2018-11-10

N-პერო - სამი ნინის შვილობილი ივენთ კომპანიაა, რომლის შექმნის იდეაც, ერთ-ერთი დამფუძნებლის ქორწილის დღეს გაჩნდა.

იდეა მალევე განახორციელეს და დღეს კომპანია შეკვეთებს უკვე აქტიურად იღებს.

„იდეა გაჩნდა ერთ-ერთი ორგანიზატორის ქორწილის დაგეგმვის პროცესში და მივხვდით რომ ეს საქმე მუდმივად უნდა გვეკეთებინა. მალევე კომპანიის პრეზენტაციაც მოვაწყეთ. მოგატყუებთ, რომ გითხრათ რომ შედეგი მეორე დღესვე დავდეთ. გვიწევდა და გვიწევს ძალიან ბევრი შრომა იმისთვის, რომ ჩვენი დამკვეთები კმაყოფილები დარჩნენ აბსოლუტურად ყველა დეტალით, საბედნიეროდ, ეს გამოგვდის კიდეც. N-პერო არის ივენთ კომპანია, რომელიც ორგანიზებას უწევს ქორწილებს, დაბადების დღეებს, ბანკეტებს,  ხელის თხოვნებს, კორპორატიულ საღამოებს და ნებისმიერი სხვა სახის წვეულებას“, - განუცხადა „მშობელს“ კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნინი აბრამიშვილმა.

ნინი აბრამიშვილი, ნინი ბასიაშვილი და ნინი გოლოშვილი - პროფესიით სამივე სხვა სფეროდანაა, მაგრამ დღეს თვლიან, რომ დამატებითი საქმე, უკვე ძირითად მიმართულებად ექცათ.

„თავიდან დამატებითი იყო, თუმცა ნელ-ნელა ძირითადი ხდება, გამომდინარე იქიდან რომ, შეკვეთების რაოდენობას არ ვუჩივით. თუმცა, რა თქმა უნდა, სამივეს ჩვენ ჩვენი პროფესია გვაქვს და ვმუშაობთ“.

თვლიან, რომ მიუხედავად სირთულეებისა, რომელიც ყველა საქმეს ახლავს, შრომის შედეგად, ყველაფერი კარგად წარიმართება.

„სირთულე ნებისმიერ საქმეშია, მარტივად არაფერი კეთდება, თუმცა ბევრი შრომისა და სწორი სტრატეგიის შედეგად ყველაფერი კარგად იქნება. ყოველ შემთხვევაში, ისეთი სირთულე არ მახსენდება, რომელიც ვერ დავძლიეთ. სამივე "დედა" ვართ. ერთნაირად ვინაწილებთ საქმეებს. მუდმივი თანხვედრაა ჩვენს შორის და ეს ძალიან მახარებს“.

 

სტარტაპი