2018-04-25

26 აპრილს „სოლიდარობის ფონდი“   საქველმოქმედო აუქციონს მართავს.

ონკოლოგიის დიაგნოზის მქონე ბავშვების და 22 წლამდე ახალგაზრდების დასახმარებლად ხელოვანები და ყველასთვის ნაცნობი სახეები გაერთიანდნენ.

საღამოზე წარმოდგენილი იქნება 36 ლოტი. აქედან 27 ნამუშევარი საქართველოში მოღვაწე ცნობილ  მხატვრებს ეკუთვნის, საქველმოქმედო აუქციონზე ასევე გაიყიდება ყველასთვის საყვარელი პერსონების პირადი ნივთები: გურამ დოჩანაშვილის ხელნაწერი, ვერიკო ანჯაფარიძის ყელსაბამი, ნონა გაფრინდაშვილის ჭადრაკის დაფა, ნინო ანანიაშვილის პუანტები, ზაზა ფაჩულიას მაისური ხელმოწერით და საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ბურთი ავტოგრაფებით.

საქველმოქმედო საღამოზე „სოლიდარობის ფონდი“ გამოავლენს იმ კომპანიებს, რომელთაც ონლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების და 22 წლამდე ახალგაზრდების დასახმარებლად  2018 წლის განმავლობაში ყველაზე მეტი დონაცია განახორციელეს. ამასთან ფონდთან მუდმივად თანამშრომლობენ საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები, რომლებსაც ქველმოქედებაში წვლილი საკუთარი საქმიანობით შეაქვთ.   მათ   საღამოზე    ფონდი „სოლიდარობის ელჩის“ წოდებას მიანიჭებს.

სპეციალურად ამ დღისთვის რეჟისორმა ბასა ფოცხიშვილმა გადაიღო ვიდეო-რგოლი. კლიპის პრემიერა საქველმოქმედო აუქციონის ფარგლებში გაიმართება.

ღონისძიებას დაესწრებიან აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს, დიპლომატიური კორპუსის და კერძო სექტორის წარმომადგენლები. 

სოლიდარობის ფონდი 2014 წელს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შეიქმნა.  ფონდმა  დღემდე ონკოლოგიური დაავადებების მქონე 22 წლამდე 500-ზე მეტი  ბავშვისა და მოზარდის მკურნალობა და დიაგნოსტიკა დააფინანსა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე – საზღვარგარეთ.

სოლიდარობის ფონდის ამოქმედებიდან, საქართველოში, უსახსრობის გამო, სიმსივნით დაავადებული არც ერთი ბავშვი და ახალგაზრდა მკურნალობის შესაძლებლობის გარეშე არ დარჩენილა.  

საქველმოქმედო აუქციონი 26 აპრილს, 19 საათზე, ტექნოპარკში  გაიმართება.

ქველმოქმედება