2018-01-21

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, დამწყები მხატვრის, მარიამ მჭედლიშვილის პერსონალური გამოფენა გაიმართა. „მშობელი“ ახალგაზრდა მხატვარს დაუკავშირდა და ის თავად გვიამბობს თუ როდის აღმოაჩინა საკუთარ თავში ხატვის ნიჭი და როგორ მივიდა პერსონალურ გამოფენამდე.

- სალამი მარიამ, მოგვიყევი შენზე, ვინ არის მარიამ მჭედლიშვილი?

- „მარიამ მჭედლიშვილი არის ერთი ჩვეულებრივი ადამიანი, არაჩვეულებრივი ნამუშევრებით“, - ამას ვამბობ იმიტომ, რომ ხშირად, სწორედ ასე ახასიათებენ ჩემ ნამუშევრებს და შემოქმედებას. ყოველთვის ვცდილობ ვაკეთო ნებისმიერი საქმე სიყვარულით, სხვა შემთხვევაში ყველაფერს უნებურად ვანგრევ და ვლეწავ, ამიტომ ჯობს მარიამს ბევრი სიმშვიდე ვაჩუქოთ და არ შევუშალოთ ხელი არაფერში. ჯერ სულ შეყვარებული და გადარეული დავდივარ და რომ ვხატავ მაშინ უნდა ნახოთ როგორი შეყვარებული ვარ ნამუშევარს რომ ვასრულებ, ჩანაფიქრი რომ ზუსტად გადმოვიტანე ტილოზე, სასწაული ხდება შიგნიდან, უამრავი პეპლები, ჭიამაიები და ჩიტუნიები დაფრინავენ. ძალიან შემიტყუა და ბოლოს შემაყვარა ამ საქმემ თავი, მაგრამ ალბათ თავიდანვე მიყვარდა, თორემ ამდენი ხანი ვერ გავაგრძელებდი.

- რა ასაკიდან დაიწყე ხატვა?

- 2010 წელს ასე მარტივად და უნებურად მომინდა ხატვა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მანამდე ხაზიც არ მქონდა სწორად გავლებული, ამიტომ მოვიძიე ჩემს რაიონში, ახმეტაში ბესიკ მამიაურის სახელობის სამხატვრო სკოლა და გადავწყვიტე მისვლა. 2 თვიანი ჩემი მცდელობის მიუხედავად, ვერაფერს გავხდი, რადგან ეს ზომები და ფანქრით ზუსტი ფერების და დეტალების მიღება, ჩემთვის წარმოიდგენელი აღმოჩნდა, უფრო სწორად ერთ თვეზე მეტი ვიარე, ორი თვეც არა, ამიტომ გამოვედი. გარკვეული დროის შემდეგ მივხვდი რომ მომინდა ხატვა, შევიძინე შესაბამისი ფანქრები და გრაფიკაში დავიწყე მუშაობა, მაგრამ ხელით დავიწყე, რადგან ფანქრით უბრალოდ არ შემეძლო დეტალების გათვლა, ნებისყოფა არ მყოფნიდა. 18წლიდან დავიწყე ფანქრით გრაფიკაში „მაიმუნობა", 2013წლიდან კი ფერწერის სენი შემაყარა, საოცარია ზეთის საღებავებთან მუშაობა, სურნელი, ფუნჯი, მასტეხინი, პალიტრა, სრულ ჰარმონიულობას, სწორედ ეს ნივთები ქმნიან ჩემთვის. ოჯახში ყველას უკვირდა ჩემი ხატვის ამბავი და საიდან აქვსო ეს ნიჭიო და აღმოჩნდა რომ ჩემი დიდი ბებია, დედაჩემის ბებია, მარიამი ხატავდა საოცრად და ისიც თვითნასწავლი იყო, საბედნიეროდ, მიუხედავად იმისა, რომ წლებია გარდაცვლილია, ჩემი ბავშობის მეხსიერებაში მყარად არის დარჩენილი მისი არსებობა და სიყვარული.

- არსებობს ვინმე ან რამე, რაც შთაგონების წყარო გახდა?

- ზოგადად რომ ვთქვა, კონკრეტული ვინმე, რაღაც ან რაიმე მდგომარეობა მაძლევს ხატვის ძალას და შთაგონების წყაროდ მაქვს ქცეულითქო, მოვიტყუები, ამიტომ გულწრფელად გეტყვით, რომ პირველ რიგში საკუთარი თავია შთაგონება და შემდეგ შინაგანი განცდები თუ ემოციები. ასე უბრალოდ და მარტივად რომ ვთქვა რომ არა ზეთის საღებავები, ჩემს გონებაში ამდენი მდგომარეობის გადატანას ვერ შევძლებდი, გრაფიკა ძალიან მზღუდავდა და მის მიმართ და სხვათაშორის, გუაშის საღებავებთანაც რაღაც პროტესტის მსგავსი მიჩნდებოდა, ამიტომ გადავწყვიტე ჩემი მაქსიმალური დრო ფერწერისთვის დამეთმო და სრულად მიმეძღვნა საკუთარი თავი.

- როგორ მიხვედი პირველ პერსონალურ გამოფენამდე?

- ზუსტად ერთი წლის წინ ჩემმა მეგობარმა მაკა მჭედლიშვილმა მითხრა, მარიამ, დროა  პერსონალური გამოფენა გააკეთოო და მოკლედ გადამამისართა პირდაპირ პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში და ასე მოვხვდი ამ გაურკვევლობაში. ცხოვრებისეული გამოწვევა მივიღე და არ შევუშინდი. შეუძლებელი ყოფილა ამ საქმეს თავი დაანებო, მიუხედავად იმისა, რომ მუდამ მიტრიალებდა აზრები - ნეტავ ტყუილად ხომ არ ვხარჯავ დროს? - იქნებ ეს ჩემი გზა არ არის? - უბრალოდ დროის ხარჯვა ხომ არ არის და ეს არაფრის მომცემია ჩემთვის? და ა.შ. მაგრამ დავძლიე საკუთარი თავი და 15 იანვარს სწორედ ჩემს პირველ პერსონალურ გამოფენაზე აღმოვჩნდი მთავარი მოქმედი პირი ჩემი ნამუშევრების შემდეგ. შეიძლება რაღაც გარკვეული დრო მუზები წავიდნენ, მაგრამ უკვალოდ არაფერი იკარგება და ასეთი შემთხვევის შემდეგ ერთ კვირაში ხუთი ნამუშევარიც დამიხატავს. წარმოუდგენელია მის გარეშე, არ მომასვენებს შიგნიდან ის ხმა თუ ძალა, რაც მიბიძგებს ვხატო და ვხატო ბევრი.

- როგორია სამომავლო გეგმები?

- სამომავლოდ, შესაძლოა, აკადემიურ ხატვას შევეჭიდო, რადგან თვითნასწავლი მხატვარი ვარ, შესაძლოა, ეს საზღვრებს გარეთაც იყოს, უფრო ზუსტად კი იტალიაში. ვნახოთ, მომავალი რას გვიმზადებს.

- აპირებ თუ არა ძირითად პროფესიას დაუბრუნდე?

- ჩემი პროფესია - ჟურნალისტიკაა, ყველაზე ძვირფასი და საინტერესო პროფესიაა ჩემ ცხოვრებაში და ვინაიდან და რადგანაც ამხელა სიყვარული მაქვს მის მიმართ, დღესაც რომ დამიძახონ, დიდი სიამოვნებით გავაგრძელებდი ამ სფეროში მუშაობას, მაგრამ თუ გადავხედავ წინაპირობებს სად, როგორ და რანაირად ვმუშაობდი ჩემი პროფესიით, ჯერ-ჯერობით მაინც თავს შევიკავებდი და ჩემ ძალებს სრულად ხატვას მოვახმარდი.

- რას ურჩევ სხვებს?

- ამ გზამდე თუ მოვიდოდი ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რადგან ჩემთვის ჩუმად ვხატავდი, ახლა კი ყველამ მინდა ნახოს ჩემი ნამუშევრები. ერთადერთი ყველას შემიძლია ვურჩიო, რომ აკეთონ ის, რაც უყვართ და სწორად მიმართული ენერგია, ყოველგვის დიდ შედეგამდე მიგვიყვანს.

 

იხილეთ ფოტოალბომი 1

ფოტოალბომი 2

სტარტაპი