"11 მაისიდან, ორშაბათიდან გაიხსნება ყველა სახის წარმოება, გარდა ამისა, ყველა სახის საცალო და საბითუმო მაღაზია, რომელსაც აქვს შესასვლელი ქუჩიდან და რომელიც არ ვაჭრობს ტანსაცმლით და ფეხსაცმლით, ეს არ ეხება მოლებს", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
"მოგეხსენებათ, როდესაც ჩვენ წარმოვადგინეთ ეკონომიკის გახსნის 6 ეტაპი, მაშინვე ვთვით, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე შესაძლებელი იყო როგორც ამ გეგმის აჩქარება, ისე მისი გარკვეული ნაწილების გადავადება. დღეის მდგომარეობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი მოქალაქეების და ექიმების ყოველდღიური პასუხსმგებლიანი ქმედების და შრომის შედეგია, რომ შეგვიძლია გარკვეული სექტორების გახსნა დავაჩქაროთ, ისე როგორც დავაჩქარეთ მშენებლობის გახსნა 1 კვირით და მშენებლობასთან დაკავშირებული ყველა წარმოების. ეს გვაძლევს საშუალებას, რომ შუალედები გახსნებს შორის შევამციროთ და გარკვეული სექტორები გავხსნათ უფრო ადრე. დღეს შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ 11 მაისიდან, ორშაბათიდან გავხსნით ყველა სახის წარმოებას. თუ აქამდე საუბარი იყო მხოლოდ სამშენებლო მასალების წარმოებაზე, გაიხსნება ყველა სახის წარმოება და გარდა ამისა, ჩვენ გავხსნით ყველა სახის საცალო და საბითუმო მაღაზიას, რომელსაც აქვს შესასვლელი ქუჩიდან და რომელიც არ ვაჭრობს ტანსაცმლით და ფეხსაცმლით. ეს არ ეხება მოლებს და ტანსაცმლით და ფეხსაცმლით მოვაჭრე მაღაზიებს. სხვა ყველა სახის მაღაზია შესაძლებელია, რომ ორშაბათიდან ამოქმედდეს. გარდა ამისა, არის კიდევ გარკვეული შეღავათები საფინანსო სექტორთან დაკავშირებით, მაგრამ ამ ინფორმაციას, ისევე როგორც ყველა იმ პროტოკოლს და ახალ ეტაპებს ეკონომიკის გახსნისა თქვენ უახლოეს პერიოდში ნახავთ მთავრობის შესაბამის საინფორმაციო წყაროებზე,” - აღნიშნა გიორგი გახარიამ.
ასევე 11 მაისიდან სრულად გაიხსნება თბილისში მიმოსვლა, 14 მაისიდან რუსთავსა და გარდაბანში, 18 მაისიდან კი სრულად გაიხსნება მარნეული.
პრემიერის თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოიხსნება კომენდანტის საათი. ეტაპობრივ გახსნას აქვს თავისი მიზეზი და მიზანი, რასთან დაკავშირებითაც საზოგადოებას შესაბამისი ინფორმაცია მიეწოდება.
"მარნეულში ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე არის აუცილებელი ტესტების რაოდენობა, რომელიც უნდა ჩატარდეს და სწორედ აქედან გამომდინარე გვჭირდება ეს დამატებითი დრო, ეს ეხება, როგორც მარნეულს, ისე იმ დანარჩენ რეგიონებს, რომელზეც ქვემოთ ვსაუბრობთ. კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო თითოეულ მოქალაქეს, სოციალური დისტანცია და პირბადე, განსაკუთრებით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, თუმცა სასურველია უბრალოდ ქუჩაშიც, არის ჩვენი ცხოვრების ნაწილი, სამწუხაროდ, და ეს არის ის პასუხისმგებლობა და ვალდებულება, რომელმაც უნდა მოგვცეს სწრაფად და ეფექტურად, მაღალი რისკების გარეშე შევძლოთ ეკონომიკის გახსნა. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და როგორც ამას აქამდე ჩვენი მოქალაქეები პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ, მინდა მათ ვთხოვო და მოვუწოდო, ასევე პასუხისმგებლიანად გავაგრძელოთ. ბრძოლა პანდემიასთან ჯერ დასრულებული არ არის, სრული გამარჯვებისთვის, გვჭირდება არა მხოლოდ კარგი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, არამედ ფეხზე დაყენებული ეკონომიკა, ეს არის ჩვენი საბოლოო მიზანი,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.
მიმდინარე სტატისტიკა: კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 615
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 275
მათ შორის გარდაცვლილი - 9
კარანტინის რეჟიმში - 4948
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 491
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 3