2020-05-18

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, შემოდგომის ბოლოდან კორონავირუსის მეორე ძლიერი ტალღაა მოსალოდნელი, ზამთარში კი ეს ვირუსი ძალიან გააქტიურდება.

როგორც მან „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აღნიშნა, კორონავირუსი კიდევ ერთი წელი მაინც იქნება.

„ხალხს ჰგონია, რომ კორონა დამთავრდა, მაგრამ ის არსად წასულა, კვლავ ჩვენთან არის, ერთი წელი მაინც. შემოდგომის ბოლოდან მეორე ძლიერ ტალღას ველით, ამის ალბათობა დიდია, ზამთარში კი ეს ვირუსი ძალიან გააქტიურდება. ვიცხოვროთ კორონასთან ერთად. სოციალური დისტანცირება, დიდი თავყრილობებისთვის თავის არიდება, ხელების ჰიგიენა და ნიღაბი - აი, ასეთია კორონასთან ერთად ცხოვრების წესი. თუ წესებს დავიცავთ, ზაფხულში ვირუსი ნაკლებად აქტიური იქნება“, - განმარტა პაატა იმნაძემ.

მისივე თქმით, ინფექციონისტები კორონავირუსის მეორე ტალღას ნოემბრის ბოლოდან ელოდებიან. მანვე აღნიშნა, რომ არა მარტო მესამე, არამედ, შესაძლოა, მეოთხე ტალღაც იყოს, თუმცა იმნაძე იმედოვნებს, რომ მანამდე ან ვაქცინა შეიქმნება, ან - ეფექტიანი ანტივირუსული პრეპარატი.

დღის ამბები