2021-09-01

თბილისი და თბილისელები ყველას და ყველაფერს დაარქმევს თავის სახელს, - ასე უპასუხა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ გიორგი გახარიას კანდიდატურასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.

კახა კალაძემ გიორგი გახარიასთან შეხვედრის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა და აღნიშნა, რომ ის დედაქალაქის მერობის კანდიდატების შეფასებას არ აპირებს, ქალაქის განვითარების საკუთარ ხედვას კი, საზოგადოებას უახლოეს დღეებში წარუდგენს.

„შეხვედრა რამდენჯერმე შედგა. იყო ზარი ჩემს ტელეფონზე. ნებისმიერ ადგილზე მოითხოვა შეხვედრა, სადაც ვეტყოდი. თბილისის მერიაში შედგა შეხვედრა. უბრალოდ მითხრა, რომ აპირებდა საკუთარი კანდიდატურის დაყენებას და ეს რომ ტელევიზიით არ გამეგო. თბილისი და თბილისელები ყველას და ყველაფერს დაარქმევს თავის სახელს. დაველოდოთ 2 ოქტომბერს. მე კანდიდატებს არ ვაფასებ. მაქვს ჩემი ხედვა, კონცეფცია და ქალაქის განვითარების გეგმა, რომელსაც რამდენიმე დღეში წარვუდგენ დედაქალაქის მოსახლეობას, სადაც ვისაუბრებ ყველა იმ განსახორციელებელ პროექტებზე, გადასაჭრელ პრობლემებზე, ასევე, რა გამოწვევებია დედაქალაქში, რას გავაკეთებთ და როგორ წარმომიდგენია ქალაქი ოთხი წლის შემდეგ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მოსახლეობის სრული მხარდაჭერის იმედი აქვს და მეორე ტურის ჩატარების საჭიროებას გამორიცხავს.

„მადლობას ვუხდი თითოეულ თბილისელს იმ თანადგომისთვის, რასაც ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობ. უამრავი შეხვედრა მაქვს დღის განმავლობაში და ამ მხარდაჭერის იმედი მაქვს. პირველივე ტურში დავამთავრებთ არჩევნებს და გავიმარჯვებთ. ვპირდები ჩვენს მოქალაქეებს, რომ მე ამ მხარდაჭერას დავაბრუნებ კონკრეტული გაკეთებული საქმეებით და განხორციელებული პროექტებით, რომლითაც თითოეული თბილისელი იამაყებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები