2019-10-01

არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ „ღია საზოგადოების ფონდის“ დაფინანსებით სკოლებში პერსონალური მონაცემების მართვის სისტემის შესწავლას იწყებს.

„სკოლებში პერსონალური მონაცემების  დაცვის პილოტირების” პროექტის მიზანია, საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პერსონალური მონაცემების მართვისა და დაცვის სისტემის/მოდელის შექმნის ხელშეწყობა, რომელიც თავდაპირველად 3 სამიზნე სკოლაში დაინერგება.  პროექტის დასრულების შემდგომ მიღებული გამოცდილების გადატანა სხვა საჯარო და კერძო სკოლებშიც იქნება შესაძლებელი. 

სკოლების შერჩევა ურბანული კრიტერიუმით მოხდა. რაც საშუალებას იძლევა მეტნაკლები ალბათობით გამოიკვეთოს 3 ტიპის დასახლებაში (დედაქალაქი, მუნიციპალური ცენტრი, სოფელი) არსებული სკოლებისთვის დამახასიათებელი პრობლემები და აქტუალური საკითხები.  შერჩეულ სკოლებში პრაქტიკისა და სისტემის გაუმჯობესებით, მართვის მოდელის შექმნით შესაძლებელი იქნება ამ მოდელის სხვა დაწესებულებებში დანერგვა-ადაპტაცია, რაც ხელს შეუწყობს განათლების სისტემაში პირველ რიგში ბავშვთა და ახალგაზრდების პერსონალურ მონაცემთა დაცვას.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია:

  • ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში პერსონალურ მონაცემთა მართვისა და დაცვის რეგულაციური გარემოს კვლევა;
  • სამიზნე ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში პერსონალურ მონაცემთა მართვისა და დაცვის პრაქტიკის კვლევა;
  • სამიზნე სკოლების პერსონალის, მოსწავლეებისა და მათი მშობლების ტრენინგები ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხებზე.
  • ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში პერსონალური მონაცემების მართვის სახელმძღვანელოს მომზადება;

პროექტი 10 თვის განმავლობაში გაგრძელდება. მიღებული შედეგები და რეკომენდაციები მიეწოდება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ასევე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატს და სხვა დაინტერესებულ პირებს.  

განათლება