2022-06-03

ოკუპირებული გალის რაიონის ომამდელი საზღვრების სკოლებში 27-ე ბოლო ზარი დაირეკა. 

ბოლო ზარს გალის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნონა შონია ეხმაურება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. 

"დღეს ოკუპირებული გალის რაიონის ომამდელი საზღვრების სკოლებში ბოლო ზარი დაირეკა, ომის შემდეგ  27-ე  ბოლო ზარი!  ყველა სკოლას, მოსწავლეს, მასწავლებელს, მშობელს გილოცავთ  სასწავლო წლის დამთავრებას და ბედნიერ, შინაარსიან  დასვენებას გისურვებთ!  ამ დღეს განსაკუთრებულად  გილოცავთ  ახალგაზრდებს, რომლებმაც სკოლის კედლებში საინტერესო და დაუვიწყარი 11 წელი განვლეთ და დაფრთიანებულები ემზადებით ახალი გზების დასალაშქრად, ახალი ცხოვრების დასაწყებად! ბევრი თქვენგანი მიაშურებს უმაღლეს სასწავლებელს, ბევრი პროფესიულ განათლებას მიიღებს, ბევრიც მშობლიურ კუთხეში დარჩება და მშობლებთან ერთად  გააგრძელებს საოჯახო საქმეებს. მთავარია, სწორი გადაწყვეტილება მიიღოთ, არასოდეს დაივიწყოთ,  ვისი გორისანი ხართ და  არჩეულ გზებზე თავაღმართულებმა, ამაყებმა იაროთ ისე, რომ უკან მოხედვის არასოდეს  შეგრცხვეთ, არასოდეს შეგეშინდეთ!  თქვენი საყვარელი მასწავლებლების თავდადების შედეგად  ბევრჯერ გამოგიჩენიათ თავი სწავლაში, ინტელექტუალურ და სპორტულ შეჯიბრებებში, კონკურსებში, სხვადასხვა ღონისძიებაში,  პროექტებში;  ბევრჯერ ვყოფილვართ თქვენი ნიჭიერების მოწმენი!  მიუხედავად ბოლო ქართული კლასის გამოშვებისა, გვჯერა, რომ მშობლიურ სამურზაყანოში არასოდეს ჩაკვდება ქართული სული,  გვჯერა შერიგების, გვჯერა თქვენი მასწავლებლების, მშვიდობიან სამყაროში თქვენი წარმატებული და ბედნიერი მომავლის!!!  გზები დაგელოცოთ!!!", - წერს რესურსცენტრის ხელმძღვანელი.

განათლება