თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით, დედაქალაქში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ულიმიტომ აბინემენტების სისტემა ამოქმედდება. გადაწყვეტილება ძალაში 2022 წლის თებერვლიდან შევა, ხოლო ბარათების შეძენა მოქალაქეებს მეტროს სადგურებსა და „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს-ფილიალებში 5 იანვრიდან შეეძლებათ.
როგორც კახა კალაძემ დღეს მთავრობის სხდომაზე განმარტა, ამოქმედდება ულიმიტო 1-დღიანი, ულიმიტო 1-კვირიანი, ულიმიტო 1-თვიანი,ულიმიტო 3 - თვიანი, ულიმიტო 6-თვიანი და ულიმიტო 1-წლიანი ბარათები.
მერის კალკულაციით, ყველაზე მოთხოვნადი იქნება ერთთვიანი ბარათი, რომელიც 40 ლარი ეღირება, მაშინ როცა მგზავრის საშუალო დანახარჯი ერთ თვეში 50-60 ლარია. ის ვარაუდობს, რომ ამ აბონემენტის შესყიდვით მოქალაქეები თანხის ეკონომიას გააკეთებენ.
თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ თუ დღეს მეტროთი და ავტობუსით ერთჯერადი მგზავრობა 50 თეთრი ღირს და 90 წუთის განმავლობაში უფასოდ მგზავრობთ, 1 თებერვლიდან ის 1 ლარი გახდება. სიახლეა ისიც, რომ ინტეგრირებული ერთჯერადი ბარათი მიკროავტობუსებზეც გავრცელდება.
„ულიმიტო, 90-წუთიანი ბარათი (ერთი ლარი) - იმ ადამიანებს, რომლებიც ხშირად არ მგზავრობენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით და არ სჭირდებათ შეღავათიან ფასში ხანგრძლივვადიანი ბარათის შეძენა, 90 წუთის განმავლობაში, ერთ ლარად შეეძლებათ ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა - მეტრო, ავტობუსი, მიკროავტობუსი, სადაც გადაჯდომისას, 90 წუთის განმავლობაში, დამატებით თანხას არ გადაიხდიან“, - თქვა კალაძემ.