2020-10-12

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებსა და ორგანიზაციებს მოუწოდებს, მაქსიმალურად შეასრულონ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტების რჩევები, ატარონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და მაქსიმალურად შეინარჩუნონ მუშაობის დისტანციური რეჟიმი.

"საბჭო რეკომენდაციით მიმართავს ხანდაზმულებს, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევების გარდა, მაქსიმალურად დარჩნენ სახლში. ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ დედაქალაქში მობილობა განსაკუთრებით მაღალია და ვირუსიც შესაძლოა უფრო სწრაფად გავრცელდეს, საბჭოს რეკომენდაციაა, მოქალაქეებმა პირბადე ღია სივრცეებშიც ატარონ, რამდენადაც ის მსოფლიოში ამ ეტაპზე თავდაცვის საუკეთესო საშუალებად მიიჩნევა", - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გარდა ამისა, როგორც ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ამ ეტაპზე აჭარაში დაწესებული შეზღუდვები ძალაში რჩება.

იმ შემთხვევაში, თუ აჭარაში სტაბილური მაჩვენებლები ვირუსის საინკუბაციო პერიოდის განმავლობაში შენარჩუნდება, შეზღუდვების მოხსნა ეტაპობრივად დაიწყება.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 12 272 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 6 538 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 93 კი გარდაიცვალა.

დღის ამბები