2018-04-27

ცხოვრება მოულოდნელად უამრავ სიურპრიზს გვთავაზობს, ზოგჯერ კარგს, ზოგჯერ - ცუდსაც. თამარი ალბათ ვერასდროს იფიქრებდა, რომ უბრალოდ გაციებისგან გამოწვეული სიცხეები ასე შორს წაიყვანდა და სიცოცხლის გადასარჩენად ხანგრძლივი ბრძოლა დასჭირდებოდა: „თავდაპირველად გაციების თანმდევი სიცხეები მქონდა, რომელიც ერთ თვეს გაგრძელდა, ადგილობრივ პოლიკლინიკაში მითხრეს რომ ფილტვების ანთება მქონდა და ანტიბიოტიკებით მკურნალობა დამინიშნეს“. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში რთულია მხოლოდ ერთი ექიმის დიაგნოზს დაჯერდე, რადგან ამის საშუალებას თავადვე არ გაძლევენ. თამარს სხვა ექიმთან კონსულტაცია დასჭირდა, რადგან სიცხეები მის ორგანიზმზე ბატონობას განაგრძობდა. საბოლოოდ ექოსკოპიურმა კვლევამ აჩვენა, რომ პაციენტს ელენთა ჰქონდა გადიდებული, არცერთი  ანალიზი კი ნორმას არ ექვემდებარებოდა, ამიტომ საჭირო გახდა ჰემატოლოგთან კონსულტაცია. ელენთის ბიოფსიით სიმსივნე დადგინდა და დაინიშნა ოპერაცია. ოპერაციის შემდგომი დიაგნოზი კი ჰოჯკინის ლიმფომის მესამე სტადია იყო.

სიმსივნე ის დაავადებაა, რომელიც არათუ უკან იხევს, არამედ პროგრესირებს და ახალგაზრდავდება. ამიტომ საჭირო გახდა ქიმიოთერაპია, რომლის მიზანი სწრაფად მზარდი ავთვისებიანი უჯრედების განადგურება იყო. თამარმა ქიმიოთერაპიის 6 კურსი დასავლეთ საქართველოს მასშტაბით ყველაზე დიდ და თანამედროვედ აღჭურვილ ონკოლოგიის ცენტრში გაიარა.

ონკოლოგიურ პრაქტიკაში ქიმიოთერაპია მკურნალობის ერთ-ერთი მეთოდია, რომელიც ფართოდ გამოიყენება როგორც დამოუკიდებლად, ასევე კომპლექსურად ოპერაციულ, სხივურ, იმუნო და ჰორმონოთერაპიასთან ერთად. თამარისთვის მედიკამენტოზური მკურნალობა საკმაოდ მძიმე და ემოციური აღმოჩნდა. რთულია 20 წლის გოგონამ  ყველა ორგანოს ტკივილს ერთდროულად გაუძლო. ეს ყველაფერი იმდენად რთული აღმოჩნდა, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იგი ძილის წამლებსა და ანტიდეპრესანტებს იღებდა, პარალელურად დასჭირდა ფსიქოლოგის დახმარება: „როცა ქიმიოთერაპიის კურსს გადიხარ ფიქრობ, რომ კარგად აღარასოდეს გახდები. საშინელი პერიოდი გამოვიარე. მქონდა საშინელი დეპრესია, რომელიც თუნდაც სახლში ჩაკეტვით და არსად გახედვის სურვილით გამოიხატებოდა.“

რომ გადარჩე, უნდა იბრძოლო. რომ იბრძოლო, ამის ძალა უნდა გქონდეს. თამარს ძალა გადარჩენისთვის სწორედ მისმა მკურნალმა ექიმმა, კლინიკურმა ონკოლოგმა -  ხათუნა ბიბიჩაძემ მისცა, რომელსაც დრო, ენერგია, პროფესიონალიზმი და სითბო არ დაუშურებია, რათა თამარი დაერწმუნებინა, რომ ისინი ერთად დასახულ მიზანს, სიცოცხლეს მიაღწევდნენ: „ხათუნა ექიმი ძალიან თბილი, მზრუნველი და ყურადღებიანი ექიმია. ის ყოველთვის მეუბნებოდა, რომ დაავადების კეთილსაიმედო  ვარიანტი მქონდა  და  ბრძოლა ამ ვერაგი დაავადების დასამარცხებლად შედეგს აუცილებლად გამოიღებდა.“

ხათუნა ექიმის დაპირება ტყუილი არ აღმოჩნდა. ერთ წლიანი თავდაუზოგავი შრომის და მკურნალობის შემდეგ ხათუნა ექიმისთვის დადგა ის საკვანძო დღეც, როცა მან თამარს მკურნალობის საუკეთესო შედეგი აცნობა.

სიკვდილ-სიცოცხლეს შორის ბრძოლაში ღირსეულად  გამარჯვებული თამარი დღეს აქტიურ ცხოვრებით ცხოვრობს. განაგრძობს სწავლას და დიდ დროს ატარებს მეგობრებთან, რომლებსაც მის გამოჯანმრთელებაში ეჭვი არასდროს ეპარებოდათ.

წარმატების ფორმულა