2021-12-22

"საქართველოში „ომიკრონის“ შემოსვლამ და მისი დომინანტურ შტამად გადაქცევამ შეიძლება გამოიწვიოს 12-15 ათასი ინფიცირებული ყოველდღიურად", - ამის შესახებ იმუნიზაციის საბწოს წევრმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

„გავრცელების საკითხი ყველაზე მეტად სახიფათოა, რაც ამ ვარიანტთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას. ჯერჯერობით, არ გვაქვს საბოლოო შეფასება, არის თუ არა დაავადების ამ შტამის მიმდინარეობა უფრო მძიმე, ვიდრე აქამდე გავრცელებული შტამები. ძირითადი კვლევებით მიუთითებენ, რომ დაავადების მიმდინარეობა ხასიათდება გაციების მსგავსი სიმპტომატიკით, ყელის ტკივილით, ფხაჭნის შეგრძნებით, ცხვირიდან გამონადენით, შესაძლებელია ხველა, დაბალი ტემპერატურა, და ოფლიანობა. არ ახასიათებს მაღალი ტემპერატურა, სახსრების და თავის ტკივილი, არ ფიქსირდება ყნოსვისა და გემოვნების დაკარგვის შეგრძნება - ამ მხრივ, დაავადების მიმდინარეობა მიუთითებს, რომ „ომიკრონი“ მიმდინარეობს შედარებით მსუბუქად“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

ექიმი ამბობს, რომ არსებული ინფორმაციის მიუხედავად, სიმშვიდის საფუძველი არ არსებობს, რადგან დაავადება ნეგატიურად იმოქმედებს 65 წელს ზემოთ და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებში.

„დანიაში, მაგალითად, ჰოსპიტალური სექტორი გადაიტვირთა და თუ ჩვენთან იგივე მოხდა, მოსალოდნელია კოლაფსი“, - აღნიშნა ჩხაიძემ "მთავარის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

რაც შეეხება ბავშვებს, იაშვილის კლინიკის წარმომადგენლის თქმით, არსებული მონაცემებით, ბავშვებში „ომიკრონის“ კლინიკური მიმდინარეობა ისეთივეა, როგორიც მოზრდილებში და უფრო ჰგავს გაციებას, ვიდრე - გრიპს.

საქართველოში კორონავირუსის „ომიკრონის“ შტამის 2 შემთხვევა უკვე დაფიქსირდა. NCDC-ს ცნობით, იკვლევენ 26 შემთხვევას, რომლებსაც აღნიშნულ ინფიცირებულებთან კონტაქტი ჰქონდათ. მედიკოსები ვარაუდობენ, რომ ვირუსი დომინანტური, დაახლოებით, 2 თვეში გახდება.

დღის ამბები