2019-05-22

მოსწავლეებს, რომლებმაც ბანკეტს ბავშვთა სახლში სტუმრობა არჩიეს, ილიაუნი საგზურს გადასცემს.

როგორც „მშობელს“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანა კვანჭილაშვილმა განუცხადა, მოსწავლეები აბასთუმანში ორ დღეს გაატარებენ.

„ქუთაისის მე-14 სკოლის მე-12ა კლასმა გადაწყვიტა, რომ ბანკეტი არ გადაეხადათ და ამის ნაცვლად ბავშვთა სახლს ესტუმრნენ. ეს ამბავი ინტერნეტით შევიტყვეთ და გადავწყვიტეთ, რომ ჩვენ ვაჩუქოთ ორდღიანი შემეცნებითი ექსკურსია აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში. ორი დღის განმავლობაში ისინი იქნებიან ჩვენს კვლევით სამეცნიერო ბაზაზე, ჩაუტარდებათ ექსკურსია, დაათვალიერებენ მუზეუმს, ექნებათ ვარსკვლავებზე დაკვირვების შესაძლებლობა, იქვე ადგილზე გავაკეთებთ ბანკეტსაც და ამ ყველაფრის ფოტო-ვიდეო გადაღებასაც ვაჩუქებთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისგან. ვფიქრობთ, რომ სიკეთე გადამდებია და ამ ფორმით დავუბრუნოთ მათ სიკეთე, რადგან ვთვლით, რომ ძალიან კარგი საქციელია ის, რაც მათ მოიფიქრეს“, - აცხადებს ანა კვანჭილაშვილი.

მისივე თქმით, საგზურები მათ 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გადაეცემათ.

„სასრუმრო „ბაგრატში“ გვექნება დიდი ღონისძიება, სადაც შევხვდებით დამამთარებელი კლასის მოსწავლეებს. სწორედ ამ ღონისძიებაზე დავაჯილდოვებთ მათ ამ საგზურებით“.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მე-14 საჯარო სკოლის მე-12ა კლასის მოსწავლეებმა წელს ბანკეტი არ გადაიხადეს. ისინი ბანკეტის ნაცვლად ზესტაფონის ბავშვთა სახლს ესტუმრნენ.

განათლება