2019-03-18

სიკვდილი ხომ მაინც ყველაზე ემოციური და ბუნდოვანი მოვლენაა. ხომ დაკვირვებიხართ, ვინმეს გარდაცვალებას რომ შეიტყობთ, რაც უნდა უმნიშვნელო ადამიანი ყოფილიყო, როგორი ჩუმი წამია.

სიკვდილი არასოდეს მენახა. მკვდარი კი არა, თავად სიკვდილი, როგორ კვდება ადამიანი.

ჩემი მოსავლელი მოხუცი, 94 წლის რენატო ბაბუა (ნამდვილი ბაბუასავით ტკბილი იყო), მოულოდნელად გახდა ცუდად. ღიმილი მოგგვარათ ხომ? რაღა მოულოდნელად, 94 წლის თუ იყო? უბრალოდ, კარგად იყო და უცებ გახდა ცუდად.
თვეები იტანჯებოდა.
ისეთი რთული იყო ამ თავმოყვარე კაცის ისეთ დღეში ყურება, იმდენად ცხადი რომ ვეღარ უძლებდა, ჩუმ-ჩუმად, გულში ღმერთს ვთხოვდით შვება მიეგვარა.

მაფრთხილებდნენ, არ შემშინედებოდა.
მასწავლიდნენ როგორ მოვქცეულიყავი თუ შემთხვევით მარტო აღმოვჩნდებოდი რენატოს და სიკვდილს შორის.

მტკივნეული იყო. ჩემ ნამდვილ ბაბუას ძალიან მაგონებდა და მასში მყავდა გაცოცხლებული. ახლა ისიც უნდა წასულიყო.

ყოველ ღამე ერთსა და იმავე დროს ემართებოდა შეტევა.
იძულებული გავხდი, ნემსის გაკეთება მესწავლა.
წამალი რომ ისევ თავისას იზამდა და შეტევა გადაივლიდა, ისტერიკა მერე მეწყებოდა. ვიაზრებდი, რომ შეიძლება ხვალ ასე აღარ მოხდეს.

იმ ღამეს წამალმა აღარ იმოქმედა. გონება რომ არ დაეკარგა ვეკითხებოდით ვინ ვიყავით. ვერ გვპასუხობდა, მაგრამ ვხვდებოდით საღ გონებაზე იყო.

უფროსი შვილიც იქ იყო და ბოლო წუთს მივხვდი, მისთვის უფრო მძიმე იყო, მეზობლის დასაძახებლად გავუშვი. სხვა შვილებს დავურეკეთ.

წამში მოხდა. რენატოს ჩემი ხელი ეჭირა, მე ვცდილობდი პირი არ დაეხურა და ისტერიული კივილით ვემუდარებოდი. ბოლო ამოსუნთქვა ვიგრძენი. თავი დახარა. ხელები ჩამოუცვივდა.
94 წელი ერთ წამში დასრულდა.
ასე, ერთიანად ამოისუნთქა 94 წელი.

შვილი რომ შემოვიდა და მეზობელი, რენატო აღარ იყო. ალბათ ისეთი სახე მქონდა, მე უფრო ვგავდი მკვდარს. კატერინაც მე მეხუტებოდა და ისინიც.

ცხოვრება კოშმარს დაემსგავსა. ვერ მოვდიოდი აზრზე. სულ იმ ბოლო სუნთქვას ვგრძნობდი და მეგონა ბოლო ამოსუნთქვა იყო ჩემიც.

...
დაკრძალვის შემდეგ სახლიდან გასვლა მირჩიეს. თვეების განმავლობაში არ მეძინა და ძილი აუცილებელი იყო. ვერ ვიძინებდი.
საძილე აბები დილის ყავასავით მაფხიზლებდა.

ზღვაში ჩაყვინთვის შიში დამეწყო. ის ამოსუნთქვა არ მეშვებოდა.
ხელს რომ მკიდებდნენ დამშვიდების მიზნით, შიშისგან ვკანკალებდი.

ძილში რენატოს ხმა მესმოდა. მეჩვენებოდა, შველას მთხოვდა.

დიდი დრო დამჭირდა ცხოვრებას დავბრუნებოდი.

... 
ყველაფერი გაგრძელდა. 
ახლა რენატოს მეუღლის კვნესა მესმის და ვფიქრობ რომ ისევ დადგება ის აუტანელი წუთი. 
ისევ იქნება ბოლო ამოსუნთქვა და ამოყვება მისი 94 წელიც. 
ვფიქრობ. ვემზადები. 
...
რამდენი სიკვდილი უნდა ვნახოთ ჩვენ, სიკვდილსა და მოსავლელ მოხუცებს შორის მყოფებმა?

რამდენჯერ უნდა დავიწყოთ თავიდან, თუმცა მუდამ სიკვდილის მოლოდინით.

სხვები ხომ ასე ხედავენ - უმუშევარი დარჩი? თითქოს მეტი არაფერია.

რამდენჯერ უნდა შემძულდეს თავი იმის გაფიქრებაზე, რომ ადამიანის სიკვდილი დაკარგული ხელფასია.

ასეთია ევროს ფასი.

 

ელისო კავილაძე (ჭინჭარი)

ელისო უკვე 4 წელი და 3 თვეა ემიგრაციაშია

ბლოგი