2020-05-09

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, ექიმების დაინფიცირების შემთხვევები 72-მდე გაიზარდა, თუმცა გასაკვირი არაფერია, რადგან ისინი 24 საათს ავადმყოფებთან ატარებენ. 

„ექიმების დაინფიცირების შემთხვევები გაიზარდა. მე ვიცი, რომ 72 -ია. ერთის კვლევა მიმდინარეობს, რომელიც ბოჭორიშვილის კლინიკაშიც მუშაობს და საგარეჯოშიც, თითქოს დაუდასტურდა, მაგრამ ხდება დამაზუსტებელი კვლევები. ეს, რა თქმა უნდა, კარგი არ არის და პროცენტიც თითქოს მაღალია, 10%-ზე მეტია, მაგრამ ისიც იმიტომ, რომ სულ 660 ინფიცირებულია ქვეყანაში, თორე იტალიასა და ევროპის ქვეყნებში 6000-ზე მეტი სამედიცინო პერსონალია დაინფიცირებული და მათგან ნაწილი გარდაიცვალა. ყველაფერზე ნუ ვიქნებით ძალიან პრეტენზიული და ძალიან სენსიტიური იმიტომ, რომ 72 ცოტა არ არის, მაგრამ ცოტა არ არის ჩვენთვის, თორემ ევროპის ქვეყნებთან შედარებით, სადაც ათასობით დაინფიცირებული პერსონალია, ეს არის მიზერი, თან არც ერთ მედიცინი მუშაკი არ გარდაცვლილა,“- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე თქმით, თანდათან მცირდება ახალი პაციენტების რიცხვი და მართლდება ის ოპტიმისტური პროგნოზები, რომელსაც ექსპერტები გამოთქვამდნენ.

„თანდათან მცირდება ახალი პაციენტების რიცხვი, ანუ მართლდება ის ოპტიმისტური პროგნოზები, რომელსაც ექსპერტები გამოთქვამდნენ, რომ სადღაც აპრილის ბოლოსთვის იქნებოდა პიკი, შემდეგ პლატო და შემდეგ ქვევითკენ წავიდოდა. მე ვიტყოდი, რომ ახლა არის სწორედ პლატო, პიკი არ გამოდგა ციცაბო. გარანტირებულად ვერ გეტყვით, რომ მატება აღარ იქნება, მაგრამ ბოლო დღეები მიუთითებს იმაზე, რომ თუ რაღაცა სისულელე არ ჩავიდინეთ, სადღაც თავყრილობა არ მოვაწყვეთ,სადავეები ხელიდან არ გაგვექცა და თუ გაგრძელდა მობილიზაციის და მოტივაციის ის ხარისხი, რაც ახლაა, მაშინ, სავარაუდოდ ახლა ვიმყოფებით პიკზე, რომელსაც პლატოს სახე აქვს და წესით არ უნდა იქნეს მატება. თუ იქნება მატება, ეს იქნება მცირე - ერთი ათეული, ან ორი ათეული“, - განაცხადა ცერცვაძემ მცხეთაში, მეფე მირიანისა და ნანა დედოფლის სახელობის კლინიკაში სტუმრობის შემდეგ.

მიმდინარე სტატისტიკა: კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 626
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 297
მათ შორის გარდაცვლილი - 10
კარანტინის რეჟიმში - 4717
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 452
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 3

 

დღის ამბები