2020-09-18

კავკასიის რეგიონში ყველაზე დიდმა მულტიპროფილურმა ლაბორატორია „მეგალაბმა“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი თბილისის 4 წამყვან კერძო სკოლასთან გააფორმა. „ბრიტანულ-ქართული აკადემია“, „თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლა“, „ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა“ და „თბილისის მწვანე სკოლა“ ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმების ფარგლებში აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს რეგულარულად ჩაუტარებენ COVID-19-ის ტესტირებას. ამასთან ერთად, სკოლები მათი მოსწავლეების ოჯახებს გადასცემენ „მეგალაბის“ COVID-19-ის პჯრ (PCR) და სწრაფი ტესტის ფასდაკლების ვაუჩერებს.  

ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში, სასწავლო წლის დასაწყისში, მეგალაბის წარმომადგენლები ზემოთ აღნიშნული სკოლების მოსწავლეებს, აკადემიურ პერსონალსა და ადმინისტრაციას COVID-19 -თან დაკავშირებულ დამატებით რეკომენდაციებს მიაწოდებენ.

„მეგალაბი“ მუშაობს JCI (Joint Commission International) სტანდარტის შესაბამისად, რომელიც წარმოადგენს სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის უმაღლეს ორგანოს ამერიკის შეერთებულ შტატებში.

„ბრიტანულ-ქართულ აკადემიისა“ და „თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლის“ გუნდი

 „მოხარულები ვართ, რომ „ბრიტანულ-ქართულმა აკადემიამ“ და „თბილისის ბრიტანულმა საერთაშორისო სკოლამ“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს „მეგალაბთან“. ეს შეთანხმება დაგვეხმარება სასწავლო პროცესის შეუფერხებლად წარმართვასა და სკოლაში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაში. ჩვენთვის პრიორიტეტულია ჩვენი მოსწავლეებისა და თანამშრომლების ჯანმრთელობა.“     

„ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის“ გუნდი

 „ჩვენი მიზანია, COVID-19 პირობებში, სკოლაში შევქმნათ მაქსიმალურად უსაფრთხო და კომფორტული სასწავლო გარემო. ამისათვის ჩვენ ვგეგმავთ თანამშრომლობას „მეგალაბთან“, რომელიც დაგვეხმარება ინფორმირებულები ვიყოთ და ვიზრუნოთ ჩვენს მოსწავლეებსა და თანამშრომლებზე.“

“თბილისის მწვანე სკოლის” გუნდი

 „მოხარულები ვართ, რომ „თბილისის მწვანე სკოლასა“ და „მეგალაბს“ შორის გაფორმდა მემორანდუმი. გვჯერა, რომ ამ შეთანხმების შედეგად შევძლებთ სასკოლო პროცესის კიდევ უფრო უკეთ წარმართვასა და მოსწავლეებისათვის უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნას.“

„მეგალაბის“ გუნდი

„მოხარულები ვართ, რომ „მეგალაბმა“გააფორმა სკოლებთან თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებისა და სასკოლო პერსონალის დროული ტესტირებით ჩვენს წვლილს შევიტანთ სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვაში.“

დღის ამბები