2018-04-14

ნიგერიელი წყვილის, ოინლადისა და სტივენის ისტორია.

ოინლადი: ორი წლის წინ ნიგერია დავტოვე და საქართველოში ჩემს ქმართან ჩამოვედი. სტივენი სამი წლის წინ აქ მედიცინის შესასწავლად ჩამოვიდა. 5-6 წელი, რაც აქ უნდა გაეტარებინა, ძალიან დიდი დრო იყო საიმისოდ, რომ ოჯახს ცალ-ცალკე გვეცხოვრა. ასე აღმოვჩნდი მეც აქ, ორი საყვარელი ბავშვის, ფეითისა და ჯუდას დედა.

მთავარი და ურთულესი პრობლემა, რასაც აქ წავაწყდით, ჩემი ბინადრობის ნებართვაზე უარი იყო. მეორე ბავშვზე ვიყავი ფეხმძიმედ. ყოველდღე ახალ-ახალ ადამიანებთან მიწევდა შეხვედრა. მას მერეც კი, რაც ყველა მოთხოვნა დავაკმაყოფილეთ, მე და ჩემს ქალიშვილს ბინადრობის ნებართვაზე უარი ორჯერ გვითხრეს. სასამართლოს მივმართეთ. მე ნებართვა გასულ წელს მივიღე, ჩემს ქმარს, როგორც სტუდენტს, ნებართვა ისედაც ჰქონდა. თითქმის დარწმუნებულები ვიყავით, რომ პრობლემა აღარც ჩვენი ხუთი წლის ქალიშვილს შეექმნებოდა, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან წერილი გამოგვიგზავნეს და გვაუწყეს, რომ ბავშვს ნებართვაზე უარი ეთქვა. მიზეზები განმარტებული არ არის. კანონია მითითებული, რომელიც გულისხმობს, რომ უარის საფუძველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხია.

დისკრიმინირებულად კიდევ თავს მაშინაც გრძნობ, როცა სამუშაოს ეძებ. ლონდონის მიდლსექს უნივერსიტეტი დავამთავრე, ბიზნესის საერთაშორისო მენეჯმენტში მაგისტრის ხარისხი მაქვს. არის ვაკანსიები, რომლებსაც ზუსტად ვიცი, რომ შევესაბამები, მაგრამ ჩემს კვალიფიკაციას არც უყურებენ.

ბევრი ნიგერიელი სწავლობს აქ. როცა სტუდენტი ქართულ სასწავლებელს წარჩინებით ამთავრებს, განა ქვეყნის ინტერესი არაა, რომ მისი ცოდნა აქვე გამოიყენოს? ჩვენი ტვინი... და ჩვენ ყველას გვაქვს ტვინი, შავი არაა, ყველა ადამიანს ერთი ფერის ტვინი გვაქვს.

🔶სტივენი: სხვა ქვეყნებში საკმარისი დრო მაქვს გატარებული და შედარება შემიძლია. მე მიყვარს საქართველო. განსაკუთრებით აქაური ახალგაზრდობა მიყვარს. მეგობრულები და გახსნილები არიან. მზად არიან შენგანაც ისწავლონ რაღაც და გისმენენ. თავს აქ უფრო უსაფრთხოდ და მშვიდად ვგრძნობ. ვისურვებდით, რომ სწავლას რომ დავასრულებ, აქ დარჩენა შეგვეძლოს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს მთავრობისა და სახელმწიფო პოლიტიკის გადასაწყვეტია, რომ მიიღონ და აღიარონ ადამიანები განურჩევლად მათი კანის ფერისა და ეროვნებისა.

🔷ოინლადი: არიან კარგი ადამიანები და არიან ცუდი ადამიანები. არ აქვს მნიშვნელობა არც რასას, არც ეროვნებას და არც კანის ფერს.

ქართველებს, მაგალითად, მე არ განვსჯი იმ ადამიანზე დაყრდნობით, ვინც ითაღლითა და მოგვატყუა, როცა ახალჩამოსულებს მანქანის ყიდვა გვინდოდა. ესეც გამოცდილებაა. მესმის, რომ ადამიანები განსხვავებულები არიან. შავკანიანებსაც ბევრს ვიცნობ კარგს და ცუდს. 
ცხადია, უარყოფითთან ერთად, ბევრი დადებითი გამოცდილება და შთაბეჭდილებაც მაქვს. საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა, უნიკალური, მრავალფეროვანი კულტურითა და გარემოთი, უამრავი კეთილი ადამიანით, რომლებიც მზად არიან, რომ დაგეხმარონ.

🔴ფოტო და ტექსტი: ნინო ბაიდაური
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი - TDI |

"მრავალფეროვნების სახეები"
2018 წელი

ბლოგი