2020-05-05

"112-ში ზარის განხორციელებისას და ზუსტად ავსახოთ ჩივილები, გვაქვს თუ არა ეჭვი კოვიდინფექციაზე, რათა ეკიპაჟი მსრულად აღჭურვილი მოვიდეს მისამართზე", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებთან შეხვედრაზე განაცხადა. 

შეხვედრაზე მთავარ გამოწვევად პაციენტის მხრიდან ვირუსის დამახასიათებელი სიმპტომების დამალვა დასახელდა. ექიმების თქმით,  ხშირია შემთხვევა, როდესაც მათთვის არაა ცნობილი, თუ რა ტიპის პაციენტი ელოდება.

შეხვედრის შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია, 112-ში ზარის გახორციელებისას ზუსტად ავსახოთ ჩივილები და დავაფიქსიროთ, თუ გვაქვს ეჭვი, რომ ვართ კოვიდინფიცირებული.

 „იკვეთება ფაქტორები, როდესაც ხშირ შემთხვევაში არ ხდება მისამართზე მისვლა იმ იდენტიფიცირებით, რომელიც აუცილებლად საჭიროა მოხდეს ზარის განხორციელების მომენტში. მნიშვნელოვანია, 112-ში ზარის განხორციელებისას გავითვალისწინოთ ეს და ზუსტად ავსახოთ ის ჩივილები, რომელიც გვაქვს და უნდა დავაფიქსიროთ, თუ გვაქვს ეჭვი, რომ ვართ კოვიდინფექციით დაავადებული და თუ ჩვენ გვაქვს სიცხე. ასეთ შემთხვევაში ეკიპაჟი მოახდენს სრულ აღჭურვას და მისამართზე მივა სრულიად უსაფრთხოდ. დაფიქსირდა ჩვენი ექიმების მხრიდან, რომ ხშირია შემთხვევები, როდესაც მათთვის არაა ცნობილი, თუ რა ტიპის პაციენტი ელოდება და მნიშვნელოვანია, რომ შემდგომში როგორც სამინისტრომ, ასევე 112-მა გავაუმჯობესოთ ქმედებები და მეტად დეტალურად გამოვკითხოთ ჩვენი პოტენციური პაციენტები. ასევე მნიშვნელოვანია პაციენტების გახსნილობა, რათა დავეხმაროთ მათ“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი, ავთანდილ თალაკვაძე განმარტავს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში სასწრაფოს ეკიპაჟი გამოძახების ადგილზე მიდის შესაბამისი აღჭურვილობით, ვირუსის დამახასიათებელი სიმპტომების შემთხვევაში კი ექიმები იყენებენ სპეც ეკიპირებას. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი პაციენტმა, სასწრაფოს გამოძახებისას სრულყოფილად დააფიქსიროს სიმპტომები.

 

დღის ამბები