2021-06-07

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნინოწმინდის პანსიონატში მიმდინარე პროცესების შესწავლისა და დარეგულირების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსთან ერთად, საპატრიარქოს სპეციალური კომისიის და ბავშვზე ზრუნვის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები აქტიურ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას.

ყველა ღონისძიება ზემოაღნიშნული უწყებების აქტიური ჩართულობითა და კოორდინაციით ხორციელდება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის დროებითი განჩინების აღსრულების პროცესი - ნინოწმინდის პანსიონატიდან შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე ბავშვების გამოყვანის საკითხზე თანმიმდევრულად ხორციელდება. მიმდინარეობს მუშაობა დარჩენილი მოზარდების ზრუნვის ალტერნატიულ ფორმაში განთავსებაზეც.

ამასთანავე, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს შესაბამისი სპეციალისტები ყველა გაყვანილ არასრულწლოვანთან ინდივიდუალურად აგრძელებენ მუშაობას.

დღეის მდგომარეობით, სააგენტომ პანსიონატიდან 20 არასრულწლოვანის გამოყვანა უზრუნველყო, მათ შორის, 7 შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვია.

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს წარმომადგენლობითი ჯგუფი, რომელიც სოციალური მუშაკებითა და ფსიქოლოგებითაა დაკომპლექტებული, ბოლო დღეების განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მუშაობს და ბავშვების უსაფრთხო გარემოსა და დაცულობას ადგილზევე უზრუნველყოფს. სპეციალისტები აფასებენ არასრულწლოვნების მდგომარეობას, ფსიქო-ემოციურ თავისებურებებს და მათ განვითარებას. ბავშვების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებითა და დაცვით, ნინოწმინდის პანსიონატიდან ზრუნვის ალტერნატიულ ფორმებში განთავსება კოორდინირებულად მიმდინარეობს.

 

დღის ამბები