4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა, მარიამ სირბილაძე კი ერთ-ერთი იმათგანი, ვინც კიბო დაამარცხა.
სწორედ, კიბოსთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით, მარიამი საკუთარ გვერდზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს და ადამიანებს მოუწოდებს, გამოიკვლიონ საკუთარი თავი და არასდროს დანებდნენ.
"პატარა, შავი არსება, ბევრი პატარა ფეხით, ათასფეხაზე უფრო მეტით. რაც დრო გადის, ეს ფეხები იზრდება, გრძელდება, ერთმანეთში იხლართება და ობობას ქსელივით ედება გულს, ფილტვებს, ტვინს, ყველა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოს, გიპატარავებს, გიწურავს და ნელ-ნელა, ტკივილ-ტკივილ, ჩუმ-ჩუმად ან ხმაურით განადგურებს გაუძლურებს, გაშინებს, შენთან ერთად, ასე, დისტანციურად ანადგურებს ყველას და ყველაფერს რაც შენს ირგვლივ ტრიალებს და ბოლოს გკლავს. ასეთი იყო მთელი ცხოვრება კიბო ჩემს წარმოდგენაში.
არ ვიცი რამდენ ხანს ვატარე ეს არსება გულის ჯიბით, არ ვიცი რამდენი წელი, თვე, დღე, საათი ვეფერე, ვბანე, სუნამოები ვაბკურე და ველოლიავე, მეძინა მასთან ერთად. პირისპირ შეხვედრისას მივხვდი, ერთი ასად დიდი იყო, ერთი ასად საშიში, ერთი ასად ჯალათი და რეალურად მხოლოდ მაშინ ვიგრძენი, რატომ ვერ ვშველოდი ადამიანებს, რომლებსაც ერთ ლარს ვურიცხავდი, ხან ორსაც, ვწერდი რომ ყველაფერი კარგად ოყო, გადარჩებოდნენ.
ძალიან სხვანაირია ცხოვრება, როცა მასში კიბო ჩნდება. ვპარალოზდებით, პაზლებად ვიშლებით და... არც არაფერი!
კიბომ ბევრი რამ წამართვა, მანძილი, დრო, გარეგნობა, ადამიანები. მეომა და ვერ დამამარცხა! ვერ წამართვა ყველაზე ღირებული და მნიშვნელოვანი - სიცოცხლე.
ვერ აღმოჩნდა საკმარისად ვერაგი და ვერც საკმარისად საშიში, დაცვენილი წამწამები მიღმა მოციალე თვალები ვერ ჩააქრო.
102 დღის და 4საათის შემდეგ წავიდა. აი ასე, გუდა-ნაბადი აიკრა და გადაიხვეწა.
დამიტოვა ორი სანტიმეტრის სიგრძის ჭრილობა, ჭრილობაში ამავე მოცულობის ნიკელის მოწყობილობა, ზედმეტი 33კილო, დანგრეული ავტოსტიმა, მშრალი კანი, დაღლილი ხელები, მაგრამ წავიდა! წავიდა და ჯანდაბამდე გზა ჰქონია თავის 32მხლებელთან ერთად გადაიხვეწა მოუსავლეთში.
დამტოვა იმედად, ალბად რმენად, გამოწრთვნილი სხვის ომებში საბრძოლველად და ასე ნელ-ნელა ვიმარჯვებთ ერთად, ნაკლები ტკივილით, ნაკლები დარდით და ბეეეევრი ბევრი იმედით.
4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. კიბოსთან, რომელმაც თქვენც და მეც უამრავი ძვირფასი ადამიანი წაგვართვა, მათ შორის ბავშვები.
მჯერა რომ აუცილებლად დადგება დედამიწაზე დღე, როდესაც აღარ იარსებებს კიბოს გამო დამარხული სიცოცხლე, მანამდე კი გაუფრთხილდით ადამიანებს, გაუფრთხილდით და არაფერი არ დაიშუროთ მათ გადასარჩენად. თქვენ ჩემთან ერთად იბრძოდით და ჩემთან ერთად გაიმარჯვეთ, ჩვენ ვიბრძოლებთ სხვებისთვის და გავიმარჯვებთ მათთან ერთად. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, სიცოცხლისთვის ბრძოლას მითუმეტეს.
კიბო განაჩენი არ არის! - უთხარი არა სიმსივნეს, წადი გამოკვლევაზე და წაიყვანე სხვაც", - წერს მარიამი.