2020-05-15

წლის ბოლოს მოსწავლეთა შეფასების საკითხებზე, სამინისტრომ ახალი მოდელი შეიმუშავა.

მინისტრის განმარტებით, ახალი მოდელით მოსწავლეთა შეფასება და წლიური ქულის განსაზღვრა გულისხმობს თითოეული მოსწავლისთვის ინდივიდუალურ მიდგომას, ამავე დროს აკადემიური სტანდარტის შენარჩუნებასა და დაცვას. 

2019-2020 სასწავლო წელს, მოსწავლეთა შესაფასებლად, განისაზღვრა შეფასების ორი სავალდებულო ფორმა - განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება.

„დისტანციური სწავლებისთვის წამყვან ექსპერტებთან ერთად შევიმუშავეთ შეფასების  საინტერესო მოდელი, რომელიც საერთაშორისო გამოცდილებას ეფუძნება. ამ მოდელის მთავარი ფილოსოფია გახლავთ ის, რომ იგი ორიენტირებულია თითოეულ მოსწავლეზე და, ამავდროულად, შენარჩუნებულია აკადემიური სტანდარტი. განმავითარებელი შეფასება არის მსოფლიოში აპრობირებული, რომელიც გამოიყენება ისეთ წამყვან ქვეყნებში, როგორებიცაა ფინეთი და ესტონეთი. იგი მასწავლებელს აძლევს საშუალებას, სიღრმისეულად შეაფასოს მოსწავლის აკადემიური დინამიკა, მისი ძლიერი და სუსტი მხარეები. იგი უფრო სიღრმისეულია, ვიდრე წლიური შეფასება. ნიშანი, როგორც განმსაზღვრელი შეფასება, ასევე შენარჩუნებული იქნება. ჩვენ შევიმუშავეთ შეფასების ალტერნატიული გზებიც: იმისთვის, რომ წავახალისოთ სკოლების ავტონომია და მათი დამოუკიდებლობის ხარისხი, შევთავაზებთ, თავად შეაფასონ მოსწავლის მოსწრება.“

განმავითარებელი შეფასებისას, მასწავლებელი სასწავლო წლის განმავლობაში აღწერს თითოეული მოსწავლის განვითარების დინამიკას, რაც ხელს უწყობს სწავლის ხარისხის გაუმჯობესებასა და მომდევნო სასწავლო წელს ეფექტიანი საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვის შესაძლებლობას.

განმსაზღვრელი შეფასება აკონტროლებს სწავლების ხარისხს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მიზნებთან მიმართებაში და მოსწავლის ცოდნის დონეს აფასებს შესაბამისი ქულებით.

მოსწავლის შესაფასებლად, სამინისტრომ შეიმუშავა შეფასების ალტერნატიული გზებიც. კერძოდ, 

  • მოსწავლის 2019-2020 სასწავლო წლის წლიურ ქულად განისაზღვრება მოსწავლის მიერ I სემესტრში მიღებული ქულა 
  • მოსწავლის 2019-2020 სასწავლო წლის წლიურ ქულად განისაზღვრება მოსწავლის მიერ I სემესტრში მიღებული ქულის მეორე სემესტრის 6 კვირის განმავლობაში გავლილი პროგრამისა და დისტანციური სწავლების პროცესში მიღებული ცოდნის შეფასების საფუძველზე მიღებული შემაჯამებელი ქულის საშუალო არითმეტიკული 
  • იქიდან გამომდინარე, რომ მეხუთე კლასის მოსწავლეებისთვის განმსაზღვრელი შეფასება იწყება II სემესტრიდან, 2019-2020 სასწავლო წლის II სემესტრის 6 კვირის განმავლობაში გავლილი პროგრამისა და დისტანციური სწავლების პროცესში მიღებული ცოდნის შეფასების საფუძველზე გამოითვლება მეხუთეკლასელების წლიური ქულა
  • იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს 2019-2020 სასწავლო წლის I სემესტრის შეფასება არა აქვს, მოსწავლის წლიური ქულა განისაზღვრება 2019-2020 სასწავლო წლის II სემესტრის 6 კვირის განმავლობაში გავლილი პროგრამისა და დისტანციური სწავლების პროცესში მიღებული ცოდნის შეფასების საფუძველზე

მიხეილ ჩხენკელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამინისტრო დისტანციურ სწავლებას განიხილავს, როგორც  სწავლების შეუფერხებლად გაგრძელების შესაძლებლობას. სწორედ ამიტომ, სამინისტროს მიერ შემუშავებული შეფასების ახალი მოდელი, პანდემიის პირობებში არსებულ რეალობასთან სრულ შესაბამისობაშია.

მინისტრის თქმით, სასწავლო წლის დასრულების ვადები არ შეიცვლება. 

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში 2019-2020 სასწავლო წელს ყველაზე ადრე, 20 მაისს დამამთავრებელი, მე-12 კლასის მოსწავლეები დაასრულებენ.

პირველი კლასის მოსწავლეებისთვის სწავლა 27 მაისს, ხოლო ყველა დანარჩენი II-XI კლასებისთვის სწავლა 15 ივნისს დამთავრდება.

ამ გრაფიკით იხელმძღვანელებენ როგორც სკოლები, ასევე პირველი არხის პროექტი „ტელესკოლა“.

მიუხედავად იმისა, რომ სასწავლო წელს ყველაზე ადრე მე-12 კლასის მოსწავლეები დაასრულებენ, გათვალისწინებული იქნება მათი, როგორც აბიტურიენტების ინტერესები და "ტელესკოლის“ ფარგლებში მათთვის განკუთვნილი სპეციალური გაკვეთილები 15 ივნისამდე ჩატარდება.

მინისტრმა აღნიშნა, რომ მოსწავლეები წლიური ქულის ამაღლებას დაუბრკოლებლად შეძლებენ.

იმ შემთხვევაში, თუ განსაზღვრული წლიური ქულა მოსწავლისთვის არ არის დამაკმაყოფილებელი და სურს საგნის წლიური ქულა აიმაღლოს, მას ექნება შესაძლებლობა სკოლის ადმინისტრაციას ნებისმიერი ფორმით (განცხადება, ელექტრონული ფოსტა, სატელეფონო შეტყობინება) მიმართოს და კონკრეტულ საგანში ნიშანი აიმაღლოს.

„მინდა გითხრათ, რომ მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში ჩვენ მიერ შემუშავებული წლიური შეფასების სისტემა აპრობირებული მოდელია და პედაგოგიური თვალსაზრისითაც ძალიან საინტერესოა“.

ვადები განსხვავებულია XII და IX კლასებისა და დანარჩენი კლასების მოსწავლეებისთვის.

კერძოდ, XII კლასის მოსწავლეებს, რომელთაც განსაზღვრული წლიური ქულა არ აკმაყოფილებთ და IX კლასის მოსწავლეებს, რომლებმაც გადაწყვიტეს სავალდებულო ზოგადი განათლების მიღების შემდეგ სისტემიდან გასვლა, შესაძლებლობა აქვთ სკოლის ადმინისტრაციას მიმართონ21-დან 29 მაისის ჩათვლით და კონკრეტულ საგანში ნიშნის ამაღლების სურვილი დააფიქსირონ. სკოლის ადმინისტრაცია მათ 19 ივნისამდე მისცემს კომპლექსურ დავალებას, რომლის საფუძველზეც ისინი საბოლოოდ შეფასდებიან. სკოლის ადმინისტრაცია ვალდებულია მოსწავლეებს წინასწარ გააცნოს კომპლექსური დავალებები და ჩაუტაროს კონსულტაციები საჭიროებისამებრ.

რაც შეეხება დანარჩენი კლასების მოსწავლეებს, რომელთაც განსაზღვრული წლიური ქულა არ აკმაყოფილებთ და სურთ წლიური ქულის ამაღლება, შესაძლებლობა აქვთ სკოლის ადმინისტრაციას 16-დან 30 ივნისის ჩათვლით მიმართონ და კონკრეტულ საგანში შეფასება გაიუმჯობესონ.

ნიშნის გამოსწორების შესაძლებლობა მათ 2020-2021 სასწავლო წლის პირველ სემესტრში მიეცემათ.

რაც შეეხება ერთიან ეროვნულ გამოცდებს, დღევანდელი მდგომარეობით, იმავე ფორმატითა და იმავე დროს ჩატარდება, როგორც ტარდებოდა.

"ამ ეტაპზე ეროვნული გამოცდების არც ფორმატის და არც თარიღების ცვლილება არ განიხილება. შესაბამისად, ჩვენ ორიენტაცია გვაქვს ივლისზე. როგორც წინა წლებში, ივნისში მთელ საზოგადოებას ვაცნობებთ დეტალებს ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით. ერთადერთი, რაც შეიძლება შეიცვალოს, ეს არის თარიღების ცვლილება და აგვისტოს თვეში გადატანა. თუმცა ეს მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას ეპიდსიტუაცია მოითხოვს და გვექნება მკაფიო რეკომენდაცია სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისგან.“

მინისტრმა განაცხადა, რომ აბიტურიენტთა და სტუდენტთა ინტერესების გათვალისწინებით ერთიანი ეროვნული, საერთო სამაგისტრო და სტუდენტთა საგრანტო გამოცდებზერეგისტრაციის ვადა 30 აპრილის ჩათვლით გახანგრძლივდა. 1 მაისის მონაცემებით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 39300-ზე მეტი აბიტურიენტია რეგისტრირებული; საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების მსურველთა რაოდენობა 12600-ზე მეტს შეადგენს; ხოლო სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე გასვლის სურვილი 3600-ზე მეტმა სტუდენტმა გამოხატა.

მიხეილ ჩხენკელის თქმით, ამ ეტაპზე ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების ვადების ცვლილება არ განიხილება. ჩვეულებრივ, გამოცდები ივლისში ტარდება და მისი ჩატარების ზუსტი თარიღები ივნისში განისაზღვრება.

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ სამინისტროს მთავარი ამოცანაა, ერთი მხრივ, მაქსიმალურად დაიცვას გამოცდებში მონაწილეთა ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, მეორე მხრივ კი, საგამოცდო პროცესი სრულყოფილად წარმართოს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი იმოქმედებს ეპიდსიტუაციისა  და  რეკომენდაციების შესაბამისად. საგამოცდო პროცესის ორგანიზებისას გათვალისწინებული იქნება უსაფრთხოების ყველა ზომა, მათ შორის, დისტანცირების, ჰიგიენური ნორმების დაცვისა თუ დეზინფექციის საკითხები. გამოცდის მსვლელობისას ერთ სივრცეში (სექტორში) განთავსდება არაუმეტეს 10 აბიტურიენტისა რეკომენდებული დისტანციის დაცვით.

 

 

 

განათლება