწვიონ მწერლები მოსწავლეებთან თუ საბავშვო ბაღის აღსაზრდელებთან. ეს ჩვენც გვაბედნიერებს, საბავშვო მწერლებს. ცხოვრებისეულ მიღწევად კი შვილები მიმაჩნია. ისინი განათლებული, ჭკვიანი ადამიანები არიან. პატრიოტები, ერთგულად ემსახურებიან ქვეყანას სახელმწიფო სამსახურში მყოფნი. გოგონა კი, როგორც უკვე აღვნიშნე, მხატვარი-ილუსტრატორია, ის, რასაც აკეთებს, ფასდაუდებელი შრომაა ქართული ლიტერატურისთვის.

- ხატვის ნიჭზეც მინდა გვიამბოთ. როგორც ვიცი ოჯახში მხატვრები ხართ და საკუთარი წიგნის ილუსტრაციებს აკეთებთ თქვენს გოგონასთან ერთად...

- ჩემს ოჯახში ხელოვნება და ხატვა ძალიან უყვარდათ. მამა შესანიშნავად ხატავდა, მაგრამ ხუთი შვილის პატრონს, ეტყობა, სახატავად არ ეცალა, ჩვენ კი გვაყვარებდა. ვძერწავდით, ვაქანდაკებდით. ყველაზე კარგად ჩემს და-ძმას გამოსდიოდათ ეს ყველაფერი. ისინი პროფესიონალი მხატვრები, მხატვართა კავშირის წევრები არიან.  ჩემმმა ქალიშვილმა - სოფიომაც სამხატვრო სასწავლებელი - ათწლედი დაამთავრა, ახლა თბილისის სამხატვრო აკადემიაში მეორე კურსის სტუდენტია. ასე რომ, მუდმივად მქონდა მხატვრობასთან, ფუნჯებთან და საღებავებთან შეხება. ერთ დღესაც, დიდი სურვილი გამიჩნდა რამე დამეხატა. პირველი ნახატი იყო მზის ჩასვლა მთებში. ლამაზი გამოვიდა. ვიფიქრე, თუ ვივარჯიშებდი, შემეძლო უკეთესი ნამუშევრები შემექმნა. ეს უფრო ჩემი გატაცებაა, ჰობი, რომელიც დასვენების, განტვირთვის საშუალებას მაძლევს.

- და ბოლოს, რას უმზადებთ ახალს პატარა მკითხველებს?

- საბავშვო წიგნი გამოსაცემად მზად მაქვს, მასში ლექსები, გამოცანები, რამდენიმე ზღაპარი და ერთი პიესა შევა. ილუსტრაციები ამ წიგნისთვის მე და ჩემმა სოფიომ გავაკეთეთ. ისინი ფერადია, მაგრამ უსახსრობის გამო, სავარაუდოდ, შავ-თეთრი იქნება წიგნში. დიდი მასალა მაქვს დაგროვილი პროზაშიც, პოეზიაშიც, მაგრამ მათ გამოსაცემად ფინანსები არ გამაჩნია, თხოვნაც არავისთვის არ მიყვარს...

 

ირმა მირზაშვილი, სპეციალურად „მშობელისთვის“

 

 

განათლება