2020-12-22

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატის, მიხეილ ჩხენკელის თქმით, სკოლებში ბავშვთა კვების საკითხზე მუშაობენ. ამის შესახებ მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენისას განაცხადა.

ბავშვთა კვების საკითხზე მინისტრობის კანდიდატს კითხვა დასვა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ:

"ხშირად არის საუბარი ბავშვთა შიმშილობაზე. მე დავაზუსტებდი, ეს არასწორი ტერმინია. ასეთი დეფინიცია არ არსებობს და არც რეალობას არ ასახავს. უფრო სწორი იქნება, რომ ბავშვთა არასრულფასოვან კვებაზე ვისაუბროთ. ეს ნამდვილად პრობლემაა. ხომ არ ფიქრობთ, რომ დროა შევეჭიდოთ არცთუ ისე მცირე ბიუჯეტიან საკითხს სკოლაში ბავშვთა კვების თაობაზე? საწყისს ეტაპზე, დაწყებით კლასებში მაინც რომ გვეფიქრა ამაზე".

როგორც ჩხენკელმა განაცხადა, ეს მნიშვნელოვანი საკითხია, რომელზეც UNICEF-თან და ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად მუშაობა უკვე დაწყებული აქვთ.

"ეს საკმაოდ რთული გამოწვევაა და განსაკუთრებით აქტუალური გახდა ახლა. UNICEF-თან და, როგორც გითხარით, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად რამდენიმე სტრატეგიული მიმართულება გვაქვს შემუშავებული როგორ უნდა განხორციელდეს ეს. რა საკვირველია, კომიტეტთან ერთად გავიაროთ ეს საკითხები, რადგანაც ეს დაკავშირებულია სერიოზულ ფინანსებთან", - აღნიშნა ჩხენკელმა.

განათლება