2020-03-09

ჟურნალისტი ელისო კავილაზე, რომელიც იტალიაში ცხოვრობს და თვითიზოლაციაში იმყოფება, კორონავირუსის თემას ეხმაურება. 

"ამ ვირუსს სამყარო რატომ უნდა გადაურჩეს ერთი მიზეზი არ მაფიქრდება!

ამაზრზენია უკვე ეს ნეგატიური ენერგია, რომელიც ადამიანებთან ვირტუალური კავშირიდანაც კი მოდის!

აღარაფერს ვამბობ იმ უპასუხისმგებლობაზე, რომელიც ადამიანებმა გამოიჩინეს ზუსტად იმ დოზით, რა დოზითაც, წესით, პასუხისმგებლობა უნდა გამოეჩინათ!

იმ წუთიდან, რაც ამ ვირუსზე გახდა ცნობილი, ყველა ქვეყანაში დაიწყო გაფრთხილება, როგორ უნდა მოვქცეულიყავით.

მთელი კვირის განმავლობაში მხოლოდ 12 საათი მაქვს თავისუფალი დრო.
ეს იცით რას ნიშნავს?
მხოლოდ 12 საათი შემიძლია საკუთარი თავისთვის გამოვიყენო. მაგრამ არ ვსარგებლობ ამ დროით.

საერთოდაც, თვითიზოლაციაში ვარ მხოლოდ იმიტომ, რომ ვიყავი იმ შენობაში სადაც ჩემამდე ვირუსიანი კაცი იყო.
პურის საყიდლად არ გავედი, სახლში გამოვაცხობ-მეთქი.
გუშინ საღამოს მქონდა სიცხე, სავარაუდოდ იმიტომ, რომ ბოლოს გარეთ რომ ვიყავი დავსველდი და გავცივდი. არანაირი ნიშანი არ მაქვს, მაგრამ არ გავდივარ გარეთ, ისედაც იმაზე დარდი მკლავს, რომ სახლში ორი ადამიანია ჩეს გარდა და მათგან ერთი 96 წლისაა. რომლისთვისაც ეს ვირუსი სასიკვდილო განაჩენია.

სასაცილოდ არ ეყოთ ჩემი სიფრთხილე, მაგრამ მაინც. გუშინ ველოსიპედით სეირნობის ნაცვლად, მთელი 6 საათი სახლში გავატარე.

დღეში ასჯერ ვისმენთ, რომ არ გავიდეთ სახლიდან უკიდურესი საჭიროების გარდა. ვის ესმის?
მეზობელი აივნის კარს ხურავს თუ აივანზე დამინახა და მისი შვილი, კვირაში სამჯერ, მიდი-მოდის რომსა და მილანს შორის!

იტალიის ჯანდაცვის სისტემა, შეიძლება ითქვას, სამაგალითოა ევროპის სხვა ქვეყნების მოდელებს შორის. განსაკუთრებით იმ რეგიონებში მუშაობს სრული სიზუსტით, სადაც ახლა წითელი ზონებია.

თავიდანვე გამოცხადდა აუცილებლად დასაცავი ნორმები. თუმცა, იტალიის კონსტიტუცია არ იძლეოდა მეტი სიმკაცრის საშუალებას. მაგრამ რა მოხდა? ბერგამოდან სიცილიაზე ჩამოხეტებულმა ტურისტმა გაავრცელა ვირუსი.
მილანის პროვინციაში მცხოვრებმა შვილმა, მოხუცი მშობლების მონახულება გადაწყვიტა. გადასდო ვირუსი. ცოლ-ქმარი სულ სხვა სიმპტომებით ტურინის საავადმყოფოში გადაიყვანეს და მათ არ გაამხილეს წითელი ზონიდან ადამიანთან კონტაქტი. რის გამოც მედ. პერსონალი, დაუცველი კონტაქტის გამო, დაინფიცირდა და საავადმყოფოს მთელი განყოფილების დაკეტვა გახდა საჭირო. საავადმყოფოში თმის ჩაბრუნების გამო მისული კაცი ჩარჩა. ეს მაშინ, როცა საავადმყოფოებში აღარ არის ადგილი!
გუშინ გავრცელდა ვიდეო ნეაპოლელი კაცის პირადი გვერდიდან. ვიდეოში კაცმა აჩვენა საწოლში გარდაცვლილი დის ცხედარი. მას კორონა ვირუსმა მოუსწრაფა სიცოცხლე. კაცმა თქვა, რომ 24 საათი ელოდებოდა დახმარებას, თუმცა დარეკვითანც არავინ დაურეკა. იმიტომ, რომ პანიკის გამო ადამიანები უმიზნოდ ხარჯავენ რესურსს. გარდაცვლილ ქალბატონს ეპილეფსია სჭირდა და სავარაუდოდ, ვირუსს ამიტომ ვერ გაუძლო. მამაკაცი ამბობდა, რომ არ შეუძლია წესისამებრ დაკრძალვაც კი. რადგან ქვეყანაში ქელეხებისა და ქორწილების გადახდა აიკრძალა. თვითონ მამაკაცი, სავარაუდოდ, ინფიცირებულია და ელოდებოდა სასწრაფო დახმარებას.

კოზენცაში პირველი შემთხვევის დაფიქსირების გამო, საზოგადოების პანიკამ პიკს მიაღწია. როგორც ადგილობრივი პრესა წერდა, ადამიანებმა დაიწყეს ცხელ ხაზზე რეკვა შემოწმების მიზნით და შედეგად მართლა ინფიცირებული პაციენტი ვერ დაუკავშირდა.

ეს მცირე მაგალითები, რომელთა სინამდვილე, ცხადია, არ შემიძლია გადავამოწმო, მაგრამ ფაქტია, რომ ლომბარდიის რეგიონის ჩაკეტვის გამოცხადებისთანავე, ადგილობრივები სამხერთ იტალიისკენ გამოეშურნენ.

ჯერ კიდევ დასაწყისში, იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებით, დაიხურა სასწავლებლები, კერძო და საჯარო. კინოთეატრები, მუზეუმები, ეკლესიები, რესტორანებსა და კაფეებსაც დაუდგინდათ განრიგი და სავალდებულო გახდა დისტანციის დაცვა მაგიდებს შორის.
საავადმყოფოში ადგილების დაზოგვის მიზნით, გადაიდო გეგმიური ოპერაციები. ისეთ ექიმებსაც კი, რომელთაც ონლაინ რეჟიმში მუშაობა შეუძლიათ, პაციენტებთან კონტაქტი შეეზღუდათ. სამსახურში სიარულის ნაცვლად, თანამშრომლებს სახლში დარჩენა და სახლიდან მუშაობა დაევალათ.

მოკლედ, იტალიაში აბსოლუტურად ყველა ზომა მიიღეს ვირუსის არ გასავრცელებლად, მაგრამ ნახეთ რა მდგომარეობა გვაქვს. რატომ? უპასუხისმგებლო ადამიანების წყალობით.

აქედან რთულია ზუსტად ვთქვა, მაგრამ მეჩვენება, რომ საქართველოშიც ძალიან კარგი მზაობა იყო, რომ არა ტუტუცი ადამიანები.

ერთი რამ ხაზგასმით უნდა ვთქვა - საქართველოს საელჩო იტალიაში მუშაობს ძალიან კარგად!

გუშინ დილით, მითითებული სამი ნომრიდან, პირველ ნომერზე ერთ ზარზე არ მიპასუხეს, მეორე ნომერზე იყო დაკავება, მაგრამ მესამე ნომერზე წამებში ძალიან მზრუნველად, ამომწურავი ინფორმაცით გამცეს პასუხი. რამდენიმე წუთში კი პირველი ნომრად თვითონ დამირეკეს, რადგან ზარი იყო დაფიქსირებული.

ჩემი კითხვა იყო საქართველოში დაბრუნების შესაძლებლობის შესახებ. უნდა ვთქვა, რომ რეალურად სრული მზაობა აქვთ ადამიანების სამშობლოში გადაყვანაზე.

უფრო მეტი მთავრობებს არ შეუძლიათ გააკეთონ.
ადამინებს მინიმალური დათმობა გვიწევს - არ ვიხეტიალოთ გარეთ და ამასაც არ ვასრულებთ!

თუმცა ვინც ასრულებს, კიდევ უარესი - მთელ ბოღმას სოციალური ქსელის საშუალებით ანთხევს!
იმის ნაცვლად, რომ ერთმანეთი გავამხნევოთ, ერთმანეთს ზიზღით და რისხვით ვღლით.

მითხარით, რატომ უნდა გადარჩეს ეს ბოღმით სავსე სამყარო?
ნუთუ, ბოღმის თავიდან დაბადება, მომავლის ადამიანებს გაუჭირდებათ?

კაცობრიობის ისტორიაში, კორონაზე უარესები უნახავთ, მაგრამ ასეთი უსუსური ალბათ არასოდეს ყოფილა მსოფლიო. რამხელა ირონიაა - ასეთი განვითარებაისთვის სამყაროს არც ერთ საუკუნეში არ მიუღწევია და უცებ ჩვეულებრივი გრიპით ვიხოცებით ადამიანები, რომლებსაც გვინახავს გადანერგილი ტვინები და გულები.
და რატომ? სწორედ უტვინობისა და უგულობის გამო!

დარჩით სახლებში! შეასრულეთ რასაც გვავალებენ და ყველაფერი კარგად იქნება!

პ. ს. საკუთარი დამოკიდებულება ხომ თავიდანვე ვთქვი - უარესი, უფრო საშიში ავადმყოფობებით დავდივართ ისე, რომ არც ვიცით. ამიტომ თავს ვკრ მოვიკლავ იმ ვირუსზე დარდით, რომელიც შეიძლება არც შემეყაროს! მაგრამ ყველაფერს ვაკეთებ რომ არ შემეყაროს!

ხო, მაინც ისე იქნება, როგორც უნდა იყოს, მაგრამ ნუ ჩაატარებთ ექსპერიმეტს საკუთარ თავსა და სხვა ადამიანების ჯანმრთელობაზე! ღმერთს არ სჭირდება გამოცდა, საკუთარ რწმენას კი - სულ სხვაგვარად ცდიან ხოლმე!"

 

ელისო კავილაძე

ბლოგი