2018-03-31

10 წლის ასაკიდან დღემდე, ბევრ ადგილას მიმუშავია, თითქმის ყველა სფეროში, მაგრამ არჩეული პროფესია არასდროს მქონია, ალბათ იმიტომ, რომ ყველა სფერო მაინტერესებს. ამაში ისიც მეხმარება, რომ ადვილად ვითვისებ ყველაფერს, ყველა საქმეს გულმოდგინედ ვეკიდები, მაგრამ თუ სფეროს ვერ ვერგები, აუცილებლად ვამჯობინებ გაცლას და ახლის ძიებას ვიწყებ. სწორედ ერთ-ერთი ასეთი ახალი სფერო იყო რესტორნები, 5 წლის უკან. თავიდან ცოტა გამიჭირდა, მაგრამ როდესაც სტუმარს კმაყოფილს ვაცილებდი და მისგან მადლობას ვღებულობდი, შემდეგ მოსვლაზე კი თბილად მკითხულობდნენ, მივხვდი, რომ ამ სფეროშიც, გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, შეიძლება კმაყოფილი იყო. სასიამოვნოა, როცა სტუმარს სასიამოვნო გარემოს უქმნი, ის კი, რაც არ უნდა ცუდ განწყობაზე შეგხვდეს, წასვლისას ღიმილით და მადლობით გემშვიდობება. ეს იმას ნიშნავს, რომ შენ მისი განწყობა პოზიტიური გახადე და ის ამით კმაყოფილია. მრავალი კატეგორიის ადამიანთან მქონია შეხება და თამამად შემიძლია აღვნიშნო, რომ არცერთი ჩემი სტუმარი უკმაყოფილო არ გამიცილებია. ბევრი ისტორია გადამხდენია, მაგრამ ერთ-ერთმა განსაკუთრებით იმოქმედა ჩემზე და ძალიან გაოცებული დავრჩი.

- რესტორანში წყვილი შემოვიდა პატარა ბავშვთან ერთად, მიუსხდნენ მაგიდას და დაიწყეს მენიუს შერჩევა. მამაკაცი ნაბახუსევი გახლდათ და მდგომარეობიდან გამოსვლა სურდა. რა თქმა უნდა მიმტანმა ისეთი კერძი შესთავაზა, რაც მის მდგომარეობაზე წამლად იმოქმედებდა. მისმა მეუღლემაც მისთვის სასურველი კერძი შეუკვეთა და რა თქმა უნდა ბავშვისთვისაც შესაფერისი მოითხოვეს. მამაკაცმა ხასიათზე მოსასვლელად 250 გრამი არაყიც ითხოვა. სანამ კერძი სუფრასთან მივიდოდა წყვილი ერთმანეთში სხვადასხვა საკითხს განიხილავდა და ბავშვს ყურადღებას ნაკლებად უთმობდნენ. შევამჩნიე ბავშვი მოწყენილი იყო და რესტორნის საბავშვო კუთხიდან გასაფერადებელი-სახატავი რვეული მივართვი ფაქნრებთან ერთად. მშობლებს ეს ძალიან მოეწონათ და მადლობა მითხრეს, თუმცა ბავშვი ამას გაოცებული უყურებდა. რამდენიმე წუთში, როცა მე ჩემს პოზიციას ვადევნებდი თვალს, ვხედავ ბავშვი ჩემი მიცემული რვეულით და ფანქრით ხელში ჩემსკენ მოდის, მომაწოდა და მშობლებისკენ გაემართა. გამიკვირდა ეს ჟესტი, რადგან სახატავები ჯერ არცერთ ბავშვს არ მობეზრებია ასე მალე. დავინტერესდი და რვეული გადავფურცლე, მასზე არანაირი ფანქრის კვალი არ იყო. ამის შემდეგ გადავწყვიტე მივსულიყავი პატარასთან და ხელახლა შემეთავაზებინა სახატავი, ოღონდ ახლა უკვე ჩემი ახსნით და დახმარებით. როცა ბავშვს ვანახე თუ რა დანიშნულება ჰქონდა ფანქარს და როგორი ფერები იყო, სიხარულით გამომართვა ისევ. ეტყობოდა რომ მისთვის ეს სიახლე იყო და ძალიან გახარებული ჩანდა. დავინტერესდი, რა იყო პატარას ასეთი რეაქციის მიზეზი და მშობლებთან საუბრისას გავარკვიე რომ ბავშვი სამი წლის ხდებოდა, რომ ის ძალიან ენერგიულია და ამავდროულად სიტყვაძუნწი. დაახლოებით მივხვდი თუ რატომ იყო ეს პატარა ასეთი და ჩემი ფიქრები სწორედ მაშინ გამართლდა, როცა ოჯახმა ვახშამი დაასრულა. გასასვლელში შევეგებე დასამშვიდობებლად, მადლობების ფონზე კი ისმის ბავშის ხმა - “მოვკალი, მოვკალი”, ის “ქაუნთერ სტრაიქს” ისე თამაშობდა ტელეფონით, რომ ბევრი გამოცდილი მოთამაშე ვერ შეძლებდა. ჩემი გაკვირვების გამოხატვისას მშობლებმა სიამაყით მითხრეს, რომ ის ჯერ ორი წლის არ იყო, ერთი თამაში რომ დახურაო.

ძალიან დამწყდა გული, ვეღარ მოვითმინე და ვუთხარი რომ მისი სიტყვაძუნწობა სწორად რომ თამაშების დამსახურება იყო. გაკვირვებული სახით დამემშვიდობნენ და გასასვლელისკენ გაეშურნენ.

ჩემი აზრით, ეს ის კატეგორიაა, რომელმაც „იდეალურად“ იცის შვილის გაზრდა და მას არ სჭირდება ზედმეტი რჩევა-დარიგება. მინდა ყველა მშობელს თუ მომავალ მშობელს ვურჩიო და ვთხოვო, მეტი კომუნიკაცია ჰქონდეთ შვილთან, ხშირად ეთამაშეთ, ხშირად შეაქეთ, თუ წაიქცევა, ღიმილით წამოაყენეთ, რადგან აღგიქვათ როგორც საყრდენი ძალა, ეცადეთ ძილის წინ მურტფილმის ნაცლად ზღაპრები წაუკითხოთ ან რაიმე სასიამოვნო ამბავი უამბოთ, რადგან მათ ტკბილად დაიძინოთ,  ყველაზე აუცილებელი და მთავარი კი აკოცეთ ხშირად, განსაკუთრებით ძილის წინ და ძილში, ის თქვენ გგრძობთ და მას მუდამ თქვენი იმედი ექნება.

 

დავით მდივანი

#მიმტანისისტორიები

ბლოგი