2020-09-02

გალის რაიონის სკოლებში სასწავლო პროცესი, ტრადიციულად პირველ სექტემბერს განახლდა.

დე ფაქტო განათლების მინისტრის განკარგულების შესაბამისად, მასწავლებლები შესაბამისი მითითებებით მოქმედებენ, თუმცა პირბადეების მარაგი არ აქვთ.

„დავიწყეთ სწავლა და ვიცავთ იმ მითითებებს, რაც დაწესებულია. დაწყებიით კლასებში გაკვეთილების ხანგრძლივობა 30 წუთამდე შემცირდა, შესვენება 15 წუთამდე გაიზარდა. დაწყებითი და მაღალი კლასის მოსწავლეების შესვენებები ერთმანეთს არ უნდა დაემთხვეს. ვიცავთ დისტანციას, შესაბამისი შეზღუდვაა სასადილოში შესვლაზეც. მასწავლებლებს ვალდებულება გვაქვს გვეკეთოს პირბადე, თუმცა მარაგი არ გვაქვს. თუ არ მოგვამარაგებენ, არც გვექნება, შესაბამისად ამ შეზღუდვას ვერ დავექვემდებარებით“, - განუცხადა „მშობელს“ გალის რაიონის ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელმა.

მისივე თქმით, დე ფაქტო რეჟიმი, სკოლებში სწავლებას მხოლოდ 20 სექრემბრამდე გეგმავს და შემდგომ დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა იგეგმება.

„დაზუსტებით არ ვიცით, მაგრამ ამბობენ, რომ 20 სექტემბრის შემდეგ დისტანციურად მოგვიწევს სწავლაო. ერთი ვერსიით, მასწავლებელებს მოგვიწევს სკოლაში მოსვლა, მოსწავლეები კი სახლებიდან ჩაგვერთვებიან, თუმცა აქ მსგავსი სწავლება რამდენად მოხერხდება ვერ გეტყვით. ბავშვების უმრავლესობას არ აქვს კომპიუტერი და ინტერნეტი, შესაბამისად, სწავლის პროცესი ალბათ შეფერხდება“.

მასწავლებლები იმასაც ამბობენ, რომ სექტემბრის ბოლოს, დე ფაქტო მთავრობა ხელახალი კარანტინის გამოცხადებას გეგმავს.

„გვითხრეს, რომ შესაძლოა 27 სექტემბრიდან კარანტინი განახლდეს, ალბათ ამასვე უკავშირდება მალევე დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის გეგმაც. გზის გახსნის იმედი კი საერთოდ ქრება, პარალელურად კი აქ ჩაკეტილი ცხოვრება სულ უფრო რთულდება. ვფიქრობთ, მიზანი, ჩვენი ნებით დავტოვოთ აქაურობა, კორონავირუსის მიზეზით, მალე სისრულეში იქნება მოყვანილი“.

გალის რესურსცენტრის ხელმძღვანელის, ნონას შონიას ინფორმაციით, სკოლებში ქართული კლასები მხოლოდ ქვედა ზონაშია დარჩენილი, ისიც მხოლოდ მე-10-მე-11 კლასებში.

ქართული ერთ-ერთ რიგით ენად ისწავლება ზედა და ქვედა ზონის სკოლებში. რაც შეეხება ტყვარჩელსა და ოჩამჩირეს მიკუთვნებულ გალის სკოლებს, ქართული საერთოდ არ ისწავლება. საგნებს რუსულად ასწავლიან.

განათლება