2020-11-19

მრავალშვილიანი დედები მიმართვას ავრცელებენ, სადაც აღნიშნავენ რომ ქვეყანაში კორონავირუსის ფართო გავრცელების მასშტაბი, შეჩერებული საქმიანობა, შემცირებული შემოსავლები და გაზრდილი ფასები განსაკუთრებულად დააწვა მრავალშვილიან ოჯახებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ინფიცირებულთა სწრაფად მზარდმა რაოდენობამ და ვირუსის გავრცელების ფართო არეალმა მრავალშვილიანი ოჯახები ფინანსური გამოწვევების წინაშე დააყენა.

„ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ საქართველოსთვის, ისევე როგორც მთელი სამყაროსთვის, კორონავირუსი (COVID-19) რთული გამოწვევაა! ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ უკანასკნელ პერიოდში მკვეთრად გაუარესებული ეპიდემიოლოგიური ვითარება საფრთხეს უქმნის ასი ათასობით ადამიანს საქართველოში! ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ ქვეყანაში შექმნილ უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისსა და ათასობით უმუშევრად დარჩენილი ადამიანის მძიმე ყოფას. მაგრამ, მიუხედავად ამ ყველაფრისა, განსაკუთრებით ვღელავთ მრავალშვილიან ოჯახებზე, რადგან კრიზისი მათ კიდევ უფრო მეტი სიმძიმით შეეხოთ. ქვეყანაში COVID 19-ის ფართო გავრცელების მასშტაბი, შეჩერებული საქმიანობა, შემცირებული შემოსავლები და გაზრდილი ფასები განსაკუთრებულად დააწვა სწორედ მრავალშვილიან ოჯახებს. პანდემიის პირისპირ მარტოდ-მარტო დარჩენილ მშობლებს არ აქვთ ავადობის, ცუდად ყოფნის უფლება. პასუხისმგებლობის სრული შეგრძნებით, ჩვეული სიძლიერითა და გამბედაობით, საკუთარი ძალებით იბრძვიან დიდი ოჯახების გადასარჩენად.

თამამად ვამბობთ, რომ ჩვენმა ოჯახებმა საკუთარ თავზე გამოსცადეს, როგორია პანდემიასთან პირისპირ დარჩენა და მხოლოდ საკუთარი ძალების იმედად ყოფნა. მძიმე განცდაა, როცა ხელი არ მიგიწვდება შვილებისათვის ჯანსაღ საკვებზე და ჩვილ ბავშთა კვებაზეც კი. ინფიცირებულთა სწრაფად მზარდმა რაოდენობამ და ვირუსის გავრცელების ფართო არეალმა მრავალშვილიანი ოჯახები ურთულესი ფინანსური გამოწვევების წინაშე დააყენა, როგორც აუცილებელი პირველადი ლაბორატორიული კვლევების ხელმიუწვდომლობის კუთხით, ისე სურსათისა და მედიკამენტების შეძენა-მიწოდებასთან დაკავშირებული სირთულეების, თუ კომუნალური გადასახადების კუთხით. სწორედ ამიტომ, ჩვენ არ გვაქვს უფლება ჩვენამდე მოსული ათასობით მრავალშვილიანი ოჯახის საჭიროება დავმალოთ და არ მოვიტანოთ თქვენამდე. ჩვენ არ გვაქვს უფლება ვისხდეთ უმოქმედოდ და არაფერი გავაკეთოთ მათი ყოფის შესამსუბუქებლად, თუნდაც მინიმალური მხარდაჭერის მოსაპოვებლად ! არსებული მწვავე რეალობის გათვალისწინებით და ჩვენს სოციალურ ჯგუფში ,,მრავალშვილიანი დედები სიძლიერეა“ (სადაც 13 000-ზე მეტი მრავალშვილიანი დედაა გაწევრიანებული) ჩატარებული გამოკითხვის საფუძველზე მოგმართავთ თხოვნით: პანდემიის პერიოდში, გადაიხედოს და გაიზარდოს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი კომუნალური სუბსიდირების პაკეტი და გახდეს ხელმისაწვდომი ყველა მრავალშვილიანი ოჯახისთვის. ყველა ოჯახისთვის თანაბარი პირობების უზრუნველსაყოფად გადაიხედოს სახელმწიფოს მხრიდან პანდემიასთან დაკავშირებული კომუნალური გადასახადების სუბსიდირების პროგრამაც, იმის გათვალისწინებით, რომ მრავალშვილიანი ოჯახები გაცილებით მეტ ელექტროენერგიასა და ბუნებრივ გაზს მოიხმარენ. მთელი ქვეყნის მასშტაბით მრავალშვილიანი ოჯახებისთვის შევიმუშავოთ სასურსათო ვაუჩერების პროგრამა, რომლითაც ისინი შეძლებენ პირველადი საჭიროების სურსათის შეძენას; აფთიაქებთან კოორდინაციით შევიმუშაოთ მრავალშვილიანი ოჯახებისთვის სპეციალური შეთავაზება ბავშვთა კვებისა და პანდემიის პერიოდში საჭირო მედიკამენტების მინიმალურ ფასებში შესაძენად: საქართველოს მთავრობამ, ქ. თბილისის მერიამ, მუნიციპალურმა მერიებმა, კერძო სექტორმა და საპატრიარქომ ერთად შევიმუშაოთ მრავალშვილიანი ოჯახებისთვის მომდევნო 6-12 თვის განმავლობაში სტიმულირებისა და თანადგომის სპეციალური პაკეტი“,-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

მრავალშვილიანი დედები მიმართავენ: საქართველოს მთავრობას, ქ. თბილისის მერიას, ქვეყნის მასშტაბით ყველა მუნიციპალურ მერიას, საქართველოს ბიზნესასოციაციას, საქართველოს საპატრიარქოს, საერთაშორისო ორგანიზაცია UNICEF-ს, საქართველოს წითელ ჯვარს.

განცხადებას ხელს აწერენ: მრავალშვილიანი დედების ორგანიზაცია ,,გენი ქართული“, სოციალური ჯგუფი ,,მრავალშვილიანი დედები სიძლიერეა”, პარტნიორი ირმა გელანტია-ახვლედიანი - ,,მრავალშვილიანი ოჯახები საქართველოსთვის“.

დღის ამბები