2022-08-05

ოჯახში ძალადობის ან/და ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლისათვის გასაცემი სახელმწიფო კომპენსაციის წესის შესახებ გაფართოებულ შეხვედრაზე იმსჯელეს. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საკანონმდებლო ცვლილების პროექტის განხილვა, შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისა და ქალთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის ტექნიკური მხარდაჭერით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გაანალიზა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა კომპენსაციასთან დაკავშირებული საერთაშორისო სტანდარტები და საერთაშორისო პრაქტიკა.

აღნიშნული ანალიზის საფუძველზე, სამინისტრომ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ჩართულობით მოამზადა ოჯახში ძალადობის ან/და ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლისათვის გასაცემი სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის პროექტი.

შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა კაორი იშიკავამ და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამილა ბარკალაიამ. ასევე  - საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ, პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ნიკო თათულაშვილმა და საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვლადიმერ კახაძემ.

მოწვეულ სტუმრებს ოჯახში ძალადობის ან/და ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლისათვის გასაცემი სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის პროექტი, დეტალურად, გააცნო სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსმა, ირმა ალადაშვილმა, ხოლო მსხვერპლებისთვის კომპენსაციის გაცემის საერთაშორისო გამოცდილება, სტანდარტი და საუკეთესო პრაქტიკა მიმოიხილა გაეროს ქალთა ორგანიზაციის კონსულტანტმა, ირინა ლორთქიფანიძემ.

საქართველომ 2017 წელს მოახდინა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბულის კონვენციის) რატიფიცირება. კონვენციის 30-ე მუხლში მოყვანილი ვალდებულებები ასახულია საქართველოს ეროვნულ კანონმდებლობაში.

„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-11 პუნქტის მიხედვით, საქართველოს მთავრობამ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარდგინებით, 2023 წლის 1 იანვრამდე, უნდა დაამტკიცოს მსხვერპლისთვის გასაცემი კომპენსაციის ოდენობა და მისი გაცემის წესი.

შეხვედრა ინტერაქტიურ რეჟიმში წარიმართა. მონაწილეებმა დასვეს შეკითხვები და გამოთქვეს მოსაზრებები მათთვის აქტუალურ საკითხებზე, რაზეც ამომწურავი პასუხები მიიღეს. ჯანდაცვის სამინისტრო, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად, მზად არის მომავალშიც გააგრძელოს სახელმწიფო უწყებებთან და ყველა ქალთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან ღია და ნაყოფიერი თანამშრომლობა.