2022-12-01

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო UNICEF-თან ერთად საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით  სასკოლო კვების კონცეფციაზე მუშაობს.

„სამინისტროს ინიციატივითა და გაეროს ბავშვთა ფონდის ჩართულობით მუშაობა დაიწყო უწყებათაშორისმა ჯგუფმა, რომელიც სასკოლო კვებასთან დაკავშირებით კონკრეტულ გეგმას შეიმუშავებს და საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს წარუდგენს. შესწავლილ იქნა ადგილობრივი შესაძლებლობები, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა და მიმდინარეობს სასკოლო კვების კონცეფციაზე აქტიური მუშაობა. განიხილება კვების მიწოდების სხვადასხვა მოდელი სურსათის უვნებლობის ექსპერტების და სხვა პროფესიონალების ჩართულობით ქვეყნის მასშტაბით რეგიონებისა და რაიონების სპეციფიკის გათვალისწინებით. აღნიშნულ პროცესში პარლამენტის დარგობრივი კომიტეტებიც აქტიურად ჩაერთვებიან“, - განაცხადა განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, საჯარო სკოლებში სასკოლო კვების პროგრამის დანერგვის მიზნით, მუშაობა ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.

დოკუმენტი, რომელსაც ხელი მოაწერეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში, ღასან ხალილმა, საქართველოს სკოლებში მოსწავლეთა სასკოლო კვების პროგრამის დანერგვის ხელშეწყობის კუთხით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ითვალისწინებს.

განათლება