2021-02-16

 

2020 წლის 29 დეკემბერი - ეს ის თარიღია, როცა ახალგაზრდა ქართველმა წყვილმა გეზი პოლონეთისკენ აიღო და სამშობლო დატოვა. ქეთი გოგილაშვილი და ვაჟო ბუთურიშვილი თბილისში წლების განმავლობაში ერთ-ერთ კაფეში მუშაობდნენ. პანდემიამ ახალდაქორწინებული წყვილი - არაერთი მსხვილი ფინანსური ვალდებულებით - სამსახურის გარეშე დატოვა. სწორედ ეს გახდა ქეთის და ვაჟოსთვის სხვა ქვეყანაში ახალი ცხოვრების დაწყების მიზეზი.

პანდემიის პერიოდში მთავრობის 3-თვიანი შეღავათი წყვილისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ამიტომ ქეთიმ და ვაჟომ ალტერნატივის ძიება დაიწყეს: მოძებნეს პოტენციური დამსაქმებელი, რომელმაც პოლონეთში წასვლამდე წყვილს უცხო ქვეყანაში ლეგალური სამსახური მოუძებნა და საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყო.

ახალგაზრდა წყვილს გაუმართლა - ისინი პოლონეთის ერთერთ მაღაზიაში კვლავ ერთად მუშაობენ: ტანსაცმლის საცალო მაღაზიაში მომხმარებლის მიერ დაბრუნებულ სამოსს ახარისხებენ და შესაბამის ეტიკეტს აკრავენ. ამბობენ, რომ ამ თითქმის ორთვიანი პოლონური ცხოვრებით კმაყოფილები არიან, სამსახური სახლიდან 3 კილომეტრის დაშორებით აქვთ და ნებისმიერ ამინდში ველოსიპედით მგზავრობენ.

ვაჟომ პოლონეთში ჩასვლისთანავე ვლოგების ჩაწერა დაიწყო - YOUTUBE ვიდეოებით მაყურებელს თან უცხო ქვეყანას ათვალიერებინებს და თან იქ ჩასულ ქართველებს სხვადასხვა საჭირო ინფორმაციით ეხმარება.

წყვილმა ჯერ დაზუსტებით არ იცის, სამშობლოში როდის დაბრუნდება, თუმცა იმედი აქვთ, რომ დიდხნიანი ემიგრაცია არ მოუწევთ. ახლა მათთვის ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, საქართველოში პანდემიისგან დაზარალებული ეკონომიკა რამდენად მალე აღდგება და რამდენად მალე დაიბრუნებენ სამშობლოში სამუშაო ადგილებს.

 

დღის ამბები