2021-12-22

"ჩვენი წინადადებაა, რომ სრულად ვაქცინირებულად ჩაითვალოს არა ორჯერადად, არამედ ბუსტერ-დოზით აცრილი ადამიანები", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საკითხი აუცილებლად დადგება უწყებათშორის საბჭოზე და გადაწყვეტილებასაც საბჭო მიიღებს.

„ვაქცინაცია ითვლება ერთ-ერთ მთავარ დაცვით მექანიზმად „ომიკრონის“ გავრცელების პრევენციისთვის. ჩვენი წინადადებაა, რომ იანვრიდან სრულად აცრილად ჩაითვალოს არა ორჯერადად აცრილი ადამიანი, არამედ ბუსტერიზირებული ადამიანი. ეს ძალიან სწრაფად ვერ იქნება, მაგრამ მოვუწოდებ ადამიანებს, აიცრან ბუსტერ-დოზებით“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე განმარტებით, ხვალ შეიკრიბება იმუნიზაციის საბჭო, სადაც იმსჯელებენ, შემცირდეს თუ არა ბუსტერ-დოზით აცრის ვადები.

„ჩინური ვაქცინებით აცრილებს ბუსტერის გაკეთება შეუძლიათ 3 თვის შემდეგ, ხოლო ახლა ვიმსეჯელებთ „ფაიზერითა“ და „ასტრაზენეკათი“ აცრილებზე. ხვალ იქნება მსჯელობა ამაზე და გადაწყვეტილებას მივიღებთ“, - თქვა გამყრელიძემ.

დღეისთვის, ბუსტერ-დოზა გაკეთებული აქვს 53 440 ადამიანს.

დღის ამბები