2019-12-23

მე და ჩემი მომხმარებლები პოზიტიურები ვართ - ისინი ინკასავით ფერადები და ლაღები არიან. თითოეულ ქმნილებას მხოლოდ დადებითი ემოცია და სიკეთე მოაქვს. არ აქვს მნიშვნელობა, რა დოზით სჯერა ადამიანს მაგიის, ვარსკვლავების თუ ლეგენდების - ისინი ბოლოს ემოციებამდე, ღიმილამდე და პოზიტიურ განწყობამდე მოდის - ზუსტად ამ ყველაფრის ერთობლიობაა ინკა“.

„მშობელი“ აგრძელებს რუბრიკას სტარტაპი და დღეს, კიდევ ერთი, დედა-შვილის მცირე ბიზნესის შესახებ მოგიყვებათ.

გვანცა (ჯუდი) კორძახია - 29 წლის, 5 წლის შვილის მარტოხელა დედა. კომუნიკაციებისა და სოციალური მედიის მენეჯერი, ფოტორეპორტიორი, ბლოგერი, დიასახლისი და აწ უკვე 5 წლის „ინკას“ დამფუძნებელი.

„ინკას“ დაბადებასა და მის განვითარებაზე, თავად გვანცა მოგვიყვება.

რა არის „ინკა“ და როგორ გაჩნდა ის

5 წლის წინ ჩემს შვილთან ერთად დაიბადა ჩემი ხელნაკეთი აქსესუარების ბრენდი - ინკა. სიზმრისმჭერი მაშინ არ იყო ასეთი აქტუალური. გამოწერა მინდოდა, მაგრამ რომელიც მომეწონა, საკმაოდ ძვირი ღირდა. მეგობარმა მირჩია, რომ თვითონ მეცადა გაკეთება. შედეგის ნახვის შემდეგ კი მითხრა, რომ აუცილებლად უნდა დამეწყო შეკვეთების მიღება. დავიწყე ბრენდზე ფიქრი, დამზადდა ლოგო და ის ნელ-ნელა იქცა ხარისხის ნიშნად. თითოეული შეკვეთა ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის და ჩემი შვილისთვის. რაც გაიზარდა, უკვე ცდილობს მომეხმაროს და ხშირ შემთხვევაში ერთად ვაწყობთ დიზაინს, ერთად ვამაგრებთ ბუმბულებს, სამაჯურებს და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ პროდუქტი სპეციფიურია და ნებისმიერი კატეგორიის ადამიანი შეიძლება არ იყოს მისით დაინტერესებული, მე მაინც მყავს ჩემი მომხმარებელი, რომელიც მენდობა. ყველაზე რთული სწორედ ეს იყო - ნდობის მოპოვება, ადგილის დამკვირდება და კარგ ხარისხთან, ორიგინალურობასთან ასოცირება.

ინკა არის კარგი, გამორჩეული და განსხვავებული საჩუქარი როგორც მეგობრისთვის, ასევე საყვარელი ადამიანისთვის ან მომხმარებლებისათვის (რადგან დამზადება შესაძლებელია დამკვეთი კომპანიის ბრენდის ფერებში). ძალიან ორიგინალურია ნამუშევრებით დღესასწაულების, ქორწილების, საღამოების და წვეულებების გაფორმებაც. მქონდა შემთხვევები, როდესაც პატარძლებმა ფატა ინკას გვირგვინებით ჩაანაცვლეს და ეს ნამდვილად ბევრს ნიშნავს ჩემთვის - როცა ადამიანი თავის ყველაზე მნიშვნელოვან დღეს და ატრიბუტს შენ განდობს.

წარმატებისკენ მიმავალი გზა

მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით ყველაფერი თითქოს კარგად ჩანს, წარმატებისაკენ მიმავალი გზა საკმაოდ რთულია. განსაკუთრებით, თუ მარტოხელა დედა ხარ და თუ შემოსავალი ხშირად საარსებო მინიმუმსაც კი ვერ უახლოვდება. იმას ვერ ვიტყვი, რომ სამსახურებში, სადაც მიმუშავია ხელისშეწყობა არ მქონია, თუმცა მე მაქვს ვალდებულებები და ვცდილობ ერთდროულად ვიყო დედა, დიასახლისი, კარგი თანამშრომელი, ფინანსურად მყარი და სწრაფი ჩემს მომხმარებელთან. არ არის ადვილი, როდესაც ერთსა და იმავე დროს გიწევს აბსოლუტურად ყველაფერზე ფიქრი, თუმცა, მე ვთვლი, რომ ვარ ძლიერი და არ მჭირდება დამატებითი მხარი ნუგეშის საცემად. მიუხედავად იმისა, რომ არ არის ჩემი ყოველდღიურობა ადვილი, არის პატარა მიზეზები, რის გამოც ღირს ელოდო მეორე დღის გათენებას.

მიზანი

ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ჩემი შვილი ყოველთვის გვერდში მიდგას და ძალიან ჩართულია ჩემს თითოეულ საქმეში, განსაკთრებით, როგორც გითხარით - ინკას შექმნაში. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ეს ოჯახური - დედა-შვილის პატარა ბიზნესია, რომელსაც აუცილებლად სჭირდება გაძლიერება და გაფართოება, თუმცა ეს ფინანსებთანაა დაკავშირებული და სავარაუდოდ შორი, სამომავლო გეგმებია დახლის ან მაღაზიის ქონა.

რამდენად რთულია მარტოხელა დედობა

ყველაზე რთული ვალდებულებებია შვილის წინაშე. როცა მარტო ხარ, ბევრ რამეს არც გააკეთებ, ან სხვანაირად დაგეგმავ, როცა უკვე პატარა გყავს, გიწევს უამრავი "არა" უთხრა საკუთარ თავს, მითუმეტეს, როცა მხოლოდ შენზეა დამოკიდებული ფინანსური მხარე.

საზოგადების დამოკიდებულება

პრობლემა არ შემქმნია, თუნდაც სამსახურში ბავშვის გამო. ჩემ ირგვლივ ვინცაა, მათთვის უცხო არ არის მსგავსი სიტუაცია, მაგრამ უფროსი ასაკის ადამიანებისგან შესაბამისია დამოკიდებულებაც. მათთვის ქალმა ყველაფერი უნდა გააკეთოს ოჯახის გამო, უნდა მოითმინოს, აიტანოს და უკან დაიხიოს.

რჩება სხვებს

ვურჩევ, რომ არ გაჩერდნენ იმის მიუხედავად, რას იტყვის სხვა. აუცილებლად უნდა მოუსმინო საკუთარ სურვილებს და დაიცვან ის გადაწყვეტილება, რომელიც დამოუკიდებლად მიიღეს. მათ უნდა იცხოვრონ საკუთარი ცხოვრებით და არა სხვისი მოსაზრებებით.

 

 სპეციალაურად "მშობელისთვის"

 

 

სტარტაპი