2019-11-03

ცხოვრებაში უამრავი რამ მინახავს, გამიგია, გამომიცდია... ხუმრობა ხომ არ არის სპეცსამსახურის თანამშრომლობა, მათ შორის ორი ორდენის კავალერობა?...

ბევრჯერ მიფიქრია, შეიძლებოდა მოსულიყო დრო და­­ დამეწერა ჩემ გავლილ გზაზე, თავისი საიდუმლოებებით (ცხადია სახელმწიფო საიდუმლოს გარდა), თუმცა ვერასოდეს წარმოვიდგენდი ჩემს პირად ტკივილს თუ გავუზიარებდი ვინმეს საჯაროდ... დავჯდებოდი და დავიწყებდი ბლოგის წერას, რათა დავხმარებოდი ვინმეს და დაკუთარ თავს...

მე ხომ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი ამ კოშმარს, მე ხომ ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ მოვიდოდა დრო, როცა ჩემი შვილის სიცოცხლისთვის მომიწევდა ბრძოლა. ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ისეთი ვერაგი დაავადება, როგორიც ლეიკემიაა, ჩემი ცხოვრების თანმდევი გახდებოდა...

არასოდეს თქვა - არასოდეს...

მახსოვს ერთი კვირით ადრე Facebook-ს ვსქროლავდი, სადაც ლეიკემიის შესახებ შემხვდა ინფორმაცია. გადავიკითხე, ავწიე თავი და საკუთარ თავში დარწმუნებულმა მამაჩემს ვუთხარი -  „აი ეს ის დაავადებაა, რომელიც ჩემს შვილს არასოდეს შეხვდება“ (არადა იმ დროს უკვე ჰქონია).

...მერე კი ყველაფერი დაიწყო...

ახალ წლებზე გადავწყვიტე ბავშვი ჩემი მშობლების რაიონში წამეყვანა. მინდოდა თოვლი ენახა (ძალან მომწონდა მისი რეაქციებისთვის და ახალი შეგრძნებებისთვის თვალყურის დევნება). მართლაც, რამდენიმე დღეში დიდი თოვლი მოვიდა. თოვლის ბაბუას გაკეთება გადავწყვიტე, რადგან ანიმაციურ ფილმებში სულ დიდ ყურადღებას აქცევდა. სანამ ვაკეთებდი სულ ხელში აყვანას მთხოვდა. გამიკვირდა, რადგან უკვე დიდი ხნის დაწყებული ჰქონდა დამოუკიდებლად სიარული. ვიფიქრე, ალბათ, ყურადღება მოაკლდა და რაღაცეებს იგონებს-თქო. დედაჩემს ვთხოვე ცოტა ხანი გაერთო, სანამ თოვლის ბაბუას დავასრულებდი. თან ვფიქრობდი, პატარა შტერუკაა, ნეტა იცოდეს ახლა რას ვუკეთებ, გავაკეთებ და მაგრად გაუხარდება-თქო.

როცა მოვრჩი და გავაკეთე, ყურადღებაც არ მიუქცევია, ისევ ხელში აყვანას მთხოვდა... ზოგადად ცელქი და ენერგიული ბავშვი იყო, შესაბამისაც, ხან წაიქცეოდა, ხანაც რაღაცეებს ეჯახებოდა. თუთოეული სილურჯე (ე.წ. სინიაკი) ვიცოდი საიდან ჰქონდა, მაგრამ თვალში მომხვდა ის, რომ სილურჯეები არ ურჩებოდა. პირიქით, თითქოს უფრო და უფრო უმუქდებოდა კიდეც. სწორედ ეგ ყოფილა ლეიკემიის პირველი სიმპტომი და ფეხების ტკივილი, რომელიც ცხადია არ ვიცოდი.

რამდენიმე დღეში, სრულიად სოციალური ქსელი, „ღორის გრიპის“ შესახებ  ნიუსებმა მოიცვა. კარგად მახსოვს სათაური - „დაიღუპა გოგონა 5 დღით დაგვიანებული მკურნალობის გამო“. სულ ვკითხულობდი და განვიცდიდი მათ მდგომარეობას. რამდენიმე პოსტიც კი მივუძღვენი. უცებ ჩემს შვილს სიცხემ აუწია. სასწრაფოდ მივიყვანე ექიმთან (როგორც წესი, არ მიყვარს ექიმის გარეშე მედიკამენტების მიცემა), ღორის გრიპი ეგრევე გამორიცხეს, რადგან რაიონში არცერთი შემთხვევა არ იყო დაფიქსირებული. მითხრეს რომ იყო ანგინა. ყელში ჰქონდა ჩირქი და სიცხეებიც ამ მიზეზით იყო. გამოუწერეს ანტიბიოტიკები. გავიდა ორი დღე, სიცხემ არ დაუწია. სხვა ექიმთან მივიყვანე. მანაც იგივე დიაგნოზი დასვა, თუმცა უფრო ძლიერი ანტიბიოტიკი დაუნიშნა. კიდევ ორი დღე გავიდა და მდგომარეობა არ შეცვლილა. გადავრეკე თბილისში მის პირად ექიმთან, რომელმაც მითხრა რომ ასე ვერაფერს მეტყოდა, სისხლის ანალიზი უნდა ამეღო და იმის მიხედვით მეტყოდა როგორ მოვქცეულიყავი - ჩავსულიყავი თბილისში თუ გამეგრძელბია იგივე სახით მკურნალობა.

მეორე დღეს მართლაც მივიყვანე სისხლის ანალიზზე, მითხრეს რომ პასუხი ერთ საათში იქნებოდა. დაახლოებით 15 წუთში მორბის ჩემი ბიძაშვილი და მეუბნება, რომ სასწრაფოდ თბილისში მივდივართ (სწორედ ეს იყო თავზარი). ვეკითხები რა მოხდა, ის კი მპასუხობს, რომ ექიმმა უთხრა ასე, რადგან რაღაც საშინელი ანალიზებია. შეშლილი სახით მანქანას ამზადებდა, გიჟებივით ჩავსხედით მანქანაში, მოვდივართ... ათასი რამ მიტრიალებს თავში. სულ ის მახსენდება ღორის გრიპით 5 დღეში რომ გარდაიცვალა ახალგაზრდა. წამდაუწუმ ვეკითხები ჩემს ბიძაშვილს, მითხარი ნუ მიმალავ, ღორის გრიპია? ის კი კვლავ მიმტკიცებს რომ არ იცის.

ისევ ჩემს ფიქრებში ვარ... მე ხომ ვიცი რომ ჩემი შვილიც 5 დღეზე მეტია ავადმყოფობს. ერთი სული მაქვს ჩავიდე თბილისში, გზა იწელება...

მივდივარ თბილისში, მაგრამ სად წავიდე? გადავრეკე მეგობართან, ვუთხარი რომ სავარაუდოდ, ღორის გრიპი აქვს, რომელმაც იაშვილის კლინიკაში მისვლა მირჩია. მივედით.

სასწრაფოდ განათავსეს რეანიმაციაში. ვტირივარ. პირველად ჩემს ცხოვრებაში ღმერთს ვთხოვ დახმარებას, ზუსტად ისე, წყალწაღებული რომ ხავსს ეკიდება.

ამ დროს მახსენდება, რომ რამდენიმე საათში მისი მეორე დაბადების დღე დგება და ეს უფრო მაგიჟებს. მინდა შეხვდეს, შეხვდეს ბევრჯერ და იცოცხლოს დიდხანს...

უამრავი ანალიზი გაუკეთეს. ღორის გრიპის ანალიზიც აუღეს, თუმცა პასუხს დრო უნდოდა. დრო კი არ გვქონდა, ამიტომ დაუყონებლივ დაიწყეს მკურნალობა (მოგვიანებით დადასტურდა რომ ნამდვილად ღორის გრიპი ჰქონდა).

ამასობაში მოდის კლინიკის დირექტორი და მეუბნება რომ საქმე იმაზე სერიოზულად არის, ვიდრე ღორის გრიპია. სისხლი არ მოგვწონს და სასწრაფოდ უნდა შევიდნენ ძვლის ტვინში და გაუკეთონ დამატებითი კვლევები, თუმცა ეჭვი რაზე ჰქონდათ არ მითხრეს.

მირეკავდნენ ახლობელები (საახლობლო წრე მართლაც დიდი და მრავალფეროვანი მყავს), მეუბნებოდნენ რომ კარგად იცნობენ ექიმებს, გაარკვევენ მდგომარეობას და გამაგებინებენ, თუმცა მერე აღარავინ აღარ მირეკავდა.

ეს უფრო მაშინებდა, რადგან ვხვდებოდი, რომ არ უნდოდათ ცუდი ამბავი მათგან გამეგო.

მოვიდა საღამო.

მოდის სასიამოვნო გარეგნობის ახალგაზრდა ექიმი (თაკო). მშვიდი ინტონაციით მიხსნის რაღაცას, რომელსაც ვერ ვიგებ, რადგან აზრზე არ ვარ სამედიცინო ტერმინოლოგიის. ბოლოს ვუთხარი, რომ ვერ გავიგე რას მეუბნებოდა, ერთადერთი რასაც მივხვდი, სისხლთან არის დაკავშირებული, მე კი სისხლზე მხოლოდ ლეიკემია მაქვს გაგებული, ისიც ზოგადად და დარწმუნებული ვარ ეგ არ იქნება-თქო. ამაზე მიპასუხა რომ სწორედ ეგ იყო.

მერე აღარფერი მესმოდა. ისე წავიდა, აღარაფერი გამიგია, მხოლოდ მისი ტუჩების მოძრაობას ვხედავდი...

დაიწყო ჯოჯოხეთი. ეს იყო მეორე დარტყმა იმ მოკლე პერიოდში. ლეიკემიაზე მხოლოდ დახმარებაზე გავრცელებული განცხადებები მახსენდებოდა, რომელშიც კოლოსალურ თანხას ითხოვდნენ შვილის გადასარჩენად. აქ სულ გავგიჟდი, სად უნდა მენახა ასობით ათასი ლარი, ან სად უნდა წამეყვანა ასე უცებ.

ამასობაში დამიძახა კლინიკის დირექტორმა და სწორედ იქ და იმ დროს გავიგე რომ საქართველოში, (იაშვილის კლინიკაში) ლეიკემია იმკურნება და სრულიად უფასოდ. ასე დაიწყო ყველაფერი. ახლა კი ერთი სული მაქვს როდის დავწერ სიტყვებს „დავამარცხეთ“ .

მოსაყოლი კიდევ ბევრი მაქვს. გადავწყვიტე ნელ-ნელა მოგითხროთ, რათა არ გადაგღალოთ (მეც არ მიყვარს დიდი ტექსტების კითხვა). თქვენ კი თუ დაინტერესდებით შეგიძლიათ მკითხოთ ნებისმიერი რამ ამ თემაზე და დიდი სიამოვნებით გიპასუხებთ.

 

კარინა გრიგორიანის ბლოგი

 

ბლოგი