ახალგაზრდა ქალს, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებული მშობლების დახმარების გზებს მათ შორის სოციალური ქსელის მეშვეობით ეძებდა, დედ–მამა გარდაეცვალა.
რამდენიმე დღის წინ მოქალაქე მარი კაკაურიძე “ფეისბუქში“ პირად გვერდზე წერდა, რომ კოვიდ–ინფიცირებული დედ-მამა ადგილების არარსებობის გამო, ვერც ერთი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში ვერ მოათავსა, არადა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო:
„ორივე მშობლები მძიმედ კოვიდ–ინფიცირებული მყავს. რეანიმაცია ესაჭიროებათ! თუ ვინმე მყავდა ნაცნობი, ყველა შევაწუხე, „იქნებ ერთისთვის მაინც მიპოვოთ–მეთქი“ და ამ დრომდე არაფერია. იქნებ დამეხმაროთ და ერთის სიცოცხლე მაინც შემინარჩუნოთ! გემუდარებით“- მიმართავდა გოგონა საზოგადოებას.
6 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ცოლ–ქმარი გარდაიცვალა.
როგორც კაკაურიძე ყვება, კლინიკა „ბოლონდში“ მამის მოთავსება შეძლო, თუმცა კლინიკიდან პაცენტი სამ დღეში გაწერეს და უთხრეს, რომ „ინფექცია არ ჰქონდა“.
ვინაიდან კაცის მდგომარეობა მძიმე იყო, ოჯახმა ის კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანა, სადაც მამაკაცი გარდაიცვალა.
რაც შეეხება დედას, კაკაურიძე ამბობს, რომ მას არც ტესტირება ჩაუტარეს, არც ჰოსპიტალიზაცია მიიჩნიეს საჭიროდ სასწრაფო დახმარების ექიმებმა და ქალი სახლში გარდაიცვალა.
„აღარ მყავს არც ერთი. გარდაცვალების შემდეგ ჩემთან არავინ მოსულა. ახლა მეც საავადმყოფოში ვარ“,– განუცხადა ახალგაზრდა ქალმა „ტვ პირველს“.
შეგახსენებთ, რომ გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების მორიგი რეკორდული დღიური ნამატი – 2 775 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 22 პაციენტი.
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით კი, ქვეყანაში კორონავირუსის სამკურნალოდ 68 კლინიკაში 5 116 საწოლია მობილიზებული.
როგორც ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ამ ეტაპზე სულ 7 267 ათასი საწოლის მობილიზების რესურსი არსებობს. ამასთან. მისი თქმით, საყურადღებოდ რჩება სამედიცინო პერსონალის მობილიზება.
„დღეს კლინიკაში განთავსებული გვყავს 4 223 ადამიანი, რომელიც მკურნალობას გადის. 359 ადამიანი იმყოფება ტრიაჟში და ამ ეტაპისთვის კოვიდისთვის მობილიზებული საწოლფონდი 68 კლინიკაში არის 5 116 საწოლი, თუმცა ამ კლინიკების ბაზაზე დამატების გარეშე გვაქვს რესურსი 7 267 საწოლის მობილიზების. ჯანდაცვის სამინისტრო კვლავ მუშაობს იმასთან დაკავშირებით, რომ გაიზარდოს საწოლფონდის მოცულობა და ასევე კლინიკების ჩართულობა კოვიდში, მაგრამ ყველაზე საყურადღებოდ რჩება ადამიანური რესურსი. ყველაზე კრიტიკულია სწორედ სამედიცინო პერსონალის მობილიზება. ჩვენ გავატარეთ არაერთი ღონისძიება, რომელიც საკმაოდ გვეხმარება პაციენტების მართვაში, ესენი არიან ჩვენი სტუდენტები, რომლების გადამზადებაში კოვიდის მიმართულებაში ჯანდაცვის სამინისტროს დაეხმარება განათლების სამინისტრო, რისთვისაც მინდა მათ მადლობა გადავუხადო. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ სტუდენტს, რომელთაც მოხალისედ გამოხატეს მზაობა და ჩაერთნენ უხილავ მტერთან ბრძოლაში. ისინი გადანაწილებული არიან როგორ კლინიკურ სექტორში, ასევე აქტიურად არიან ჩართული იმ ორი ონლაინ კლინიკის შემთხვევების მართვაში, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს ფრთის ქვეშ შეიქმნა რამდენიმე კვირის წინ“,- განაცხადა ტიკარაძემ.